ბს-502-497(კ-11) 2 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2010წ. განცინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. დ-ე 13.08.1986წ. – 14.11.2005წ. მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. საქართველოს გენერალური პროკურორის 14.11.2005წ. ¹119 §6 ბრძანებით ი. დ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან საკუთარი ნებასურვილით, “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34.1 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 22.11.2005წ. ¹3064 ბრძანებით ი. დ-ე დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსად. ი. დ-ე 22.11.2005წ. – 26.03.2007წ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო ოპერატიული განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობა, სამსახურიდან გათავისუფლდა 26.03.07წ., პირადი განცხადების საფუძველზე, დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასი 912 ლარს შეადგენდა.
ი. დ-ე სახელმწიფო კომპენსაციას ითხოვს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის “ა” ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის, 16.1 მუხლის საფუძველზე. სოციალური მომსახურების ორგანოებმა უარი უთხრეს ი. დ-ს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 12.10.2010წ. გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის 21 პუქნტის თანახმად, “შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური”. ი. დ-ე გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო ოპერატიული განყოფილების მთავარი ინსპექციის თანამდებობიდან, კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული პირების წელთა ნამსახურობაში საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახურის დროის ჩათვლას. კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტი კონკრეტულად განსაზღვრავს, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური ჩაეთვლებათ მხოლოდ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.12.2010წ. განჩინებით ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტი შეიცავს დანაწესს იმის შესახებ, რომ შს ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს წელთა ნამსახურებაში ჩაეთვლებათ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური. აღნიშნული პუნქტი კონკრეტულად მიუთითებს თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური ამ კანონის მიზნებისათვის. პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან არ დასტურდება ი. დ-ის შს ორგანოებში სამსახური, მასზე ვერ გავრცელდება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. დ-ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორი თავის მოთხოვნას ამყარებს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახების წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 1-ლი, მე-2 მუხლების, მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებებზე. კასატორი აღნიშნავს, რომ პროკურატურის ორგანოებში მსახურობდა 19 წელი და 3 თვე, სამხედრო სამსახურში 1 წელი და 4 თვე, მთლიანობაში ნამსახურობის პერიოდი 20 წელს და 7 თვეს შეადგენს, სამსახურის ბოლო ადგილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო–ოპერატიული განყოფილების მთ. ინსპექტორის თანამდებობა, ამოწურული აქვს კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადა, გააჩნია იუსტიციის მრჩევლის სპეციალური და ვიცე პოლკოვნიკის სამხედრო წოდებები. კასატორი თვლის, რომ სასამართლო მოექცა მოპასუხის პოზიციის გავლენის ქვეშ და მოახდინა კანონის არასწორი განმარტება, გვერდი აუარა დავის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმას (მე-16 მუხლის 1-ელ პუქნტს) და გამოიყენა ნორმა (მე-16 მუხლის მე-21 პუნქტი), რომელსაც შემხებლობა არა აქვს დავასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტით კანონში შეტანილ იქნა დამატება, რომლის თანახმად შს ორგანოებიდან დათხოვნი პირებსაც პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში უნდა ჩათვლოდათ პროკურატურის ორგანოებში სამსახური. ხსენებულ დამატებას მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად არა აქვს კავშირი განსახილველ დავასთან, ვინაიდან სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს რომ ეთვლებათ პროკურატურის ორგანოებში სამსახური, ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად და ამომწურავადაა მოცემული კანონის მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტსა და მე-16 მუხლის პირველ პუნქტში. რომ არა მე-16 მუხლის 21 პუნქტი, მართლაც გაუგებარი იქნებოდა პროკურატურიდან გადასულ შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს საპენსიო ვადაში ჩაეთვლებოდათ თუ არა პროკურატურის ორგანოებში სამსახური, ე.ი. 21 პუნქტით აღმოფხვრილ იქნა საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც არსებობდა შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა მიმართ. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, მას ეხება მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი და არა 21 პუნქტი, ვინაიდან კასატორი არის სამხედრო სამსახურიდან და არა შს ორგანოებიდან დათხოვნილი პირი. ითხოვს სამხედრო და არა პოლიციელის პენსიას. კასატორი თვლის, რომ მის არგუმენტაციას ადასტურებს ის განმარტების ბარათი, რომელიც გაკეთდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ კანონპროექტზე, რომელიც შემდგომში იქნა მიღებული და რომლის შედეგად კანონის მე-16 მუხლს დაემატა 21 პუნქტი. კანონის არც ერთ ნორმაში არ წერია, რომ მხოლოდ შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს ჩაეთვლებათ სტაჟში პროკურატურის ორგანოებში სამსახური. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ გვერდი აუარა კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტზე მსჯელობას, არც ერთმა ინსტანციის სასამართლომ არ გასცა პასუხი კითხვას იმის შესახებ თუ რა საჭიროა მე-16 მუხლის 1-ელ პუნქტში პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობის ჩამონათვალში პროკურატურის ორგანოებში სამსახურის მითითება, უკეთუ პროკურატურის ორგანოებში სამსახური ჩაეთვლებათ მხოლოდ შს ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება მიიღო მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებზე, განჩინება არ შეიცავს სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს მათი უარყოფის შესახებ, შესაბამისად, სახეზეა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ ი. დ-მ პროკურატურის ორგანოებში იმსახურა 19 წელი და 3 თვე, საიდანაც გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულის შემდეგ, მუშაობა განაგრძო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სადაც მისმა ნამსახურების ვადამ შეადგინა 1 წელი და 4 თვე. ი. დ-ე პირადი განცხადების საფუძველზე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა 26.03.2007წ. ანუ ორივე სისტემაში მუშაობის სტაჟმა შეადგინა 20 წელი და 7 თვე.
მოსარჩელე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის 1-ელ ნაწილს, რამდენდაც იგი დათხოვნილი იყო სამხედრო სამსახურიდან, მანამდე მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში, რაც უნდა ჩათვლოდა წელთა ნამსახურობის სტაჟში. სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე ი. დ-ს უარი უთხრა იმ მოტივით, რომ პროკურატურაში მუშაობის შემდეგ მან სამსახური გააგრძელა თავდაცვის სამინისტროში და არა შინაგან საქმეთა ორგანოებში, რის გამოც წელთა ნამსახურობის სტაჟში არ ჩაეთვლებოდა პროკურატურაში მუშაობის პერიოდი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 16.21 მუხლით და მიუთითა, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ შინაგან საქმეთა ორგანოებში. ვინაიდან არ დასტურდებოდა ი. დ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახური, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოთხოვნის იმ ძირითად სამართლებრივ საფუძველზე, რომელზედაც უთითებდა მოსარჩელე, კერძოდ, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენების შესაძლებლობაზე. ორივე ინსტანციის სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ უმსჯელია სარჩელის სამართლებრივ საფუძველზე, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტი, სასამართლოს არ უმსჯელია თუ რატომ არ იყო შესაძლებელი მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე. კანონის 16.1 მუხლში მოცემულია იმ უწყებების ჩამონათვალი, რომლებშიც სამსახური პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონში 17.06.2005წ. კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, კანონის მე-16 მუხლს დაემატა 21 პუნქტი, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური. 17.06.05წ. კანონით შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ცვლილება იქნა შეტანილი აგრეთვე კანონის მე-16 მუხლის 1-ელ პუნქტში, რომლითაც დადგინდა პროკურატურის ორგანოებში სამსახურის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა. საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ შედგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ნოვაცია მიზნად ისახავდა პროკურატურის ორგანოების თანამშრომელთათვის სოციალური გარანტიების შექმნას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებიდან გაურკვეველია თუ რატომ არ ქმნის კანონის მე-16 მუხლის 1-ელ პუნქტში სხვა სამსახურებთან ერთად პროკურატურის ორგანოების მითითება მოსარჩელისათვის პროკურატურის ორგანოებში სამსახურის პერიოდის წელთა ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის საფუძველს, აღნიშნულს რატომ გამორიცხავს კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტის დანაწესი, რამდენად არის მე-16 მუხლის 21 პუნქტი შემხებლობაში სადავო სამართალურთიერთობასთან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა მოახდინოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის სისტემური შეფასება იმავე მუხლის სხვა პუნქტებთან, ასევე ამავე კანონის სხვა ნორმებთან მიმართებაში, რამდენადაც სამართლის ნორმა ლოგიკურ კავშირშია სხვა ნორმებთან, სამართლის ნორმები ქმნიან ერთიან სისტემას, შესაბამისად, ნორმის განმარტება უნდა მოხდეს სხვა ნორმებთან ურთიერთკავშირში და არა იზოლირებულად. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა მოახდინოს სადავო ურთიერთობასთან შემხებლობაში არსებული “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” კანონის ნორმების ურთიერთშეჯერება, მით უფრო, რომ კანონის 59.1 მუხლის თანახმად, პროკურატურის ორგანოების თანამშრომლებს წელთა ნამსახურობაში ეთვლებათ შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის პერიოდი.
ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე და მისი უარყოფის შესახებ განჩინებაში არ არის ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ კუთხით შეამოწმოს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე თავისთავად გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას იმსჯელოს მხარის მიერ წამოყენებულ ძირითად არგუმენტებზე, მოახდინოს მათი სათანადო სამართლებრივი შეფასება. სასამართლოს დაცვის უფლება გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. უკანასკნელი მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფას, განპირობებულია მხარის ინტერესით იცოდეს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძვლები, სახელმწიფოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილების მოტივაცია. სასამართლოს ვალდებულება მიუთითოს მიღებული გადაწყვეტილების მოტივები შესაძლოა გადაწყდეს მხოლოდ კონკრეტული საქმის გარემოებათა ჭრილში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელის არგუმენტები მოითხოვდნენ ზუსტ და გასაგებ პასუხს, თუ რატომ არ იყო შესაძლებელი ი. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება ხსენებული კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, გაურკვეველია სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მოტივი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ, მატერიალურ და პროცესუალურ წინამძღვრებს, განჩინება დაუსაბუთებელია, სააპელაციო პალატას არ უმსჯელია მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, საკასაციო სასამართლო საჭიროდ თვლის მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობას, მისთვის სამართლებრივი შეფასების მიცემას, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად ქმნის სააპელაციო სასამართლოს საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. საქმის ხელახალი განხილვისას მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა და მათი სამართლებრივი შეფასება შესაძლებელს შექმნის დავის კანონიერი გადაწყვეტის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2010წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.