საქმე ¹ბს-758-752(კ-11) 22 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ რ. ა-ი, წარმომადგენელი _ ფ. მ-ე (08.10.10წ. ¹101018424 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი _ ე. ო-ე (მინდობილობა 04.05.2011წ. ¹04/11856).
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისი _ დიდგორის სოციალური მომსახურების ცენტრი, წარმომადგენელი _ ნ. ფ-ი (მინდობილობა 20.10.11წ. ¹02/421).
დავის საგანი _ აადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2011წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისი-დიდგორის სოციალური მომსახურების ცენტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.07.10წ. ¹04/09-17021 გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხეებისათვის პენსიის აღდგენის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის ბავშვობიდან ინვალიდი, 2007 წლის მაისის ჩათვლით მას ყოველწლიურად უდგინდებოდა მე-3 ჯგუფის ინვალიდობის სტატუსი, რის შედეგადაც თავდაცვის ხაზით ღებულობდა პენსიას მარჩენალის გარდაცვალებისა და ინვალიდობის გამო. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დადგენილი აქვს ბავშვობიდან. ბოლოს წინა შემოწმება გაიარა 2006 წლის მაისის თვეში ერთი წლით 2007 წლის მაისამდე. მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა შემდგომი წლის სამედიცინო ექსპერტიზის გავლა, რის გამოც სახელმწიფო პენსია ამ პერიოდისათვის შეუწყდა. შემდეგი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა გაიარა 11.07.08წ. და დაენიშნა პენსია უვადოდ, ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის საფუძველზე, რომელიც 01.06.10წ. შეუწყდა. კასატორმა განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენოს პენსიის აღდგენის თაობაზე საიდანაც უარყოფითი პასუხი მიიღო. 06.08.10წ. რ. ა-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენოს და საქმის შესწავლა და პენსიის აღდგენა მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა 07.09.10წ. გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრდა 08.10.10წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საიდანაც მიიღო 20.10.10წ. პასუხი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ უნდა იქნას სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. პასუხი ჩაბარდა 21.10.10წ. შესაბამისად, სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა არ გაუშვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ. ა-ს 1977 წლიდან უდგინდებოდა ბავშვობიდან მე-3 ჯგუფის ინვალიდის სტატუსი თითო წლით, რის შედეგაც თავდაცვის ხაზით ღებულობდა მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიას. ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის უვადოდ დადგენამდე, 2008 წლის 1 მაისამდე, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მოსარჩელეს დადგენილი ჰქონდა 28.02.05წ., ერთი წლით, 2006 წლის 1 მარტამდე. ვინაიდან 2008 წლის მაისამდე მოსარჩელეს არ ჰქონდა დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, მასზე შეწყდა კომპენსაციის გაცემა მარჩენალის გარდაცვალების გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ სტატუსის ხელახალი დადგენის მიუხედავად ის ვერ მოიპოვებდა პენსიის მიღების უფლებას, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 23-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 23-ე მუხლმა გაითვალისწინა იმ პირთა უფლებები, რომლებსაც კანონის ამოქმედების დროისათვის ეძლეოდათ ზომიერი ხარისხის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია და გაუგრძელა მათ აღნიშნული უფლებები მორიგ გადამოწმებამდე. საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” 8.5 მუხლის თანახმად, მორიგი ექსპერტიზის შედეგად ზომიერი ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით განსაზღვრა წარმოადგენს ამ პირთათვის პენსიის შეწყვეტის საფუძველს. სზაკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის პერიოდში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მას მისცემდა მოთხოვნილი პენსიის აღდგენის შესაძლებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.11წ. განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.07.2010წ. ¹07/07-14509 ცნობის თანახმად, რ. ა-ს თავდაცვის სამინისტროს ხაზით დანიშნული კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემა შეუწყდა 2007 წლის მაისიდან ინვალიდობის ვადის გასვლის გამო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.07.20წ ¹04/09-14217 წერილით რ. ა-ს, მისივე განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებდა პენსიის დანიშვნას ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლი, როგორც გარდამავალი დებულების ნორმა, განმარტავდა იმ პენსიონერთა უფლებებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით და ადგენდა მხოლოდ მანამდე მოპოვებული უფლებების შემდგომი რეალიზაციის პირობებს. განცხადებაზე თანდართული ცნობების მიხედვით ირკვეოდა, რომ მას 1977 წლიდან უდგინდებოდა ბავშვობიდან მე-3 ჯგუფის ინვალიდის სტატუსი თითო წლით, რის შედეგადაც თავდაცვის ხაზით ღებულობდა მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიას ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის უვადოდ დადგენამდე _ 2008 წლის 1 მაისამდე. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ შშმპ სტატუსი დაუდგინდა 28.02.2005წ., ერთი წლით, 2006 წლის 01 მარტამდე. 2006 წლის იანვრიდან, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურების ხაზით ადრე დანიშნულ პენსიებს ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია და მათი გაცემა გაგრძელდა ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. უვადოდ შშმ პირის სტატუსის დადგენამდე მას 2006 წლის მარტიდან 2008 წლის მაისამდე შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი არ ჰქონდა, რის გამოც მარჩენალის გარდაცვალების გამო სახემწიფო კომპენსაცია შეუწყდა, ხოლო პენსიის მიღების უფლება, სტატუსის ხელახლა დადგენის მიუხედავად, ვერ მოიპოვებდა მოქმედი კანონიდან გამომდინარე. “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება კომპეტენტურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ენიშნებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ოდენობის პენსია. სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან.
სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რ. ა-ს თავდაცვის სამინისტროს ხაზით დანიშნული კომპენსაცია და საყოფაცხოვრებო სუბისიდიის გაცემა შეუწყდა 2007 წლის მაისიდან (ინვალიდობის ჯგუფის ვადის გასვლის გამო) და ახლიდან დაენიშნა 18.07.08წ. და მიიჩნია, რომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და ¹46/ნ ბრძანების 8.5 მუხლის შესაბამისად, მორიგი ექსპერეტიზის შედეგად ზომიერი ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით განსაზღვრა წარმოადგენდა მისთვის პენსიის შეწყვეტის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2010წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო იყენებს საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-8 მუხლის მე-5 პუნქტს, მაშინ როდესაც უნდა გამოიყენოს მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი. სასამართლო განმარტავს მითითებული ბრძანების 13-ე მუხლს, რომელიც მხოლოდ 8.5 მუხლის დანაწესია. სასამართლო ასევე მსჯელობს “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე, რომელიც მოცემულ შემთხვევას არ ეხება, ამასთან უთითებს 23.3 მუხლის დანაწესზე, რაც ეხება სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში 23-ე მუხლის შუა (მეორე დანაწესი) უნდა იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა, სასამართლო მსჯელობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა საფუძველი აღედგინა პენსია, რაც მცდარია, ვინაიდან რ. Aა-ს სტატუსი კი არ შეწყვეტია, არამედ შეუწყდა პენსიის მიღება, ხოლო პენსიის შეწყვეტის საფუძველი იყო გადამოწმების არგავლა, რაც შემდგომში აღდგება ახალი გადამოწმების შედეგად. თავისი მოსაზრების გასამყარაბლად კასატორი უთითებს საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-19 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტს და 20-ე მუხლის მე-2 ნაწილს.Yყოველივე ზემოააღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სახეზეა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით.
კასატორი არ ეთანხმება, სასამართლოს მითითებას, რომ რ. ა-ს 2006 წლის მარტიდან 2008 წლის მაისამდე შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი არ ჰქონდა. სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ რ. ა-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი დადგენილი ჰქონდა 2005 წლის 28 თებერვალს, 1 წლით, 2006 წლის მარტამდე. სასამართლომ მიუთითა, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, ძალოვანი ხაზით ადრე დანიშნულ პენსიას ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია, იმ კომპენსაციის გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდა ამ კანონის ამოქმედებამდე, რაც არასწორია. კასატორი აღნიშნავს, რომ მას ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი ბოლოს დაუდგენდა არა 2005 წელს, არამედ 2006 წლის მაისის თვეში 2007 წლის მაისამდე, რის შემდგომაც მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა შემდგომი წლის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლა, რის გამოც სახელმწიფო პენსია ამ პერიოდისათვის შეუწყდა, ხოლო 2008 წლის მაისიდან სოციალური მომსახურების სააგენტო უხდიდა პენსიას 2010 წლის 1 ივნისამდე.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოპასუხეების _ სააგენტოს და ძველი თბილისი-დიდგორის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კასატორის მიერ ამ მიმართებით წარდგენილი პრეტენზია საფუძვლიანია. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი რ. ა-ს დადგენილი ჰქონდა 2006 წლის 1 მარტამდე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ რ. ა-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დაუდგინდა 28.02.05წ., ერთი წლით, 2006 წლის 01 მარტამდე (ტ.2. ს.ფ.34). სასამართლომ მიუთითა, რომ 2006 წლის მარტიდან 2008 წლის მაისამდე რ. ა-ი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დადგენილი არ ჰქონია (ტ.2. ს.ფ.35), რის გამოც რ. ა-ს შეუწყდა მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაცია. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სტატუსის ხელახლა დადგენის მიუხედავად, რ.Aა-ი პენსიის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპენსიო საქმის მასალების თანახმად, რ.Aა-მა გაიარა შემოწმება 27.02.06წ. და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდა 2007 წლის 1 მარტამდე.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელე რ. ა-ი არის ბავშვობიდან ინვალიდი, 2007 წლის ჩათვლით მას ყოველწლიურად უდგინდებოდა მე-3 ჯგუფის ინვალიდის სტატუსი, რის შემდეგადაც თავდაცვის ხაზით ღებულობდა პენსიას მარჩენალის გარდაცვალების გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ასაკის გათვალისწინებით არასწორადაა საქმეზე დადგენილი მოსარჩელის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხაზით მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის მიღება. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალურის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით შესაძლებლობის შეზღუდვა მოსარჩელეს აძლევდა გარდაცვლილი სამხედრო პირის ოჯახის შრომისუუნარო წევრის კომპენსაციის და არა მარჩრნალის დაკარგვის გამო კომპენსაციის მიღების უფლებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. ა-ს ბავშობიდან დადგენილი ჰქონდა ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ასეთი სტატუსი მას 18 წლის ასაკის შემდგომ ჰქონდა მინიჭებული. ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის” შესახებ კანონის 10.3 მუხლის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ქმედუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა. შესაძლებლობის ზომიერად შეზღუდვის დროს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმება, მითითებული კანონის 12-ე მუხლის თანახმად, ხდება წელიწადში ერთხელ.Kამავე კანონის 15.4. მუხლის შესაბამისად, გამოუცხადებლობის შეთხვევაში პირს უჩერდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედება. 2007 წლის 1 იანვრიდან სხენებული კანონი ითვალისწინებდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენას მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებების და ფუნქციური დარღვევების შემთხვევაში (14-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი). აღნიშნულის საფუძველზე, 01.05.08წ. შემოწმების შედეგად რ. ა-ს დაუდგინდა ბავშვობიდან ზომიერი შესაძლებლობის შეზღუდვა უვადოდ. შესაბამისი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლის შემდგომ 11.07.08წ. რ. ა-ს დაენიშნა პენსია უვადოდ, რომელიც 2010 წლის ივლისში შეუწყდა. “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 17-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა იწვევს პენსიის შეწყვეტას, პენსიის გაცემის ამ საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში, პენსიის გაცემა განახლდება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემდეგ. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელეს 11.07.08წ. გადამოწმების შედეგად დაენიშნა მუდმივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი. საქმეზე არ არის დადგენილი, თუ რა სახის და ოდენობის კომპენსაცია დაენიშნა მოსარჩელეს მუდმივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის მინიჭების შემდეგ, რა სახის ანაზღაურებას იღებდა მოსარჩელე 2008 წლის 11 ივლისიდან, რომელიც 01.06.2010წ. შეუწყდა. სააპელაციო სასამართლოს მითითება “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის 36-ე და 37-ე მუხლებზე არ ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს, ვინაიდან არ არის დადგენილი, თუ რა სახის ანაზღაურებას იღებდა რ. ა-ი მუდმივი სტატუსის მინიჭების შემდეგ, მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების, პენსიის აღდგენის საფუძვლად უთითებდა არა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონს, არამედ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 23-ე მუხლს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, არის პენსიის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2006 წელს გატარდა შემოწმებაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით სარგებლობდა შემოწმებიდან ერთი წლის განმავლობაში, ამდენად, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლს, რომლის თანახმად ამ კანონის ამოქმედებამდე ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება კომპეტენტურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ენიშნებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ოდენობის პენსია. საგულისხმოა, რომ კანონის 23-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია (14.02.07წ. კანონით მუხლში შეტანილ ცვლილებამდე), ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი ჰქონდათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ითვალისწინებდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ავტომატურ მინიჭებას. აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 13.01.03წ. ¹1/ნ ბრძანებით დამტკიცებული “შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ” ინსტრუქციაში 27.02.07წ. ¹63/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა, რომ ბაშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად ენიჭებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (მე-10 მუხ.). ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის 16.5 მუხლის მიხედვით, ბავშობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” 23.12.05წ. საქართველოს კანონის 23-ე მუხლში ხსენებულ კანონში 14.12.07წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ ბავშვობიდან ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წლის შემდეგ ზომიერად გამოხატული შეძღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში ენიჭებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ოდენობის პენსია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. ა-ი ბავშვობიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რომელსაც 18 წლის შემდეგ დადგენილი აქვს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებობის სტატუსი, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” 23.12.05წ. კანონის ძალაში შესვლისათვის რ. ა-ი სარგებლობდა ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. ამდენად, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის და საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” მე-8 მუხლის ურთიერთკავშირში, სისტემურ განმარტებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტა მოითხოვდა არა მხოლოდ ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-8 მუხლის რომელიმე ცალკე ნაწილის, კერძოდ მე-5 პუნქტის, არამედ ხსენებული მუხლის ყველა ნაწილის ურთიერთკავშირში გააზრებას. სააპელაციო სასამართლო უარის თქმის საფუძვლად შემოიფარგლა მხოლოდ 8.5 მუხლზე მითითებით და არ უმსჯელია ხსენებული წესის 8.7 მუხლზე, რომელიც ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს შეეხება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, საჭიროა საქმის ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2010წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნ. სხირტლაძე/
მოსამართლეები: /ნ. ქადაგიძე/
/პ. სილაგაძე/