Facebook Twitter

ბს-962-955(კ-11) 24 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი _ ნ. გ-ი; წარმომადგენელი _ რ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მომსახურების ცენტრი; წარმომადგენელი _ ბ. ხ-ი; გ. თ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;

სარჩელის საგანი _ ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 22 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მომსახურების ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – ნ. გ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ნ. გ-ი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის მიმღებ სუბიექტს წარმოადგენდა, რომელსაც 2007 წლის აგვისტოდან დანიშნული ჰქონდა პენსია სტაჟის დანამატის გარეშე (38 ლარის ოდენობით). 2007 წლის დეკემბერიდან ნ. გ-ს დაენიშნა სტაჟის დანამატი ასაკობრივ პენსიაზე თვეში 10 ლარის ოდენობით, თუმცა 2009 წლის 1 აპრილიდან ქარელის მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ს საერთოდ შეუწყდა პენსია იმ საფუძვლით, რომ იგი მუშაობდა ქარელის რაიონის სოფელ ...ის ¹... ბაგა-ბაღში მნედ, რაც მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2008 წლის 23 მარტის ბრძანების შესაბამისად, ის პირები, ვისაც ზედმეტად ჰქონდათ აღებული პენსია, თავისუფლდებოდნენ დავალიანებისაგან 2008 წლის 1 აპრილამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ნ. გ-ისათვის მის მიერ ზედმეტად აღებული პენსიის თანხის (2008 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 1 აპრილამდე პერიოდის) - 975 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მომსახურების ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტმა მიუთითა, რომ მას 9 (ცხრა) თვის პენსია საერთოდ არ ჰქონდა აღებული, ხოლო 1 (ერთი) თვის პენსია უკან დააბრუნებინეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის სახით 75 ლართან ერთად 6850 ლარიც დააბრუნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქარელის მომსახურების ცენტრის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი _ ნ. გ-ი სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მას პენსია საერთოდ არ ჰქონდა მიღებული, ამასთან, 9 (ცხრა) თვის პენსიის გასავლის უწყისებზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. ნ. გ-ის განმარტებით, იგი არ ასრულებდა საჯარო უფლებამოსილებას, რადგან ბაგა-ბაღის მნედ მუშაობდა. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ 2010 წლის 8 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა ქარელის მომსახურების ცენტრს და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისი საკითხის გამოკვლევა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ მას პენსია საერთოდ არ ჰქონდა მიღებული და საპენსიო საქმეზე დაფიქსირებული ხელმოწერა (9 (ცხრა) თვის) მას არ ეკუთვნოდა, რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა ჩაინიშნა 2011 წლის 22 სექტემბერს 12:30 საათზე.

2011 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ქარელის მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა ბ. ხ-მა და გ. თ-მა, ნ. გ-ისათვის 10 (ათი) თვის პენსიის _ 813 ლარის დაკისრების ნაწილში უარი თქვეს სარჩელზე და აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. ხოლო ნ. გ-ის წარმომადგენელმა რ. კ-მა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების იმ ნაწილის გაუქმებაც მოითხოვა, რომლითაც სასამართლომ შეცდომით დააბრუნა 6850 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის სოციალური მომსახურების ცენტრის შუამდგომლობა ნ. გ-ისათვის 10 (ათი) თვის პენსიის _ 813 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელზე უარის თქმის თაობაზე და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნულ ნაწილში ქარელის მომსახურების ცენტრის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო ქარელის მომსახურების ცენტრის სარჩელზე ნ. გ-ისათვის დარჩენილი 2 (ორი) თვის პენსიის _ 162 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაციის (ამნისტიის) გამო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში, ისევე როგორც სამოქალაქო პროცესში, მხარეთა უფლება-მოვალეობები დაკავშირებულია დისპოზიციურობის პრინციპთან, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას თავად განკარგონ მათი მატერიალური და საპროცესო სამართლებრივი უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, სამოქალაქო სამართალწარმოების მსგავსად, მოსარჩელე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ და თვითონვე განსაზღვრავს დავის საგანს. დისპოზიციურობის პრინციპის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მხარეებს აქვთ უფლება საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით, უარი თქვან სარჩელზე ან ცნონ სარჩელი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მომსახურების ცენტრმა მოახდინა მისი საპროცესო უფლების რეალიზება და ნაწილობრივ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, მისი უარი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მომსახურების ცენტრის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ნ. გ-ისათვის 813 ლარის დაკისრების ნაწილში ქარელის მომსახურების ცენტრის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

რაც შეეხება ნ. გ-ისათვის დარჩენილი 2 (ორი) თვის პენსიის _ 162 ლარის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2011 წლის 11 ნოემბერს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე (ცვლილება ამოქმედდა 2011 წლის 16 ნოემბრიდან), რომლის თანახმად, აღნიშნული კანონის 241-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ლეგალიზაციას დაექვემდებაროს 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული პენსია და მასზე არ გავრცელდეს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება”.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით მოხდა ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაცია (ამნისტია), რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის კანონით დადგენილ საფუძველს წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქარელის მომსახურების ცენტრის სარჩელზე ნ. გ-ისათვის დარჩენილი 2 (ორი) თვის პენსიის _ 162 ლარის დაკისრების ნაწილში, დარიცხული პენსიის ლეგალიზაციის (ამნისტიის) გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე და განმარტავს, რომ, ვინაიდან მოცემული საქმე სოციალურ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, თ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 7 მარტს ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 75 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» და ,,ზ” ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მომსახურების ცენტრის შუამდგომლობა და შეწყდეს საქმის წარმოება ნ. გ-ისათვის 10 (ათი) თვის პენსიის _ 813 ლარის დაკისრების ნაწილში ქარელის მომსახურების ცენტრის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;

2. შეწყდეს საქმის წარმოება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მომსახურების ცენტრის სარჩელზე ნ. გ-ისათვის დარჩენილი 2 (ორი) თვის პენსიის _ 162 ლარის დაკისრების ნაწილში ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაციის (ამნისტიის) გამო;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ 2011 წლის 28 აპრილის განჩინება;

4. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება;

5. თ. გ-ს დაუბრუნდეს ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარზე 2011 წლის 7 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით;

6. მხარეებს განემარტოთ, რომ არ დაიშვება სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.