Facebook Twitter

ბს-1216-1202(კს-11) 22 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – გ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი – საპროცესო ვადის აღდგენა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 6.07.2011წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

29.03.2011წ. გ. ქ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა 9.09.2010წ. კრების ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება აქტის გამოცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2011წ. გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-მ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2011წ. განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო.

გ. ქ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს 28.04.2011წ. გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ფოსტის მეშვეობით 7.05.2011წ., სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა საპროცესო ვადის დარღვევის გარეშე 20.05.2011წ. განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვალა მოსარჩელე გ. ქ-ის ძმისათვის – მ. ქ-ისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან – 5 მაისიდან, რაც მოხდა მოსარჩელის თბილისში არყოფნის გამო. განმცხადებლის მოსაზრებით, საპროცესო ვადის დარღვეულად მიჩნევის პირობებში აღნიშნული გარემოება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, რის გამოც სსსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

მოცემული ადმინისტრაციული საქმე გ. ქ-ის განცხადებასთან ერთად განსახილველად გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში. საკასაციო სასამართლოს 20.06.2011წ. განჩინებით გ. ქ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 6.07.2011წ. განჩინებით გ. ქ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2011წ. გადაწყვეტილება გ. ქ-ის ძმას ჩაჰბარდა 5.05.2011წ. სააპელაციო საჩივარი გ. ქ-მ შეიტანა 20.05.2011წ., გასაჩივრების ვადის დარღვევით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მითითებული ნორმის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია გ. ქ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ქ-მ, რომელიც არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითა, რომ აპელანტს საპროცესო ვადა არ დაურღვევია, სააპელაციო საჩივარი შეიტანა ორი დღით ადრე. გ. ქ-ის წარმომადგენელმა მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი, ხოლო თუ ვადის ათვლა მოხდებოდა გ. ქ-ის ძმისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, რამაც გამოიწვია გაუგებრობა, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, საპატიოდ უნდა ჩაეთვალა აღნიშნული გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 6.07.2011წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2011წ. გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელე გ. ქ-სა და მის წარმომადგენელს უ. დ-ს. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაჰბარდა გ. ქ-ის ძმას მ. ქ-ს 5.05.2011წ., ხოლო გ. ქ-ის წარმომადგენელს უ. დ-ს – 7.05.2011წ.. გ. ქ-ისა და მისი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა 20.05.2011წ., სააპელაციო სასამართლოს 27.05.2011წ. განჩინებით განუხილველად დარჩა გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა გ. ქ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ, ასევე მართებულად მოახდინა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 2011 წლის 6 მაისიდან, მოსარჩელის ძმისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების თუ ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას. ამავე მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმა განსაზღვრავს სასამართლოს უფლებამოსილებას სასამართლო აქტი გადასცეს ან მხარეს ან მის წარმომადგენელს, როდესაც მხარე საქმეში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით და ერთ-ერთი მათგანისათვის ჩაბარების ფაქტი ითვლება ორივესათვის ჩაბარებად. სასამართლო აქტების ჩაბარების წესის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროსაც. სსსკ-ის 70.1 მუხლის შესაბამისად, მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებად ითვლება ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისათვის ჩაბარება. სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე მუხლის თანახმად, უწყების მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩააბაროს იგი ადრესატს. უწყების აღნიშნული პირისათვის ჩაბარება ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა მის ძმას 5.05.2011წ., შესაბამისად ამ მომენტიდან გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება ადრესატ გ. ქ-ისათვის. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მის წარმომადგენელს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა რა 7.05.2011წ. სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში, რამდენადაც სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, 5.05.2011წ. გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლებოდა გ. ქ-ის წარმომადგენლისათვისაც. შესაბამისად, ვადის ათვლა დაიწყო 6.05.2011წ. და არა მოგვიანებით წარმომადგენლისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით შეტანილად.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სსსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამავე კოდექსის 215.3 მუხლში მითითებული გარემოებები. სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა. აღნიშნული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, მითითებული ნორმის თანახმად, მისი გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე სახის დათქმას შეიცავს სსსკ-ის 59.4 მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა გ. ქ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ, რამდენადაც სახეზე არ იყო საპროცესო ვადის აღდგენის პროცესუალური წინაპირობა, განმცხადებელი ითხოვდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის აღდგენას, რაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად დაუშვებელია. მით უფრო, რომ კერძო საჩივრის ავტორი საპატიო მიზეზად უთითებს გ. ქ-ის თბილისში არყოფნას, კერძოდ, კერძო საჩივარზე დართული განცხადების თანახმად, რომელიც შედგენილია გ. ქ-ის მიერ, იგი 2.05.2011წ. წასული იყო კახეთში საოჯახო საქმესთან დაკავშირებით. თბილისში დაბრუნდა 8.05.2011წ., თბილისში არყოფნის პერიოდში ფოსტის მეშვეობით მის ძმას ჩაჰბარდა გადაწყვეტილების ასლი. გ. ქ-მ აღნიშნულის შესახებ იმავე დღესვე აცნობა მის წარმომადგენელს _ უ. დ-ს, რომელმაც განუცხადა, რომ შეადგენდა სააპელაციო საჩივარს. წარმომადგენელმა ასევე აცნობა მის მარწმუნებელს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მასაც ჰქონდა მიღებული წინა დღეს. აღნიშნულის შემდეგ, გ. ქ-მ ხელი მოაწერა სააპელაციო საჩივარს, რომელიც სასამართლოში შეტანილ იქნა 20.05.2011წ. სსსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო დააკმაყოფილებს განცხადებას საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამავე კოდექსის 215.3 მუხლში მითითებული გარემოებები. სსსკ-ის 215.3 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 369-ე მუხლის დათქმის არარსებობის პირობებშიც არ არსებობდა განცხადების გაზიარების პროცესუალური წინაპირობა, რამდენადაც განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, რომ 2011 წლის 8 მაისამდე გასული იყო თბილისიდან, არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით Aშეუძლებელს გახდიდა სააპელაციო საჩივრის შეტანას, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 19.05.2011წ., შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი იყო აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულება.

გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა გამოძიების ჩასატარებლად საქმის მასალების პროკურატურის ორგანოებისათვის გადაცემა, რაც ასევე ვერ იქნება გაზიარებული უსაფუძვლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის სსსკ-ის 137.5 მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 6.07.11წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.