ბს-1428-1410(კს-11) 24 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ები
მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის სააღსრულებო ბიურო; თ. შ-ე; ვ. ხ-ა
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 17 სექტემბერს ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ აჭარის სააღსრულებო ბიუროს, თ. შ-ისა და ვ. ხ-ს მიმართ.
მოსარჩელეებმა ვ. ხ-სათვის ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 28 ივნისის ¹02-06-531 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თ. შ-სა და ვ. ხ-ს შორის 2007 წლის 20 ივლისს დადებული ¹1-5814 იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თ. შ-სა და ვ. ხ-ს შორის 2008 წლის 27 თებერვალს დადებული ¹1-2209 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 6 ივნისის ¹02/09-01-365 მიმართვით დაყადაღებული ქონების (ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 127,9 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის) 4/5 ნაწილის ყადაღისაგან განთავისუფლება და ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 117,9 კვ.მ. საცხოვრებელ სახლზე ვ. ხ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ნაწილობრივ (4/5-ის ნაწილში მიწის ნაკვეთის _ 800 კვ.მ. მიწის ფართზე და 95 კვ.მ საცხოვრებელი ფართზე) გაუქმება მოითხოვეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინება ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების სარჩელის (ვ. ხ-სათვის უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 28 ივნისის ¹02-06-531 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 117,9 კვ.მ. საცხოვრებელ სახლზე ვ. ხ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ნაწილობრივ (4/5-ის ნაწილში მიწის ნაკვეთის _ 800 კვ.მ. მიწის ფართზე და 95 კვ.მ საცხოვრებელი ფართზე) გაუქმების ნაწილში) განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის ქვითარი და სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 5 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებდა მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან ოჯახის წევრს, რომელიც ვალდებული იყო გზავნილი დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვეოდა, რომ ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების სახელზე გაგზავნილი ხარვეზის შესახებ განჩინება 2011 წლის 14 ივლისს ჩაბარდა რ. შ-ს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა 2011 წლის 19 ივლისს იწურებოდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება თანდართული მასალით ფოსტას 2011 წლის 20 ივლისს ანუ ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ წარუდგინეს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ განცხადებაზე დართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით ირკვეოდა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იყო 2011 წლის 20 ივლისს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი მოთხოვნა ამ განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტების მხრიდან არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ებმა.
კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება 2011 წლის 14 ივლისს ჩაბარდა არა აპელანტ რუსუ. შ-ს, არამედ სოფელ ...ში მცხოვრებ სხვა რ. შ-ს, რასაც ადასტურებდა საფოსტო შეტყობინებაზე არსებული პიროვნების პირადი ნომერი ¹.... კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, რ. შ-ის მიერ გზავნილის აპელანტებისათვის გადაცემა 2011 წლის 19 ივლისს განხორციელდა, ხოლო აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მეორე დღეს _ 2011 წლის 20 ივლისს შეავსეს.
კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით მათ ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის სრული დაცვით შეავსეს, რის გამოც, არსებობდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის ქვითარი და სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზებად და აპელანტებს ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 5 დღე, მათთვის განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დადგენილად მიიჩნევს, რომ ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების სახელზე გაგზავნილი ხარვეზის შესახებ განჩინება 2011 წლის 14 ივლისს ჩაბარდა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მცხოვრებ რ. შ-ს, პირადი ნომრით ¹... (ს.ფ. 280-283).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში არსებულ _ აპელანტის რუსუ. შ-ის პირადობის მოწმობის ასლზე, რომლის თანახმად, რუსუ. შ-ის პირადი ნომერი არის ¹... (ს.ფ. 22; ს.ფ. 303). საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სოფელ ...ში მცხოვრები რ. შ-ე (პირადი ნომრით ¹...) ადასტურებს 2011 წლის 14 ივლისს მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინების ჩაბარების ფაქტს (ს.ფ. 304).
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, არ ჩაბარებიათ, ვინაიდან, აღნიშნული განჩინება შეცდომით ჩაბარდა არა აპელანტ რუსუ. შ-ს, არამედ რ. შ-ს, რომელიც აღნიშნულ საქმესთან არანაირ კავშირში არ იმყოფებოდა და ამასთან, არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს არ წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ხელახლა უნდა შეამოწმოს ირა., ირი., რუსუ. და რუსლ. შ-ების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ირი., ირა., რუსუ. და რუსლ. შ-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.