ბს-1429-1411(კს-11) 14 ნოემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “...ს” კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “...”-მ 2011 წლის 30 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2011 წლის 21 და 31 იანვრის მიწერილობების ბათილად ცნობა და 1998 წლის 6 ნოემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს “...ს” სარჩელი სამეგრელო, გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს “...ს” მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს – შპს “...ს” განესაზღვრა ვადა 5 (ხუთი) დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან, ვადის ათვლა იწყებოდა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით აპელანტისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების შინაარსის სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღიდან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს ანგარიშზე უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით და ხუთი დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა მისი დამადასტურებელი მტკიცებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული განჩინება 2011 წლის 22 ივლისს სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ეცნობა შპს “...ს” წარმომადგენელს ს. ჯ-ს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინებით შპს “...ს” სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს ს. ჯ-ს განჩინება კანონით დადგენილი წესით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ჩაჰბარდა 2011 წლის 21 ივლისს (ს.ფ. 125). შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო 2011 წლის 26 ივლისის ჩათვლით. აპელანტის წარმომადგენელს ს. ჯ-ს 2011 წლის 21 ივლისს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის თანაშემწის მიერ განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოსაფხვრელად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი პირის ვინაობა და საქმე რომელზეც გადახდილ იქნა ბაჟი. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შევსებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს “...ს” სააპელაციო საჩივარი დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...მ”, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობაზე, რაც არასწორია, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი მის მიერ გადახდილ იქნა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რომლის დასადასტურებლად წარმოადგინა სს “ლ-ის” 2011 წლის 26 ივლისის საგადახდო დავალება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით მათ ხარვეზის შესახებ განჩინება ტელეფონის საშუალებით ეცნობათ 2011 წლის 22 ივლისს. ხარვეზის შევსების ვადა იწურებოდა 2011 წლის 27 ივლისს, ხოლო აპელანტის მიერ ხარვეზი 2011 წლის 26 ივლისს იქნა შევსებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეს _ შპს “...ს” წარმომადგენელს ს. ჯ-ს, ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინება 2011 წლის 22 ივლისს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. საქმეში დაცულია 2011 წლის 22 ივლისის ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ აქტი, რომლითაც დასტურდება ს. ჯ-სათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინების ცნობების ფაქტი. აპელანტის წარმომადგენელს განემარტა, რომ ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა 5 (ხუთი) დღე, რომლის განმავლობაში მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, თუ ვის მიერაა გადახდილი ბაჟი და რომელ საქმეზე. ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის გადაცემის (სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღიდან) მომენტიდან (ს.ფ. 125), შესაბამისად, შპს “...სათვის” აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 23 ივლისს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2011 წლის 27 ივლისს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი, მაგრამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინების გამოტანის დროისათვის სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული _ სასამართლოსთვის არ იქნა წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებლელი ქვითარი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს “...ს” კერძო საჩივარზე დართული 2011 წლის 26 ივლისის საგადახდო დავალების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების არსებობას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ წარადგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მართებულად დატოვა შპს “...ს” სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით შპს “...ს” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც შპს “...ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.