ბს-1461-1443(კს-11) 9 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ც. ბ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინება;
დავის საგანი _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ც. ბ-მა მოპასუხის ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. თბილისში რიყის ტერიტორიაზე, ... მისამართზე ც. ბ-ის საკუთრებაში, დანგრევამდე არსებული 651 კვ.მ. შენობა-ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას; მიყენებული მატერიალური ზიანის 2 605 000 (ორიმილიონ ექვსას ხუთასი ათასი) აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის – 2007 წლის 1-ლი სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში და იურიდიული მომსახურების საფასურის 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურებას.
2008 წლის 3 ივნისს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ ითხოვდა ქ. თბილისში რიყის ტერიტორიაზე, ... მისამართზე ც. ბ-ის საკუთრებაში, დანგრევამდე არსებული 651 კვ.მ. შენობა-ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში - ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 24 იანვრის ¹2043 ბრძანებით (კორექტირებული) დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად აღდგენას; მიყენებული მატერიალური ზიანის 3 580 500 (სამიმილიონ ხუთასოთხმოციათას ხუთასი) აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის – 2007 წლის 1-ლი სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში, ასევე იურიდიული მომსახურების საფასურის დავის საგნის ღირებულების 2%-ის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა საჩივრის ავტორის გადახდისუუნარობა, რის საფუძველზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე მითითებით შუამდგომლობა სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინება ც. ბ-ს ჩაბარდა 2011 წლის 15 ივნისს (ტ. IV, ს.ფ. 7).
2011 წლის 21 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპელანტმა მიმართა ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით, რომლესაც ერთვოდა სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე განცხადებით იშუამდგომლა დარჩენილი სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადება გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინებით ც. ბ-ს უარი ეთქვა სახელწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გაუგრძელდა 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა 7 (შვიდი) დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2011 წლის 24 ივნისს (ტ. IV, ს.ფ. 16).
2011 წლის 28 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა დ. შ-მ და იშუამდგომლა სახელწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება 2011 წლის 15 ივლისამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინებით აპელანტის - ც. ბ-ის წარმომადგენელის დ. შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააპელაციო საჩივრის ავტორს ც. ბ-ს გაუგრძელდა 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა 5 (ხუთი) დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2011 წლის 2 ივლისს (ტ. IV, ს.ფ. 21).
2011 წლის 5 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტმა ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით, რომლესაც ერთვოდა სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 (ხუთასი) ლარის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე განცხადებით იშუამდგომლა დარჩენილი სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 2011 წლის 15 აგვისტომდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებითY ც. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ვინაიდან აპელანტმა არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ-მა.
კასატორი კერძო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისად უსაფუძვლოდ უთხრა უარი სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა აპელანტის გადახდისუუნარობა. ამასთან მას ნაწილობრივ გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი და დარჩენილი თანხის გადახდის გადავადებას ითხოვა მხოლოდ 2011 წლის 15 აგვისტომდე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი კერძო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ც. ბ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ც. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და აპელანტს მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა საჩივრის ავტორის გადახდისუუნარობა, რის საფუძველზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე მითითებით შუამდგომლობა სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ც. ბ-ის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, ასევე იშუამდგომლა სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. სააპელაციო სასამართლოს მიერ რამდენჯერმე იქნა გაგრძელებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა, ამასთან სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა სახელწიფო ბაჟის გადაწყვეტილების გამოტანამდე გადახდის გადავადების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეუმციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის სწორად გამოყენება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მხარის არსებით პროცესუალურ უფლებასთან – უზრუნველყოფილ იყოს ქონებრივ შესაძლებლობას მოკლებული მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარის ფინანსური მდგომარეობა და სახელმწიფი ბაჟის ოდენობა შეუმციროს ან მისი გადახდა სხვა დროისათვის გადაუვადოს მხარეს, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით დამაჯერებლად დაასაბუთებს თავს მძიმე ეკონომიკიურ მდგომარეობას, რისი გათვალისწინებითაც მას ობიექტურად არ შეუძლია აღნიშნული ხარჯების დაფარვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას საკუთარი მიხედულებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება მხარისათვის სახელმწიფი ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად და აპელანტს მიეცა შესაძლებლობა უზრუნველეყო სასამართლო მითითების შესრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო ამ შემთხვევაში მოქმედებდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მისი მხრიდან ადგილი არ აქვს მხარის საპროცესო უფლებების უსაფუძვლო შეზღუდვას, რამდენადაც, როგორც აღინიშნა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადა არაერთგზის იქნა გაგრძელებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს შესაბამის სამართლებრივ ნორმას, რომელიც სასამართლოს დააკისრებდა არაერთხელ გაგრძელებული საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების ვალდებულებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საპროცესო სამართლის ნორმებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ბ-ს უარი ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.