კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1468-1450(3კ-კს-უს-11) 24 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებაზე.
2004 წლის 20 სექტემბერს გორის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გორის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე ,,ტ-ის” შენობა-ნაგებობები დატვირთული იყო იპოთეკით სს ,,გ-ის” სასარგებლოდ (უფლებამონაცვლე სს ,,ვ-ა”); 1999 წლის 16 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ტექაღრიცხვის სამსახურში, ვინაიდან, საჯარო რეესტრის სამსახური ჩამოყალიბებული არ იყო. ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა ,,ტ-ის” შენობა-ნაგებობები იმ მდგომარეობაში, რომ ქონებაზე ბანკის იპოთეკა რეგისტრირებული არ იყო. შენობის ცნობა-დახასიათების გაცემისას, ტექაღრიცხვის სამსახურმა დაუშვა შეცდომა და მასში იპოთეკის შესახებ არ აღნიშნა. გორის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა შესწორების შეტანის მოთხოვნით მიმართა გორის სარეგისტრაციო სამსახურს, თუმცა, ამავე სამსახურის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹17 მიმართვით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹17 მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ,,ტ-ის” შენობაზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.
ამავე საქმეზე 2005 წლის 7 მარტს დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა სს ,,გ-მა” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, გ. გ-ის მემკვიდრეების: გ., ნა., ნო. გ-ების და სს ,,გ.გ-ს” მიმართ, ,,ტ-ის” შენობა-ნაგებობებზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განჩინებით გორის ტექაღრიცხვის სამსახურის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ., ნა., ნო. გ-ები და სს ,,გ.გ-ი”.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ე-ი.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ,,ტ-ის” შენობა-ნაგებობებზე სს ,,ვ-ს” პირველი რიგის იპოთეკარად დარეგისტრირება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ვ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, სს ,,გ-სა” და სს ,,გ.გ-ს” შორის 1999 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებისა და სს ,,გ-ის” უფლებამონაცვლე სს ,,ვ-ს” პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის განხორციელება საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში (ნაკვეთის წინა ნომერი 66.12.11.005) მდებარე უძრავ ქონებაზე _ ,,ტ-ის» შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი 66.12.11.007).
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ, მოეხდინა სს «გ-ის» უფლებამონაცვლე სს «ვ-ს» პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინებაზე 2010 წლის 7 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ., ნა. და ნო. გ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური, იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონებაზე წარმოშობილი იყო საგადასახადო გირავნობა (იპოთეკა).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გ., ნა. და ნო. გ-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინება და საქმე დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სს ,,ვ-ს’’ განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ, მოეხდინა სს «გ-ის» უფლებამონაცვლე სს «ვ-ს» პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე 2010 წლის 31 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და გ., ნა. და ნო. გ-ებმა.
2011 წლის 16 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და უარი თქვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა; კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით ნა., ნო. და გ. გ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში, ისევე როგორც სამოქალაქო პროცესში, მხარეთა უფლება-მოვალეობები დაკავშირებულია დისპოზიციურობის პრინციპთან, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას თავად განკარგონ მათი მატერიალური და საპროცესო სამართლებრივი უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, სამოქალაქო სამართალწარმოების მსგავსად, მოსარჩელე (კერძო საჩივრის ავტორი) თვითონ იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოში სარჩელის (კერძო საჩივრის) შეტანის შესახებ და თვითონვე განსაზღვრავს დავის საგანს. დისპოზიციურობის პრინციპის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მხარეებს აქვთ უფლება საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით, უარი თქვან სარჩელზე (კერძო საჩივარზე) ან ცნონ სარჩელი. ასევე მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, მხოლოდ მათ შეუძლიათ უარი თქვან გასაჩივრებაზე ან უკან გაითხოვონ უკვე წარდგენილი კერძო, სააპელაციო ან საკასაციო საჩივარი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. გ-ის კერძო საჩივარი წარმოდგენილი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებაზე, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოახდინა მისი საპროცესო უფლების რეალიზება და უარი თქვა კერძო საჩივარზე, ამასთან, მისი უარი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ როგორც სარჩელის (კერძო საჩივრის) წარდგენა, ისე მასზე უარის თქმა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მთლიანად მხარის უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, მხოლოდ ამ მხარეს ენიჭება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ი არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინება, რის გამოც აღნიშნული კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს გ. გ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.