Facebook Twitter

ბს-1487-1469(კს-11) 1 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ დ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო;

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 16 ნოემბერს დ. გ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ იძულებითი განაცდური ხელფასის გადაანგარიშებისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ხუთი თვის – 1537,85 ლარის ოდენობით აღსრულების თაობაზე (იხ. ტ. I; ს.ფ. 1-13).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე დ. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად იძულებითი განაცდური ხელფასის ხუთი თვის – 1537,85 ლარის ოდენობით აღსრულების თაობაზე შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო (იხ. ტ. I; ს.ფ. 120-125).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ იძულებითი განაცდური ხელფასის გადაანგარიშების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. ტ. I; ს.ფ. 113-119).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ტ. I; ს.ფ. 137-146).

საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ტ. I; ს.ფ. 134-136).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა დ. გ-ის მიმართ იძულებითი განაცდური ხელფასის ოდენობის გადაანგარიშება 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის იანვრამდე პერიოდში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. II; ს.ფ. 59-68).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2011 წლის 28 ივნისს დ. გ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამარტლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტება და დადგინდეს რა რაოდენობის თანხა უნდა იქნეს გადაანგარიშებული, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახური და აღმასრულებელი უარს აცხადებენ იძულებითი განაცდურის გადაანგარიძება მოახდინონ სასარჩელო მოთხოვნის – 1537 ლარის შესაბამისად (იხ. ტ. III; ს.ფ. 2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით დ. გ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება და იგი არ საჭიროებდა განმარტებას, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ქმედების განხორციელება-გადაანგარიშება დ. გ-ის მიმართ იძულებითი განაცდური ხელფასის ოდენობის 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის იანვრამდე პერიოდში.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტება იმგვარად, როგორც ამას განმცხადებელი ითხოვდა, ეს გამოიწვევდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეცვლას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნით დაუშვებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, სსიპ შემოსავლების სამსახური და აღმასრულებელი გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს მიიჩნევენ ბუნდოვანად და უარს აცხადებენ იძულებითი განაცდურის გადაანგარიშება მოახდინონ სასარჩელო მოთხოვნის – 1537,85 ლარის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება და საქმე გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის სწორი გაგება საჭიროებს თავად სასამართლო აქტის სტრუქტურისა და მისი შინაარსის გადმოცემის სამართლებრივი კულტურის სტანდარტის სწორ გაანალიზებას. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს. იგი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული, აგრეთვე, უნდა პასუხობდეს უფრო კონკრეტულ მოთხოვნებსაც, სასამართლო აქტი უნდა იყოს სრული, ამომწურავი. მისი შინაარსი ისე მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გამოირიცხოს სასამართლო დასკვნებისა და დადგენილების ორაზროვნება, ბუნდოვანება. დაუშვებელია დადგენილებითი ნაწილის ალტერნატიულობა (მაგ: “გადაეცეს ნივთი ან გადახდილ იქნეს მისი ღირებულება”), სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის დადგენა ემსახურება სასამართლო აქტის, როგორც აღსასრულებელი ოფიციალური დოკუმენტის, სიცხადეს, რათა აღმოიფხვრას მისი შინაარსის ბუნდოვანება. სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა დგება მაშინ, როცა გადაწყვეტილების შინააარსის გაურკვევლობა, ბუნდოვანება შეიძლება მისი აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს.

სსსკ-ის 262-ე მუხლის I ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობებს:

1. მხარის ან აღმასრულებლის განცხადება;

2. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული;

3. გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ უნდა იყოს გასული;

4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულებისა და აღსრულების ვადის გასვლის ფაქტის არსებობა გამორიცხავს განცხადების დაშვებას განსახილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური უფლებამოსილება – სამართლის ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე გულისხმობს სასამართლოს მოვალეობას კანონის ტექსტის ლოგიკური, პროგრესული და დინამიკური განმარტების თაობაზე.

კანონმდებელი სრულიად ლოგიკურად უკავშირებს გადაწყვეტილების განმარტებას მისი აღსრულების სტადიას და მის მიზნად სწორედ აღსრულების ხელშეწყობას მიიჩნევს, რამდენადაც გადაწყვეტილების განმარტების ფარგლები გულისხმობს, რომ განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს აღსრულებული გადაწყვეტილების სახეცვლილება, რაც ეწინააღმდეგება ერთ საქმეზე მრავალჯერადი მართლმსაჯულების განხორციელების დაუშვებლობის პრინციპს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ბუნდოვანობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა გადაიანგარიშოს დ. გ-ის მიმართ იძულებითი განაცდური ხელფასის ოდენობა 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის იანვრამდე პერიოდში, მაგრამ არ დგინდება გადაანგარიშება რომელი თანამდებობრივი სარგოდან უნდა მოხდეს (იხ. ტ. I, ს.ფ. 117).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და დაევალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლის გარეშე განმარტოს თუ რომელი თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება და საქმე გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.