ბს-1572-1551(კს-11) 14 ნოემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ქ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-მ 2011 წლის 11 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც რეაბილიტირებულად აღიარება და სამართალდამცავი ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ს სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ რეაბილიტირებულად აღიარებისა და ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღე, წარედგინა სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივარი, შევსებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება მ. ქ-ს გაეგზავნა 2011 წლის 6 სექტემბერს და 2011 წლის 7 სექტემბერს ჩაბარდა აპელანტის დედას ც. ქ-ს.
მ. ქ-მ 2011 წლის 13 სექტემბერს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 სექტემბრის განჩინება მ. ქ-სათვის გაგზავნილ იქნა საქმეში მითითებულ მისამართზე – სენაკი, ...ის ქ. ¹36 და ჩაბარდა ადრესატის დედას – ც. ქ-ს 2011 წლის 7 სექტემბერს. განცხადება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებულ სააპელაციო საჩივართან ერთად სასამართლოში შეტანილ იქნა 2011 წლის 13 სექტემბერს. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 სექტემბრის განჩინება ადრესატს 2011 წლის 7 სექტემბერს ჩაჰბარდა, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 8 სექტემბრიდან და 2011 წლის 12 სექტემბერს 24:00 საათზე ამოიწურა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში კერძოდ 2011 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით, აპელანტის მიერ არ იქნა შევსებული ხარვეზი, რაც მ. ქ-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-მ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ჩაბარების ვადის აღდგენა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, რომელსაც დაურთო სააპელაციო საჩივარი და სხვა დოკუმენტები. გარდა აღნიშნულისა განცხადებას ერთვოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 სექტემბრის განჩინების შემცველი კონვერტის ასლი, რომელზეც აღნიშნულია კონვერტის აპელანტის დედისათვის ჩაბარების თარიღი, კერძოდ 2011 წლის 8 სექტემბერი, რაც დამოწმებულია ჩამბარებლის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით, ნაცვლად განჩინებაში აღნიშნული თარიღისა – 2011 წლის 7 სექტემბრისა. კერძო საჩივრის ავტორმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა კონვერტის დედანი და აღნიშნა, რომ 5 დღიანი ვადა უნდა ათვლილიყო 2011 წლის 8 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 24:00 საათამდე, რა დრომდეც აპელანტის მიერ იქნა წარდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით წარედგინა სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწიეც არის საქმეში, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა რომ, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევში სააპეაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. აღნიშნული განჩინება მ. ქ-ს 2011 წლის 6 სექტემბერს გაეგზავნა და 2011 წლის 7 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაჰბარდა მ. ქ-ს დედას ც. ქ-ს. შპს “...” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ადრესატის ხელმოწერის გასწყვრივ გზავნილის ჩაბაების თარიღად მითითებულია 2011 წლის 7 სექტემბერი (ტ. II, ს.ფ. 6), რის გამოც სასამართლოს მიერ გაგზავნილი ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილის ადრესატის დედის – ც. ქ-სთვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად აპელანტისათვის განჩინებით განსაზღვრული ვადის ათვლის 2011 წლის 8 სექტემბერს დაწყების საფუძველს წარმოადგენდა, აღნიშნული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მ. ქ-სათვის ხარვეზის შევსების ვადა 2011 წლის 12 სექტემბერს 24 საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება სასამართლო შეტყობინების ც. ქ-სათვის 2011 წლის 8 სექტემბერს ჩაბარების შესახებ, რადგან მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო კერძო საჩივარზე დართული კონვერტი უტყუარად ვერ ადასტურებს 2011 წლის 5 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების 2011 წლის 8 სექტემბერს ც. ქ-სათვის ჩაბარების ფაქტს, რადგან აღნიშნულის საწინააღმდეგო დასტურდება შპს “...-ს” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათითა და შპს “...-ს” ელექტრონული ბაზის ამონაწერით (ტ. II, ს.ფ. 118), რომელშიც მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მ. ქ-სათვის გაგზავნილი ¹410 შეტყობინება კურიერმა ნ. ხ-მ 2011 წლის 7 სექტემბერს ჩააბარა ადრესატის დედას ც. ქ-ს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ქ-მ 2011 წლის 13 სექტემბერს ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარუდგინა სააპელაციო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, ვინაიდან მ. ქ-ს ხარვეზის გამოსწორების ვადა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად 2011 წლის 12 სექტემბერს 24:00 საათზე ამოეწურა, რომელიც არ ემთხვეოდა 61.2 მუხლით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეს და იყო ორშაბათი, რაც ადასტურებს, რომ მ. ქ-ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორების ვადის დარღვევის მოტივით მ. ქ-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც მ. ქ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ქ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.