Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1636-1610(კს-11) 24 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა დ. ჯ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.

2011 წლის 28 თებერვალს დ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით დ. ჯ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, გადაეგზავნა განსჯად _ მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

2011 წლის 1 აპრილს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის ¹882010955848-03; ¹882010955848-06 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დაბა გუდაურში მდებარე მიწის ნაკვეთის, სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით დ. ჯ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის ¹882010955848-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის საოქმო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ. ჯ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო დ. ჯ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დ. ჯ-ს გაეგზავნა ორ მისამართზე: ქ. თბილისში, ... ბინა ¹1-ში და ყაზბეგში, ... (ტ. II; ს.ფ. 7-8). საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი ქ. თბილისში, ... ¹1-ში 2011 წლის 21 ოქტომბერს ჩაბარდა დ. ჯ-ის შვილს თ. დ-ს (პირადი ¹...), ხოლო დაბა სტეფანწმინდაში გაგზავნილი საფოსტო გზავნილი 2011 წლის 28 ოქტომბერს ჩაბარდა თავად დ. ჯ-ს (პირადი ¹...).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს, ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს ან მხარის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების ასლი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინების ასლი დ. ჯ-ის შვილს _ თ. დ-ს 2011 წლის 21 ოქტომბერს ჩაბარდა (ტ. II, ს.ფ. 9).

საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ დ. ჯ-ის შვილი _ თ. დ-ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, უწყების ეგზემპლარზე ხელმოწერით თ. დ-მა იკისრა ვალდებულება, უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინების თ. დ-ისათვის ჩაბარება ადრესატისათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, კერძო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა 2011 წლის 21 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჯ-მა გაუშვა კერძო საჩივრის წარდგენის ვადა, ვინაიდან, კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადა მას 2011 წლის 2 ნოემბერს (ოთხშაბათს) ამოეწურა, ხოლო კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 9 ნოემბერს წარადგინა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა _ დ. ჯ-მა გაუშვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჯ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.