Facebook Twitter

განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ბ-2597-5(ბ-11) 28 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და გაუქმების შესახებ ა. მ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით; ხოლო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინების დანარჩენ ნაწილში დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

2011 წლის 17 ნოემბერს ა. მ-მ ზემოაღნიშნული განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც ა. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუქტის ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით. განცხადების ავტორმა განცხადებაში ასევე დააყენა სასამართლო შემადგენლობის აცილებისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ა. მ-ის განცხადების გაცნობისა და მითითებული განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე, რომლის თანახმად ა. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუქტის ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით; ხოლო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინების დანარჩენ ნაწილში დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

განმცხადებელი ა. მ-ე ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინების (იმ ნაწილის, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუქტის ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით) ბათილად ცნობასა და გაუქმებას უსაფუძვლობის, დაუსაბუთებლობისა და უკანონობის გამო.

საგულისხმოა, რომ განმცხადებელი განჩინების ბათილად ცნობას ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

აღნიშნული კოდექსის 422-ე მუხლით დადგენილია ის ამომწურავი ჩამონათვალი, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

ვინაიდან, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს მითითებას იმ საფუძველზე, რომლის გამოც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ა. მ-ის განცხადება დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე; მოცემული განჩინებით საკასაციო სასამართლოში საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა მხარის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე.

რაც შეეხება განცხადებაში დასმულ სასამართლო შემადგენლობის აცილების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის განცხადება აცილების შესახებ მოტივირებული უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოება დასრულებულია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ შუამდგომლობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.