Facebook Twitter

ბს-1468-1450(3კ-უს-11) 17 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 20 სექტემბერს გორის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გორის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე ,,...ის” შენობა-ნაგებობები დატვირთული იყო იპოთეკით სს ,,...ის” სასარგებლოდ (უფლებამონაცვლე სს ,,ვ...”); 1999 წლის 16 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ტექაღრიცხვის სამსახურში, ვინაიდან, საჯარო რეესტრის სამსახური ჩამოყალიბებული არ იყო. ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გი. გ-ს საკუთრებაში გადაეცა ,,...ის” შენობა-ნაგებობები იმ მდგომარეობაში, რომ ქონებაზე ბანკის იპოთეკა რეგისტრირებული არ იყო. შენობის ცნობა-დახასიათების გაცემისას, ტექაღრიცხვის სამსახურმა დაუშვა შეცდომა და მასში იპოთეკის შესახებ არ აღნიშნა. გორის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა შესწორების შეტანის მოთხოვნით მიმართა გორის სარეგისტრაციო სამსახურს, თუმცა, ამავე სამსახურის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹17 მიმართვით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹17 მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ,,...ის” შენობაზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.

ამავე საქმეზე 2005 წლის 7 მარტს დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა სს ,,...მა” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, გი. გ-ის მემკვიდრეების: გ., ნა., ნო. გ-ების და სს ,,გ-ის” მიმართ, ,,...ის” შენობა-ნაგებობებზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განჩინებით გორის ტექაღრიცხვის სამსახურის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ., ნა., ნო. გ-ები და სს ,,გ-ი”.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ე-ი.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ,,...ის” შენობა-ნაგებობებზე სს ,,ვ...ს” პირველი რიგის იპოთეკარად დარეგისტრირება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ვ...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, სს ,,...სა” და სს ,,გ-ს” შორის 1999 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებისა და სს ,,...ის” უფლებამონაცვლე სს ,,ვ...ს” პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის განხორციელება საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე _ ,,...ის” შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ, მოეხდინა სს “...ის” უფლებამონაცვლე სს “ვ...ს” პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინებაზე 2010 წლის 7 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ კერძო საჩივრით რამდენჯერმე გასაჩივრდა და საბოლოოდ, დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა _ გ. და ნა. გ-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური, იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონებაზე წარმოშობილი იყო საგადასახადო გირავნობა (იპოთეკა).

2011 წლის 17 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა გ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით გ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც არ გასაჩივრებულა.

2011 წლის 8 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა გ. გ-მა.

განცხადების ავტორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სს “ვ...ს” სახელზე რიცხულ გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სს “ვ...ს” მიერ აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისება არ განხორციელებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებით გ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებაზე იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინა გ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით გ. ე-ის, გ. და ნა. გ-ების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით გ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანს იმ საფრთხის თავიდან აცილება წარმოადგენდა, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით შეიძლება შექმნილიყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა იყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როგორც წესი, განცხადება სარჩელის უზუნველყოფის შესახებ, დაყენებულია მოსარჩელის მიერ იმ საფუძვლით, რომ შემდგომ, არ გაძნელდეს ან დაბრკოლება არ შეექმნეს საქმეზე (მის სარჩელზე) მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი _ გ. გ-ი ითხოვდა ყადაღის დადებას სს “ვ...ს” სახელზე რიცხულ გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, იმ პირობებში, როცა წინამდებარე დავაზე მოსარჩელე იყო თავად სს “ვ...”, ხოლო დავის საგანს წარმოადგენდა სადავო ქონებაზე პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-ის (მესამე პირის) საჩივარი მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ იყო საფუძველს მოკლებული და შესაბამისად, არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის (გ. გ-ის) მოთხოვნას _ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სს “ვ...ს” სახელზე რიცხულ გორის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელე არის ,,ვ...”, ხოლო გ. გ-ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო მიწვევის მესამე პირია, რომლის სამართლებრივი ინტერესიც თავისი არსით მოპასუხე მხარის ინტერესს შეესაბამება, რადგან მოცემულ საქმეზე დავის საგანს სწორედ გ., ნა. და ნო. გ-ების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სს ,,ვ...ს” პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სამოქალაქო-საპროცესო ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, იმ მიზნით, რომ მოხდეს მოპასუხის მიერ თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიზანს, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა. ამდენად, აღნიშნული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება მოსარჩელის მიმართ შეუძლებელია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. გ-ს, როგორც აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების და აღსრულების ღონისძიების გაუქმების შესახებ და არ წარუდგენია აღსრულების შეჩერებით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ იმ სავალდებულო მესამე პირის სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფას, რომლის სამართლებრივი ინტერესიც თავისი არსით მოპასუხე მხარის ინტერესს შეესაბამება, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის და 2011 წლის 14 ივლისის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.