631აპ. ქ. თბილისი
15 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების პ. ჭ-ას და ი. ნ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის განაჩენით:
1. ი. ნ-ლს, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიესაჯა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. პ. ჭ-ას, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიესაჯა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. მ. გ-ლს, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 181_ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და 236_ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიესაჯა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბრალდებო დასკვნით, მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:
ი. ნ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინაარმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი სისტემის და მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალებით. ი. ნ-ლი ამ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. 2004 წელს 10 სექტემბერს იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მის ახლობელს პ. ჭ-ას, მ. გ-ლს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს და ურთიერთშორის შეთანხმდნენ, რომ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. სამტრედიაში, ---ის ქუჩა ¹34-ში მდებარე “---ეს” და გაეტაცათ ინდმეწარმე პ. თ-ის კუთვნილი კომპიუტერები. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით. აღნიშნული განზრახვის და დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, პ. ჭ-უა დაუკავშირდა ი. ნ-ის მობილური ტელეფონით “---ში” მომუშავე პ. თ-ის შვილს, ლ. თ-ეს და შეუთანხმდა მასთან კომპიუტერების თამაშის თაობაზე, რის შემდეგ 11 სექტემბერს, ღამით პ. ჭ-უა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ხსენებულ კაფეში მივიდა და კომპიუტერებზე თამაში დაიწყო, რაც გაგრძელდა 2004 წლის 12 სექტემბრის დაახლოებით -- საათამდე. აღნიშნული დროისათვის ლ. თ-სთან ერთად იმყოფებოდა მისი ნაცნობი ი. ს-ეც. ამავე დროს, ი. ნ-ლი მ. გ-თან და გამოძიებით დაუდგენელ შეიარაღებულ პირთან ერთად, დაუდგენელი მარკის მანქანით მივიდნენ “---ის” მიმდებარე ტეროტორიაზე, საიდანაც ფეხით გაემართნენ კაფესაკენ, რა დროსაც მათთან წინასწარი შეთანხმებისამებრ პ. ჭ-ამ თითქოსდა გარეთ გასვლის მიზეზით, ი. ს-ის კაფეში შესასვლელი კარი გააღებინა, რის შემდეგ ი. ნ-ლი, მ. გ-თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად კაფეში შევიდა, სადაც ი. ს-ეს მიმართ იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ამ უკანასკნელს ე.წ. “სკოჩით” შეუკრეს ხელები, გაიყვანეს --- ოთახში, სადაც ლ. თ-ეს ეძინა, რომელიც გააღვიძეს და მასაც ე.წ “სკოჩით” შეუკრეს ხელ-ფეხი და აუკრეს პირი. თავდამსხმელებმა ი. ს-ძე და ლ. თ-ძე დააყენეს კედელთან, რის შემდეგ მართლსაწინაარმდეგოდ მიისაკუთრეს და ავტომობილში ჩატვირთეს “---ში” არსებული ლ. თ-ის მამის, პ. თ-ის 6 ცალი მონიტორი, ღირებული 600 ლარად, 4 ცალი პროცესორი, ღირებული 1448 ლარად, ლ. თ-ის კუთვნილი “სიმენსი”-ს მარკის მობილური ტელეფონი, ღირებული 80 ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
აღნიშნულის შემდეგ, ლ. თ-ემ, მიიჩნია, რომ ხსენებული ყაჩაღური თავდასხმა შესაძლებელია განხორციელებული ყოფილიყო ტელეფონის ნომრის მფლობელის მიერ, რომელიც მომხდარ შემთხვევამდე დაუკავშირდა და შეუთანხმდა კომპიუტერული თამაშის თაობაზე. მის მიერ დადგენილ იქნა, რომ მითითებული ტელეფონი ეკუთვნოდა ი. ნ-ლს. 2004 წლის 12 სექტემბერს, ლ. თ-ძე ამ უკანასკნელს ტელეფონით დაუკავშირდა, ესაუბრა მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით და გატაცებული ნივთების დაბრუნება მოითხოვა. აღნიშნული საუბრის შემდეგ, ი. ნ-ლი ზემოთ ხსენებულ თანამზრახველ პირებთან შეთანხმებით, 2004 წლის 14-15 სექტემბერს ტელეფონით დაუკავშირდა ლ. თ-ეს და გატაცებული ნივთების გამოსყიდვის მიზნით 2000 ა.შ.შ. დოლარის გადახდა მოსთხოვა, რაზედაც ლ. თ-სგან უარყოფით პასუხის მიღების შემდეგ, 300 აშშ დოლარის გადახდაზე და შეხვედრის ადგილზე შეთანხმდნენ. იმავე დღესვე, დაახლოებით 20 საათზე, ქ. სამტრედიაში, --- ტერიტორიაზე, ლ. თ-ემ და პ. თ-ემ, ი. ნ-ლს და მ. გ-ლს წაღებული ნივთების დაბრუნების სანაცვლოდ 300 აშშ დოლარი გადასცეს, რის შემდეგ, მათ მიუთითეს გატაცებული ნივთების გადამალვის ადგილი, კერძოდ ქ. სამტრედიაში, ---ის ქუჩაზე მდებარე ბინა, სადაც პ. და ლ. თ-ების მიერ, ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონის გარდა სხვა არსებული ყველა ნივთი ნახული და წამოღებული იქნა.
პ. ჭ-ამ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა -- ცალი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის ვაზნა, რომელიც მან მიიტანა მისი ბიძის, ნ. ჭ-ას საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. სამტრედია, ---ის ქუჩა ¹19-ში და შეინახა საწოლის ქვეშ, რომელზედაც იგი იწვა. 2004 წლის 19 ნოემბერს, სამტრედიის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლების მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ზემოაღნიშნული -- ცალი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის ვაზნა.
მ. გ-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ერთი ცალი ქარხნული წესით დამზადებული 200 გრამიანი ტროტილის --- კოჭი, რომელიც დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება ფეთქებად ნივთიერებას. აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერება მან მიიტანა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. სამტრედია, ---ის ქუჩა --/--ში, სადაც შეინახა ოთახში მდგარ კარადის ქვედა უჯრაში. 2004 წლის 18 ნოემბერს სამტრედიის შს რაიგანყოფილების პოლიციის მუშაკების მიერ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მისი საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში მდგარ კარადის ქვედა მარჯვენა უჯრიდან ამოღებული იქნა მის მიერ შენახული ზემოთხსენებული ფეთქებადი ნივთიერება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ნ-მა და მსჯავრდებულების პ. ჭ-ას და მ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ქ-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ, ი. ნ-ლი გამართლდა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ჭ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. გ-ლს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა მსჯავრდებულების პ. ჭ-ას და ი. ნ-ის მიერ. პ. ჭ-უა საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო ი. ნ-ლი – გამართლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ დაზარალებულების პ. თ-ის, ლ. თ-ის, ი. ს-ის, მოწმეების შ. ჯ-ას, ც. ფ-ის, ჟ. ჩ-ას, კ. ჭ-ის, ვ. ფ-ის ჩვენებებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ი. ნ-ის და პ. ჭ-ას მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულების ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლო.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულების ი. ნ-ის და პ. ჭ-ას სასიკეთოდ, კერძოდ:
სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და “გ” ქვეპუნქტებით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას შესაბამისად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის და ყაჩაღობისათვის სადგომში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და “ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და სადგომში უკანონო შეღწევით) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების ი. ნ-ის და პ. ჭ-ას დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და ,,გ" ქვეპუნქტებით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და “ბ” ქვეპუნქტებზე.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მ. გ-ლს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქმის მასალებით დადასტურებულია და სასამართლოს მისი ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. ამასთან განაჩენი მ. გ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით მ. გ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 181_ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და 236_ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და “გ” ქვეპუნქტებით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას შესაბამისად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის და ყაჩაღობისათვის სადგომში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და “ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და სადგომში უკანონო შეღწევით) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ლის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და ,,გ" ქვეპუნქტებით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და “ბ” ქვეპუნქტებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების ი. ნ-ის და პ. ჭ-ას საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
ი. ნ-ის, პ. ჭ-ას და მ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებზე.
სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის, მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.