ბს-396-393(კ-11) 22 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი/მ «მ. ტ-ის» განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 29 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი/მ “მ. ტ-მა” მოპასუხეების_სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ შედგენილი 2007 წლის 10 სექტემბრის ¹01556 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და 2007 წლის 24 სექტემბერს შედგენილი ¹081-143 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 23 სექტემბრის ¹081-413 საგადასახადო მოთხოვნისა და ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ ¹081-2354/14 369 შეტყობინების ბათილად ცნობას, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 19 ნოემბრის ¹4304 ბრძანებისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებით ი/მ ,,მ. ტ-ის” სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, 2007 წლის 10 სექტემბრის ¹01556 სამართალდარღვევის ოქმისა და 2007 წლის 24 სექტემბრის ¹081-143 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩვრით გაასაჩივრა ი/მ “მ. ტ-მა” ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი/მ “მ. ტ-ის” საკასაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 23 სექტემბრის ¹081-413 საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 19 ნოემბრის ¹4304 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება; მოპასუხეს_სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი/მ ,,მ. ტ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ “მ. ტ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახლი გადაწყვეტილება; ი/მ ,,მ. ტ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 11 იანვრის ბრძანება, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 19 ნოემბრის ¹4304 ბრძანება; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 23 სექტემბრის ¹081-413 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ ,,მ. ტ-ისათვის” 5000 ლარის დარიცხვის თაობაზე და აღნიშნული აქტით ი/მ ,,მ. ტ-ს” გადასახდელად განესაზღვრა 500 ლარი.
2011 წლის 20 ოქტომბერს ი/მ «მ. ტ-მა» განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საკასაციო სასამართლოს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ კი, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხის გადაწყვეტა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ი/მ “მ. ტ-ის” განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ “მ. ტ-ის” განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა)იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტება, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ)სასამართლომ, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითა გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორმა ინდ.მეწარმე «მ. ტ-მა» საკასაციო სასამართლოში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ “მ. ტ-ის” საკასაციო საჩივრი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 23 სექტემბრის ¹081-413 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ ,,მ. ტ-ისათვის” 5000 ლარის დარიცხვის თაობაზე და აღნიშნული აქტით ი/მ ,,მ. ტ-ს” გადასახდელად განესაზღვრა 500 ლარი.
ამდენად, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს საკასაციო საჩივარზე საკასაციო სასამართლოსათვის დადგენილ მინიმალურ ოდენობას (ისევე როგორც წინა ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი), რისი გათვალისწინებითაც, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მის მიერ გაღებული ხარჯების მეორე მხარისათვის დაკისრების ან მისთვის დაბრუნების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ “მ. ტ-ის” განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.