ბს-1275-1261(კ-11) 21 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) _ ლ. კ-ა, პ. უ-ი, ო. უ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველო, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოსა და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების მიმართ და მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ» 2010 წლის 7 ივლისს შედგენილი ¹472 მიმართვის, როგორც უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და 2010 წლის 9 აგვისტოს შედგენილი, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად აღკვეთის შესახებ ¹508 ოქმის ბათილად ცნობა.
მოსარჩელეების მტკიცებით, ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე 801,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით 24,40 კვ.მ. და მრავალწლიანი ნარგავებისაგან შემდგარი ქონება უკანონოდ მიისაკუთრა ქ. ბათუმის მერიამ, კერძოდ, 2010 წლის 2 ივლისს გაგზავნილ წერილი საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსის ი. მ-ის მიმართ, რომლითაც მერია ითხოვდა მის სახელზე ახლად დარეგისტრირებულ ქონებაზე ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის მიერ განხორციელებული ხელშეშლის აღკვეთას, რას შესასრულებლად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებას.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის - რ. ფ-ის მიერ 2010 წლის 7 ივლისს შედგენილ იქნა «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ გაფრთხილება ¹472» ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის მიმართ. ამავე ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2010 წლის 9 აგვისტოს შედგენილ იქნა «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი ¹508», რომლითაც უძრავი ქონება ჩაჰბარდა ახალ მესაკუთრეს - ქ. ბათუმის მერიას.
მოსარჩელეების მტკიცებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტები შედგენილი იყო უკანონოდ, ვინაიდან დოკუმენტის ბოლო გრაფაში გაფრთხილების მიმღების ვინაობა, ხწელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ინსპექტორ-გამომძიებელმა რ. ფ-მ ჩაწერა მაშინ, რომ არცერთი მოსარჩელე საქართველოში არ იმყოდფებოდა. ისინი ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში და ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ვერც გაფრთხილების წერილზე ხელმოწერას და ვერც გაფრთხილების დოკუმენტის ხელმოწერაზე განაცხადებდნენ უარს. ამდენად, გამომძიებლის მიერ არ იქნა შესრულებული «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ» საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნები.
მოსარჩელეების აღნიშვნით, მათ საჩივრით მიმართეს საქართველოს შსს აჭარის ა/რ შს მთავარ სამმართველოს, რომლისგანაც 2010 წლის 6 დეკემბრის წერილით უარი ეთქვათ სადავო აქტების ბათილად ცნობაზე იმ საფუძვლით, რომ არ იქნა დაცული გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. მოსარჩელეების მტკიცებით, მათ პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არსებობის შესახებ შეიტყვეს 2010 წლის 20 ოქტომბერს, როცა პოლიციის განყოფილებიდან მიიღეს მათი განცხადების პასუხი და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა, რომლებმაც მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და 2011 წლის 14 მარტის განჩინება; აპელანტებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი იყო და სადავოდ არ იყო გამხდარი, რომ ქ. ბათუმის მერიამ შ. ...ის ქუჩასა და ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს შორის საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბერის ¹921 ბრძანებულებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვა ამ მონაკვეთში არსებული 39 ერთეული კერძო პირთა საკუთრების, მათ შორის აპელანტების საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ესქპროპრიაციის უფლება.
დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის ¹3-25/10 გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებლად წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და აპელანტების საერთო საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე 801,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით - 24,40 კვ.მ. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ბათუმის მერიაზე. ასევე, დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიამ, როგორც ექსპროპრიატორმა, საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრესთან კომპენსაციის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწია.
შს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის რ. ფ-ის მიერ 2010 წლის 7 ივლისს მოსარჩელეების სახელზე გაგზავნილ იქნა წერილობითი გაფრთხილება «სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის ნებაყოფლობით შეწყვეტისა და მოძრავი ნივთების გატანის შესახებ». მოსარჩელეები ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში, რის გამოც წერილობითი გაფრთხილება პირდად არ ჩაჰბარებიათ. 2010 წლის 9 აგვისტოს შედგენილ იქნა «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი ¹508», რომლითაც უძრავი ქონება ჩაჰბარდა ახალ მესაკუთრეს - ქ. ბათუმის მერიას. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ალ. რ-მ მითითებული წერილობითი გაფრთხილება ჩაიბარა 2010 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო ამავე წლის 25 ოქტომბერს საჩივარი წარადგინა შსს აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოში უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ მიღებილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ გასული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით. აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესაბამისად, «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის «ფ» პუნქტის საფუძველზე პოლიციას, დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, უფლება აქვს პირის მიერ კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, უზრუნველყოს აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანებით დამტკიცებული «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი» განსაზღვრავს საკითრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესს, პროცედურებსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და მოვალეობებს.
დადგენილია, რომ შს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის რ. ფ-ის მიერ ქ. ბათუმის ადლიის დასახლებაში 2010 წლის 7 ივლისს ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის მიმართ შედგენილ იქნა «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ» გაფრთხილება ¹472, რომელიც მოსარჩელეებისათვის გადასაცემად წარედგინა დასახლება ...ში მდებარე, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული სახლის მომვლელ პირს, მოსარჩელე ლ. კ-ს დას – ა. კ-ს, რამდენადაც სახლის მესაკუთრეები ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში. ა. კ-მ მის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რაც დაფიქსირებულ იქნა ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების მიერ საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანებით დამტკიცებული, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით იქნა განხორციელებული საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ გაფრთხილების წერილის ჩაბარება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორებმა მოითხოვეს შემდეგი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა:
1. ა) 2010 წლის 7 ივლისს შედგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება ¹472;
ბ) 2010 წლის 9 აგვიტოს შედგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი ¹508;
2. გააუქმეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 მარტის განჩინება, რომლითაც უარყოფილ იქნა მათი შყამდგომლობა სასამართლო სხდომის ოქმზე შენიშვნების თაობაზე;
3. გააუქმეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინება, აპელანტებზე უაკნონოდ გადასახდელად სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის დაკისრების თაობაზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რითაც მოსარჩელეებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა, შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სულ 250 ლარი, გადასახდელად დააკისროთ ქ. ბათუმის მერიას კასატორების სასარგებლოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება; ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება, ხოლო ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 7 დღე (ტ. I, ს.ფ. 104-105 ადმინისტრაციული საქმე ¹3-545). ასევე დადგენილია, რომ აპელანტებმა საპროცესო ვადაში შეავსეს ხარვეზი და გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 112 ადმინისტრაციული საქმე ¹3-545). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის დამატებითი სარჩელი ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების 2010 წლის 7 ივლისის გაფრთხილების აქტისა და 2010 წლის 9 აგვისტოს შედგენილი «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე» ¹508 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ გამოიყო ცალკე წარმოებად და მას მიენიჭა ადმინისტრაციული საქმე ¹3-648/. Aამდენად, ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის მიერ სასარჩელო წარმოების დროს გადახდილ იქნა მხოლოდ ერთხელ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე @¹ბს-1351-1336(კ-11) (კ-ა) დაუბრუნდა მოსარჩელეებს. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საკასაციო სასამართლოს დავის საგანს არ წარმოადგენს ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის მიერ სასარჩელო წარმოების დროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 150 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ს.ფ. 187). ასევე, საკასაციო სასამართლოში კასატორების მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9-მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის «ა», «ბ», «გ» და «ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, სააპელაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და საკასაციო საჩივარზე 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებათან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა ხდება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც არეგულირებს უშუალოდ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემული დავა არის ქ. ბათუმის მერიის მიერ განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული დავა, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, კასატორები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მათ წარმომადგენელს ა. ნ-ს უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ასევე, ა. რ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 7 ოქტომბერს ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის წარმომადგენელს ა. ნ-ს უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ა. რ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 7 ოქტომბერს ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.