Facebook Twitter

ბს-1351-1336(კ-11) 21 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) _ ლ. კ-ა, პ. უ-ი, ო. უ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ქ. ბათუმის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. ბათუმის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, კერძოდ: 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 მარტის ¹882010499693 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე 801,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით 24,40 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., რეგისტრირებულ იქნა თვითმმართველოს ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად, საკადასტრო კოდი ...; 2. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბათილად ყოფილიყო ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: ა) თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის 2010 წლის 26 თებერვლის უკანონო განცხადება, შეტანილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში (რეგისტრაციის ¹882010499693), რაც საფუძველი გახდა ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საერთო საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე უძრავი ქონების ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ბათუმის მერიის სახელზე უკანონო რეგისტრაციისათვის; ბ) თვითმმართველოს ქალაქ ბათუმის მერიის მიერ 2010 წლის 2 ივლისს გაგზავნილი ¹25-04/2284 წერილი, საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსის მიმართ; 3. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. ბათუმის მერიის დავალდებულება, მოსარჩელეს გადასცეს: ა) ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საცხოვრებელ ბინაში არსებული ქონების აღწერის ოქმი (აქტი); ბ) ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საცხოვრებელ ბინაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი ყრმით, იესო ქრისტეთი ხელში; 4. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს შსს აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის - რ. ფ-ის მიერ შედგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: ა) 2010 წლის 7 ივლისს შედგენილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ გაფრთხილება ¹472»; ბ) 2010 წლის 9 აგვისტოს შედგენილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი ¹508»;

2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის დამატებითი სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-7 განყოფილების მიმართ, 2010 წლის 7 ივლისის გაფრთხილების აქტისა და 2010 წლის 9 აგვისტოს შედგენილი «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე ¹508 ოქმის» ბათილად ცნობის შესახებ და შედგა ცალკე ადმინისტრაციული საქმე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა, რომლებმაც მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათUმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება; სასამართლო ხარჯები დაეკისრათ აპელანტებს, რაც მათ გადაიხადეს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილი იყო და სადავოდ არ იყო გამხდარი, რომ ქ. ბათუმის მერიამ შ. ...ის ქუჩასა და ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს შორის საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვა ამ მონაკვეთში არსებული 39 ერთეული კერძო პირთა საკუთრების, მათ შორის აპელანტების საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ესქპროპრიაციის უფლება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ამისათვის ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ესქპროპრიატორი ქონების მესაკუთრეს წარუდგენს წინადადებას ქონების შეძენისა და ამ ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხმა არ შეიძლება იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები.

საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ექსპროპრიატორმა თავისი ხარჯებით, დამოუკიდებელი ექსპერტის შპს «ახვლედიანი აუდიტ კონსტალტინგის» დახმარებით შეაფასა აპელანტების საექსპროპრიაციო ქონება და განსაზღვრა კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემი სავარაუდო საკომპენსაციო თანხა, რამაც შეადგინა 69,016 ლარი, რის შემდეგაც დაიწყო მოლაპარაკება საექსპროპრიაციო ქონების შეთანხმების საფუძველზე გადაცემა. ამ მიზნით მხარეებს შორის რამდენჯერმე გაიმართა შეხვედრა, თუმცა შეთანხმება მაინც ვერ იქნა მიღწეული, რადგან აპელანტები არ ეთანხმებოდნენ ქონების შეფასებას, თვლიდნენ, რომ შეფასება არ შეესაბამებოდა ქონების საბაზრო ღირებულებას და მოითხოვეს 1 კვ. მ-ში 500 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული წინადადება ქ. ბათუმის მერიისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და შეთანხმება არ შედგა. აპელანტებს განემარტათ, რომ მერია იწყებდა ქონების ქსპროპრიაციას, ხოლო მათ უფლება ჰქონდათ საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის ან სანაცვლო ქონების მიღების მიზნით მიემართათ სასამართლოსათვის.

დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის ¹3-25/10 გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებლად წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და აპელანტების საერთო საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე 801,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით - 24,40 კვ.მ. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ბათუმის მერიაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყველა სათანადო ღონისძიების განხორციელების მიუხედავად, თუ ექსპროპრიატორმა საექსპროპრიაციო ქონება ვერ მიიღო შეთანხმების საფუძველზე, მას აქვს უფლება, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მიმართ დაიწყოს და განახორციელოს ექსპროპრიაცია. აღნიშნულ წესს ადგენს «აუცილებებლი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები შესრულებული იყო სრულად და ქ. ბათუმის მერიას სრული უფლება გააჩნდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით მოეთხოვა საექსპროპრიაციო ქონების საკუთრების უფლებით ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად აღრიცხვა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავდა მისგან გამომდინარე დავებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული საკუთრების კომპენსაციის ოდენობის და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევის კანონიერების თაობაზე. ამასთან, ქონების ჩამორთმევის თაობაზე დავა არ შეიძლებოდა განიხილებოდეს ექსპროპრიაციის კანონიერების შემოწმების საფუძვლად. ექსპროპრიაცია ხორციელდება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის და მისი დასაბუთების აუცილებელი და ამომწურავი კრიტერიუმის საზოგადოებრივი აუცილებლობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, უსაფუძვლო იყო აპელანტის მსჯელობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებული იყო, გადაეხადა მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამართალწარმოებისას გაწეულ ხარჯებში იგულისხმებოდა ამავე კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, მხარეს აღძრული ჰქონდა დავა ექსპროპრიაციის კანონიერების და ჩამორთმეული ქონების მერიის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, მოცემულ დავაზე არ ვრცელდებოდა ზემოაღნიშნული კანონით გასაზღვრული შეღავათები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

სააპელაციო პალატის მითითებით, ასევე უსაფუძვლო იყო აპელანტის არგუმენტები ქონების აღწერის აქტის და სახლში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატის მათთვის გადაცემაასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, გარდა აპელანტების ახსნა-განმარტებისა, მხარემ ვერ წარმოადგინა სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომ მითითებული ხატი და ქონების აღწერის აქტი იმყოფებოდა მოპასუხესთან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორებმა მოითხოვეს შემდეგი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა:

ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 მარტის უკანონო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ¹882010499693, რომლითაც ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე 801,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით 24,40 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., რეგისტრირებულ იქნა თვითმმართველოს ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად, საკადასტრო კოდი ...;

ბ) თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის 2010 წლის 26 თებერვლის უკანონო განცხადება, შეტანილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში (რეგისტრაციის ¹882010499693), რაც საფუძველი გახდა ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საერთო საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე უძრავი ქონების ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ბათუმის მერიის სახელზე უკანონო რეგისტრაციისათვის;

გ) თვითმმართველოს ქალაქ ბათუმის მერიის მიერ 2010 წლის 2 ივლისს გაგზავნილი ¹25-04/2284 წერილი, საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსის ი. მოწყობილის მიმართ;

2. კასატორებმა მოითხოვეს ქ. ბათუმის მერიის დავალდებულება, გადასცეს მათ : ა) ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საცხოვრებელ ბინაში არსებული ქონების აღწერის ოქმი (აქტი); ბ) ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საცხოვრებელ ბინაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი ყრმით, იესო ქრისტეთი ხელში;

3. გააუქმოთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საცხოვრებელ ბინაში არსებული ქონების აღწერის ოქმის ქ. ბათუმის მერიის მიერ მათზე გადაცემის შესახებ სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

4. გააუქმოთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებები მათზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების თაობაზე, აგრეთვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინება, რომლითაც დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა და აღნიშნული დააკისროთ ქ. ბათუმის მერიას მათ მიერ საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

5. გააუქმეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც საქმიდან უკანონოდ ცალკე წარმოებად გამოეყო სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შსს აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის - რ. ფ-ის მიერ შედგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: ა) 2010 წლის 7 ივლისს შედგენილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ გაფრთხილება ¹472»; ბ) 2010 წლის 9 აგვისტოს შედგენილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი ¹508»;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება; ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება, ხოლო ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 7 დღე (ტ. I, ს.ფ. 104-105). ასევე დადგენილია, რომ აპელანტებმა საპროცესო ვადაში შეავსეს ხარვეზი და გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 112). სააპელაციო სასამართლოში აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 150 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ტ. II, ს.ფ. 204). Aსევე, საკასაციო სასამართლოში კასატორების მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9-მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის «ა», «ბ», «გ» და «ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, სააპელაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და საკასაციო საჩივარზე 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებათან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა ხდება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც არეგულირებს უშუალოდ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემული დავა არის ქ. ბათუმის მერიის მიერ განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული დავა, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, კასატორები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ა. რ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 15 ნოემბერს ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარის ოდენობით და 2011 წლის 1 თებერვალს ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის ოდენობით. ასევე, ა. რ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 10 ოქტომბერს ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. ა. რ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 15 ნოემბერს ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი და 2011 წლის 1 თებერვალს ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი და მის მიერ 2011 წლის 10 ოქტომბერს ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.