ბს-1505-1484(კ-11) 22 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ბ-ის სარჩელისა გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების 2024,78 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-9).
სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა შესაგებლით სასარჩელო განცხადება არ ცნო ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 26-33).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე – სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის – ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე ასაღები ხელფასის _ 640,58 ლარის, 1999 წლის ხელზე ასაღები ხელფასის _ 524,40 ლარისა და 2003 წლის ხელზე ასაღები ხელფასის – 32,80 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი 2000 და 2003 წლების ულუფის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 42-47).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 51-60).
შემოსავლების სამსახურმა შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 75-82).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (იხ. ს.ფ. 84-89).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 2000 წლის ულუფის კომპენსაციის – 590 ლარისა და 2003 წლის – 59.00 ლარის დაკისრება (იხ. ს.ფ. 94-101).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 104-105).
სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინიადან სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული (იხ. ს.ფ. 109-116).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის 2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო 2003 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით ასკვნის, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის – ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი 2000 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების, კერძოდ ბ) ქვეპუნქტების თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ კასატორის _ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი 2003 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში დაუშვებელია, არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ნ. ბ-ის მიერ 2000 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში კომპეტენტურად იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, უზრუნველყოფილ იქნა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა იზიარებს კასატორის მითითებას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის არსებობასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი 2000 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ ექვემდებარება განხილვას, ხოლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ 2003 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი 2000 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
2. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი 2003 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
3. საკასაციო საჩივრის განხილვა საკასაციო სასამართლოში დაინიშნოს 2011 წლის 27 დეკემბერს, ზეპირი განხილვის გარეშე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.