ბს-1424-1406(კ-11) 26 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ქ. ბათუმის მერია; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ფ-მ (წარმომადგენელი ვ. ხ-ი, ა. თ-ე) 2010 წლის 24 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების- ქ. ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 3 აგვისტოს ¹882010721043 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის განცხადება და ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლება განეხორციელებინა სხვადასხვა მესაკუთრეთა და მათ შორის მოსარჩელის ქონების ექსპროპრიაცია, კერძოდ- გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის თანახმად მოპასუხე ქ. ბათუმის მერიას მიენიჭა უფლება განეხორციელებინა ნ. ფ-ს საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმი, დასახლება ...ში მდებარე 977 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 22.25.06.121) და მასზედ განლაგებული მრავალწლიანი ნარგავების ექსპროპრიაცია. 2010 წლის 04 თებერვალს ქ. ბათუმის მერიამ ნ. ფ-ს შეატყობინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება და თან მიაწოდა საექსპროპრიაციო ქონების შეფასება, რომლის თანახმადაც, შპს ,,...ის’’ მიერ შედგენილი შეფასების დასკვნით ...ში 1 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო ღირებულებამ შეადგინა 40 აშშ დოლარი, ანუ 67 ლარი, ხოლო მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების- 977 კვ.მ მიწის ღირებულებამ კი შეადგინა 65 459 ლარი, მასზედ გაშენებული ნარგავების- ხეხილის ღირებულებამ 4 497 ლარი, ანუ საექპროპრიაციო ქონების საერთო ღირებულებამ საერთო ჯამში სულ შეადგინა 69 956 ლარი. ქ. ბათუმის მერიამ ნ. ფ-ს კუთვნილი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით- 05.32.04.141, 2010 წლის 03 აგვისტოდან საჯარო რეესტრში აღრიცხა მის საკუთრებად.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიას ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე არ მიუღწევია მასთან საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებაზე შეთანხმებას, აღნიშნული კანონი კი მას არ ანიჭებდა პირდაპირ იმის უფლებას, რომ საექსპროპრიაციო ქონება კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვის გარეშე საჯარო რეესტრში აღერიცხა მის საკუთრებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინებით ნ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება; აპელანტს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება; ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება, ხოლო ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ ნ. ფ-სათვის სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ნ. ფ-ს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 07 (შვიდი) დღე (ს. ფ. 53-56). დადგენილია, რომ მოსარჩელემ საპროცესო ვადაში შეავსო ხარვეზი და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 100 (ასი) ლარის ოდენობით (ს.ფ 59-60). ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით ნ. ფ-ს სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 05 (ხუთი) დღე (ს.ფ. 200-202); აპელანტმა ვადაში შეავსო ხარვეზი და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ს.ფ. 208). ასევე, დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9-მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის «ა», «ბ», «გ» და «ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, სააპელაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და საკასაციო საჩივარზე 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა ხდება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც არეგულირებს უშუალოდ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემული დავა არის ქ. ბათუმის მერიის მიერ განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული დავა, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, კასატორი განთავისუფლებული არის სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დაშვებული სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ნ. ფ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 20 იანვარს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 (ასი) ლარის ოდენობით, 2011 წლის 30 მაისს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ასევე, ა. თ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 24 ოქტომბერს ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დაშვებული სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. ნ. ფ-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 20 იანვრის ¹85 საგადასახადო დავალებით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 (ასი) ლარის ოდენობით; ნ. ფ-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 30 მაისის ¹11 საგადასახადო დავალებით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ა. თ-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 24 ოქტომბრის ¹5028902260 საგადასახადო დავალებით ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.