Facebook Twitter

ბს-1434-1416 (კ-11) 14 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ., უ., ზ. და ა. ვ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 10 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ მ., უ., ზ. და ა. ვ-ების საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებულნი საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი ასევე არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას. მ., უ., ზ. და ა. ვ-ების საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა სამი პირი, კასატორი იყო ოთხი, ამასთან ცალსახად ვერ დგინდებოდა ხელისმომწერ პირთა ვინაობა.

აღნიშნული განჩინებით კასატორებს მ., უ., ზ. და ა. ვ-ებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულყოფილად შედგენილი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად რამდენი მხარეცაა საქმეში; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილებით იორკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება მ., უ., ზ. და ა. ვ-ებს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ...), რომელიც ზ. ვ-ს ჩაჰბარდა 2011 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო ა., უ. და მ. ვ-ებს კი ჩაბარდათ 2011 წლის 21 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით – ფ.119 (ს.ფ. 151-154). შესაბამისად, მათთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2011 წლის 21 ოქტომბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2011 წლის 25 ოქტომბერს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი, ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება კი ზ., მ., უ. და ა. ვ-ბმა ხელვაჩაურის საფოსტო განყოფილებას 2011 წლის 29 ოქტომბერს ჩააბარეს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ., უ., ზ. და ა. ვ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მ. ვ-ს 2011 წლის 27 ოქტომბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს მ., უ., ზ. და ა. ვ-ების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეათა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებაზე;

2. მ. ვ-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 27 ოქტომბრის ¹5029087537 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.