Facebook Twitter

¹- 292აპ 19 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან – გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ ი. ა-ის

ადვოკატ _ გ. ხ-ის

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ _ ლ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ. ბ-ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ლ. გ-სა და რეაბილიტირებულ ა. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001 წლის 28 ივნისს თბილისის შს --- სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ა. გ-ის მიმართ.

წინასწარი გამოძიების მიერ ა. გ-ლს 2001 წლის 31 ივლისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2003 წლის 27 იანვარს თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ბ. ს-ამ გამოიტანა დადგენილება ა. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და ამავე დადგენილებით მის მიმართ გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.

2003 წლის 17 ივნისს ა. გ-მა განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს რეაბილიტაციის, სისხლის სამართლის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ის განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. გ-ის მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მორალური ზიანის 15 000 ლარის ოდენობით გადახდა.

აღნიშნული დადგენილება კერძო სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ქ. თბილისის პროკურატურამ, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

აპელანტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციით, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შემცირდეს თანხის ოდენობა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

აპელანტი, ქ. თბილისის პროკურატურა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციით და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს დადგენილეიბს გაუქმება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილებაში და ა. გ-ლს მორალური ზიანი განესაზღვრა 7000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა მ. ბ-ემ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ და რეაბილიტირებულმა ა. გ-მა კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორი მ. ბ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციითაც, მაგრამ მიაჩნია, რომ ფულადი კომპენსაციით მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი მ. ბ-ძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმებასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციის გარეშე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, უარის თქმას რეაბილიტირებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან თანხის ოდენობის შემცირებას გონივრულ ფარგლებში.

რეაბილიტირებული ა. გ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინების, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილების უცვლელად დატოვებას, რადგან იგი სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად 18 თვე უკანონოდ იჯდა ციხეში, რამაც დიდი მორალური ზიანი მიაყენა.

საკასაციო პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს, აღნიშნა, რომ საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციითაც, მაგრამ მიაჩნია, რომ ფულადი კომპენსაციით მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. გ-ემ ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, უარის თქმა რეაბილიტირებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან თანხის ოდენობის შემცირება გონივრულ ფარგლებში.

რეაბილიტირებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ხ-მა მხარი დაუჭირა რეაბილიტირებულის კერძო საკასაციო საჩივარს და იმის გამო, რომ ა. გ-ლს სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად დიდი მორალური ზიანი მიადგა, ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინების, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილების უცვლელად დატოვება.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. ა-ემ მხარი დაუჭირა პროკურორ მ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, რომლითაც ა. გ-ლს მორალური ზიანი განესაზღვრა 7000 ლარის ოდენობით, რადგან მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა ა. გ-ის რეაბილიტაციის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

პალატის აზრით, დადასტურებულია, რომ თბილისის შს --- სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მიერ 2001 წლის 28 ივნისს აღძრული სისხლის სამართლის საქმე ა. გ-ის მიმართ შეწყდა 2003 წლის 27 იანვრის დადგენილებით საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის საფუძველია დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის (სისხლის სამართლის საქმის) შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვერც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ლ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარს რეაბილიტირებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან თანხის ოდენობის შემცირების შესახებ და ვერც თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ. ბ-ის მოთხოვნას ფულადი კომპენსაციის გარეშე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, რადგან, მართალია, საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები, მაგრამ ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციითაც.

პალატა ვერ გაიზიარებს რეაბილიტირებულ ა. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ, რადგან პალატას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა კანონიერი და დასაბუთებული განჩინება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დააკისრა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ა. გ-სათვის 7 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ. ბ-ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ლევან გვენეტაძისა და რეაბილიტირებულ ა. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინება ა. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.