ბს-1439-1421(კ-კს-უს-11) 28 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელეები) _ 1. მ. მ-ი, 2.ნ. მ-ი; 3. გ. შ-ი; 4. რ. მ-ი; 5. თ. ტ-ე; 6. ლ. ც-ე; 7. ნ. ც-ე; 8. ნ. დ-ი; 9. ს. ლ-ი; 10. გ. ხ-ი; 11. თ. მ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მესამე პირები _ ლ. ბ-ი (აწ. გარდაცვლილი ნ. ბ-ის უფლებამონაცვლე); გ. გ-ე;
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთიაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-მა, ნ. მ-მა, გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ტ. ქ-მ, თ. ა-მ, გ. ბ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, მ. გ-მ, ნ. ძ-მა, ს. ლ-მა, ა. გ-მ, ლ. ც-მ და გ. ხ-მა 2009 წლის 22 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის- აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹7 ოქმის, აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2008 წლის 14 იანვარს გაცემული ¹720ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ოქმის, ...ს ¹74-ში განთავსებული ¹1 სამუსიკო სკოლის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძვლისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის, აუქციონის გამოცხადების ბრძანებისა და 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის ოქმის დამტკიცების ბრძანების, როგორც საპრივატიზაციო დოკუმენტაციის შემადგენელი საბუთის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის და სხვების (სულ 16 მოსარჩელის) სარჩელის გამო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ აღძრულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ნ. ბ-ი, თ. მ-ი და გ. გ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ტ. ქ-ის, თ. არობელ.ს, გ. ბ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, მ. გ-ის, ნ. ძ-ის, ს. ლ-ის, ა. გ-ის, ლ. ც-ისა და გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო 2007 წლის 14 დეკემბრის ¹7 ოქმი, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 14 იანვრის ¹720ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნ. ბ-ისათვის ...ს ¹74-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის შესახებ ოქმი, ...ს ¹74-ში განთავსებული ¹1 სამუსიკო სკოლის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველი აუქციონის გამოცხადების ბრძანება და 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის ოქმის დამტკიცების ბრძანება ... ¹74-სა და ¹76-ს შორის არსებული გადასასვლელი გზის გასხვისებისა და ნ. ძ-ის საკუთრებაში არსებული 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა, ნ. მ-მა, გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, ნ. დ-იმ, ს. ლ-მა, გ. ხ-მა და თ. მ-მა, რომლებმაც სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე გ. გ-მ და ნ. ბ-მა (მესამე პირები), რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინებით აწ.გარდაცვლილი ნ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ. ბ-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. მ-მა, ნ. მ-მა, გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, ნ. დ-იმ, ს. ლ-მა, გ. ხ-მა და თ. მ-მა.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ლ. ბ-ის ცნობა ნ. ბ-ის უფლებამონაცვლედ არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან უცნობია ის მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო 8 თვის განმავლობაში პირის გარდაცვალების ფაქტის დამალვის შემდეგ მის უფლებამონაცვლის გამოცხადებას, იმ დროს როდესაც აღნიშნულზე მას არასოდეს არ განუცხადებია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ. მ-მა, ნ. მ-მა, გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, ნ. დ-იმ, ს. ლ-მა, გ. ხ-მა და თ. მ-მა კერძო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ის,
ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
მითითებული მუხლის მიხედვით, უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის უფლება და/ან მოვალეობა სადავოა ან იგი სასამართლოს გადაწყეტილებით არის დადგენილი, ამ შემთხვევაში წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცველობა. ამასთან საპროცესო უფლებამონაცველობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე, მაგ: მისი გარდაცვალების, იურიდიული პირის რეორგანიზაციის და სხვათა გამო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის და სხვათა მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹7 ოქმის, აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2008 წლის
14 იანვარს გაცემული ¹720ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ოქმის, ...ს ¹74-ში განთავსებული ¹1 სამუსიკო სკოლის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძვლისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის, აუქციონის გამოცხადების ბრძანებისა და 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის ოქმის დამტკიცების ბრძანების, როგორც საპრივატიზაციო დოკუმენტაციის შემადგენელი საბუთის ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, იმის გათვალისწინებით, რომ ...ს ქ. ¹74-ში მდებარე ყოფილი ¹1 მუსიკალური სკოლის შენობა და მასზე მიმაგრებული 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების და მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹7 ოქმის საფუძველზე აუქციონში გამარჯვებულ პირს და უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ. ბ-ი,- ეს უკანასკნელი წინამდებარე საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმული იქნა მესამე პირად, რომელიც თავის მხრივ სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.
დადგენილია, რომ ნ. ბ-ის და გ. გ-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბერაიამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, განცხადებას თან დაურთო ნ. ბ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლი და სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ ლ. ბ-მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ მიიღო აწ. გარდაცვლილი ნ. ბ-ის სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები, აქციები) სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, სადაზღვევო თანხაზე-სადაზღვევო კომპანიიდან, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა არაპირდაპირი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელ ფარგლებში).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა თავისი არსით არის სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე მხარეთა შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლება-მოვალეობები გადავიდა. ამასთან ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ შეცვლა ხდება არა ყოველ შემთხვევაში და ნებისმიერი პირით, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა ზოგადად დასაშვებად
თვლის უფლებამონაცვლეობას. უფლებამონაცვლეობის დაშვება/არდაშვების საკითხი კი წესრიგდება შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის ნორმებით. აღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა ურთიერთკავშირშია როგორც სამოქალაქო კოდექსით, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებით (მაგ: ,,პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი) დადგენილი უფლებამონაცვლეობის მატერიალურ ნორმებთან.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხის გადასაწყვეტად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა სადავოდ ქცეული უფლება და/ან მოვალეობა წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის პირადი ხასიათის უფლებას, რომელიც უშუალოდ კრედიტორის მიერ უნდა იქნეს შესრულებული და რაც არ შეიძლება გადავიდეს სხვა პირზე (მაგ: პირადი ხასიათის უფლებას მიეკუთვნება ალიმენტი). ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ნ. ბ-ი წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლის გარდაცვალებით გახსნილი იქნა სამკვიდრო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სამკვიდრო მომენტისათვის.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვაში მონაწილე ნ. ბ-ის (მესამე პირი) გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლეობა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მატერიალური სამართლის ნორმებით დასაშვებია. შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინებით სწორად დაუშვა წინამდებარე საქმეში ლ. ბ-ი აწ. გარდაცვლილი ნ. ბ-ის უფლებამონაცვლედ.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათთვის უცნობია ის მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო 8 თვის განმავლობაში პირის გარდაცვალების ფაქტის დამალვის შემდეგ ლ. ბ-ის უფლებამონაცვლედ გამოცხადებას,- საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა ნ. ბ-ის და და გ. გ-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბერაიამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლიში საქმის განხილვისას წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ ნ. ბ-ი გარდაიცვალა, ამასთან განცხადებას თან დაურთოOნ. ბ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლი და ლ. ბ-ის მიერ აღებული სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნულ მტკიცებულებებს კი გაეცნო როგორც სასამართლო, ასევე თავად კერძო საჩივრის ავტორებიც და სასამართლომ განჩინება უფლებამონაცვლედ
ცნობის თაობაზე სწორედ დასახელებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საპროცესო და მატერიალური კოდექსით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით მიიღო. რაც შეეხება იმის მითითებას, რომ ლ. ბ-მა 8 თვის განმავლობაში დაუმალა სასამართლოს ნ. ბ-ის გარდაცვალების ფაქტი,_ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირის უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტისათვის არ წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, მით უფრო მაშინ, როდესაც მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერება და უფლებამონაცვლის დადგენა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ 279-ე მუხლი), ამასთან უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე (სსსკ 92-ე მუხლი). ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი შესაბამისი განჩინება აწ.გარდაცვლილი ნ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ლ. ბ-ის ცნობის თაობაზე მიიღო სწორედ მაშინ, როდესაც სასამართლოსათვის, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით ცნობილი გახდა ნ. ბ-ის გარდაცვალების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ უფლებამონაცვლეობის თაობაზე განცხადების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის კერძო საჩივარი არის დაუსაბუთებელი, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.