Facebook Twitter

ბს-1525-1504(კს-11) 29 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ი. ყ-ა

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 7 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. ყ-ს მიმართ და მოითხოვა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოპასუხისათვის ჯარიმის სახით – 27187,25 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 8156,18 ლარის, ზიანის სახით – 9644,24 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-9).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით საქმე გადაეგზავნა მოპასუხე მხარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უფლებამოსილ სასამართლოს _ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 36-39).

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ი. ყ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 27187,25 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 79-84).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 89-99).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის 14 დღიანი საპროცესო ვადის დაუცველობის გამო (იხ. ს.ფ 103-105).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაშვებობა იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში 2011 წლის 28 ივნისს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე, თავდაცვის სამინისტროს წარმოადგენდა დავით ღვინიაშვილი, რომელსაც მინდობილობის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ წარმომადგენლობის უფლებამოსილება და აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სპეციალურ აღნიშვნას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენელებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანას ვადა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თავდაცვის სამინისტროს აღნიშვნით, დასაბუთებული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტში ჩაბარდა 2011 წლის 14 ივლისს, საიდანაც უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა (იხ. ს.ფ. 111). თავდაცვის სამინისტრომ კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2011 წლის 28 ივლისს. რაც, თავდაცვის სამინისტროს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ შემთხვევაში სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ მინდობილობაში, რომელიც გაცემულია დავით ღვინიაშვილზე, აღნიშნულია, რომ მარწმუნებულს აქვს მინიჭებული ყველა უფლება, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98- ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სპეციალური უფლებამოსილებისა. (იხ. ს.ფ. 77).

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან გასული იყო საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადა, რის გამოც იგი დარჩა განუხილველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით _ 2011 წლის 28 ივნისს (იმავე დღეს გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ მინდობილობაში აღნიშნული იყო, რომ წარმომადგენელს არ ჰქონდა სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რათა სარწმუნოდ დაადგინოს, თუ როდის ჩაჰბარდა მხარეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. წარმომადგენლისათვის, რომელიც მარწმუნებლის მიერ სასამართლო აქტის გასაჩივრების კომპეტენციით არ არის აღჭურვილი, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღიდან საპროცესო ვადის ათვლა არ შეესაბამება მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას. საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება უშუალოდ მხარისათვის გადაეგზავნა, რომლის ჩაბარების თარიღის დადგენა განაპირობებს მისი გასაჩივრების ვადის დენის ათვლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.