ბს-1527-1506(კ-11) 22 დეკემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს “...ს” წარმომადგენილის გ. ფ-ს განცხადება სარჩელის უკან გამოხმობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “...მ” 22.07.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოპასუხეების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინებით შპს “...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება ან საკასაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...ის” საკასაციო საჩივარი.
შპს “...ის” წარმომადგენელმა გ. ფ-მ 2011 წლის 8 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად სასარჩელო განცხადების გამოხმობა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებების გაუქმება, სარჩელის განუხილველად დატოვება და მის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოსათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 (რვა ათასი) ლარის უკან დაბურნება მოითხოვა.
მოპასუხები სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2011 წლის 16 და 22 დეკემბრის წერილებით დაეთანხმნენ შპს “...ის” წარმომადგენლის გ. ფ-ს მოთხოვნას სარჩელის გამოხმობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა შპს “...ის” წარმომადგენლის გ. ფ-ს განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე განუხილველად დარჩეს შპს “...ის” სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ვინაიდან შპს “...ის” წარმომადგენელმა გ. ფ-მ მისთვის შპს “...ის” დირექტორის გ. კ-ის მიერ 2010 წლის 14 ივლისის ¹2 მინდობილობით _ 5 წლის ვადით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და მის აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხეები სსიპ შემოსავლების სამსახური 2011 წლის 19 დეკემბრის და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2011 წლის 22 დეკემბრის წერილებით დაეთანხმნენ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს “...ის” წარმომადგენლის გ. ფ-ს მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე აკმაყოფილებს ზემოღნიშნული ნორმების მოთხოვნებს, შპს “...ის” სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს მოსარჩელეს. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო ინსტანციაში საქმის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...ის” წარმომადგენლის გ. ფ-ს განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 აგვისტოს განჩინება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება;
3. შპს “...ის” სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
4. შპს “...ს” დაუბრუნდეს მის მიერ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) 2011 წლის 28 ოქტომბრის ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.