ბს-1530-1509(კს-11) 29 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რ. ვ-ა
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 9 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე რ. ვ-ს მიმართ და მოითხოვა, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოპასუხისათვის ჯარიმის სახით – 38947,33 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 11684,20 ლარისა და ზიანის სახით – 5820,22 ლარის ანაზღაურება. (იხ. ს.ფ. 1-9).
2011 წლის 9 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის ჯარიმის სახით – 38947,33 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 11684,20 ლარის, ზიანის სახით – 5820,22 ლარის და სანივთე დავალიანების თანხის სახით _ 200,80 ლარის გადახდა. (იხ. ს.ფ. 25)
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე რ. ვ-ს დაეკისრა ჯარიმის სახით _ 38947,33 ლარისა და სანივთე დავალიანების _ 200,80 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. (იხ. ს.ფ. 48-54).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 62-72).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის 14 დღიანი საპროცესო ვადის დაუცველობის გამო (იხ. ს.ფ 75-77).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო საპროცესო ვადის დაცვით (იხ. ს.ფ. 80-81).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაეგზავნა საპროცესო კანონით დადგენილი წესით 2011 წლის 7 ივლისს და ჩაბარდა სამინისტროს კანცელარიას 2011 წლის 8 ივლისს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2011 წლის 28 ივლისს (იხ. ს.ფ. 62-72). სააპელაციო საჩივარი შედგენილია 2011 წლის 25 ივლისს, რაც დასტურდება თარიღის აღნიშვნით და კორესპონდენციის გასავლის ნომრით საჩივრის მე-11 გვერდძე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა მხარეებს განემარტათ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ შეიცავს მითითებებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რაც შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი. კერძო საჩივარი ასევე არ შეიცავს დამადასტურებელ ფაქტებს, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მოხდა საპროცესო კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით 2011 წლის 22 ივლისის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია.
სააპელაციო საჩივარი წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში აპელანტმა შეიტანა 2011 წლის 28 ივლისს. (იხ. ს.ფ. 62-72).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველი. მითითებული მუხლის დებულებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.