გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3-ბს-55-252-კ-03 22 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე, გ. ქაჯაია
დავის საგანი: საკუთრების უფლების აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 16 მარტის გ. უ-ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ მახარაძის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 22 ივნისის ¹195 გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ბაზაზე შექმნილ გაზქურების, ელექტროდანადგარებისა და ოჯახური ხელსაწყოების შეკეთების კოოპერატივ «ც. ა.» შენობის ასაშენებლად მახარაძის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოეყო 48 კვ. მიწის ნაკვეთი შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით საქვაბე, დასავლეთით – საზოგადოებრივი ტუალეტი, ჩრდილოეთით-უსინათლოთა საზოგადოება, სამხერთით – ავტოსადგური. შედგა შენობის პროექტი, მაგრამ ავტოსადგურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, შენობა აშენდა არა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, არამედ ავტსადგურის შემომსაზღვრელი კაპიტალური ღობის საძირკველზე. 1992-1993 წლებში ავტოსადგური გადატანილ იქნა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაიხსნა საკოლმეურნეო ბაზარი, რის გამოც კოოპერატივმა შეცვალა მომსახურების სფერო და გადაკეთდა სასაუზმედ. 1995 წელს ავტოსადგურის ტერიტორიაზე შეწყდა ბაზრის ფუნქციონირება, რის გამოც კოოპერატივმაც შეაჩერა საქმიანობა. 1995 წელს შპს «მ.-...-მა» (დირექტორი გ. უ-ე) შეისყიდა აღნიშნული შენობა კოოპერატივ «ც. ა.» (დირექტორი გ. კ-ე), ჩაატარა შენობის კაპიტალური რემონტი და დაიწყო მუშაობა საზკვების სახით, რასაც ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ აღდგა ავტოსადგურის ფუნქციონირება და სს «ო. ს. ა.» დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად სს-ის ხელმძღვანელობას პრეტენზიები არ გააჩნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ავტოსადგურის შენობაშივე გაიხსნა სასადილო, მათ შპს «მ.-...»-ის ხელმძღვანელობას აუკრძალეს გარკვეული მენიუს მომზადება და რეალიზაცია. ამასთან, სს-ის წარმომადგენელთა აზრით, მიწის ნაკვეთი, რაზეც შპს «მ.-...»-ის შენობაა განთავსებული, სს-ის საკუთრებაა. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს – დაეკანონებინა მისთვის კანონით დადგენილი წესით გამოყოფილი 48 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მისი კუთვნილი შენობა იყო განლაგებული. ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ უარი უთხრა მოსარჩელეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სს «ო. ს. ა.» წარდგენილი სიტუაციური გეგმის მიხედვით «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად მოახდინა სამგზავრო ავტოსადგურის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში.
მოსარჩელემ მოითხოვა 1988 წელს შენობის ასაშენებლად გამოყოფილი 48 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის გამორიცხვა სს «ო. ს. ა. საკუთრებიდან და ამ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარება.
მოპასუხე ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს «ო. ს. ა.» ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული სიტუაციური გეგმის საფუძველზე «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლებით გადაეცა მათ მიერ შესყიდული ავტოსადგურის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთი, ვინაიდან სამმართველოსათვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ მაღაზიის შენობა ეკუთვნოდა შპს «მ.-...»-ს და ამ შენობის ასაშენებლად გამოყოფილი იყო მიწის ნაკვეთი.
სარჩელი არ ცნო არც სს «ო. ს. ა.», რომელიც სავალდებულო მესამე პირად იქნა ჩაბმული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ პროცესში და განმარტა, რომ სს ამ კანონით დადგენილი წესით შეიძინა ოზურგეთის ავტოსადგური და მოიპოვა საკუთრების უფლება ავტოსადგურის მიერ სარგებლობის უფლებით დაკავებულ ტერიტორიაზე, მათ შორის სადავო 48 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი სს-ის საკუთრებას წარმოადგენს. იგი არასოდეს არ ეკუთვნოდა შპს «მ.-...Q-ს, რომელიც არ არის კოოპერატივ «ც. ა.» სამართალმემკვიდრე და ამდენად, სარჩელი არასათანადო პირის მიერ არის შეტანილი და უსაფუძვლოა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს «მ.-...»-ის დირექტორის გ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე – ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის რაიონულ სამმართველოს დაევალა მესამე პირის – სს «ო. ს. ა.» საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთიდან შპს «მ.-....»-ის კუთვნილი შენობის მიერ დაკავებული სადავო 48 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ამორიცხვა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელის მიერ სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, მიწის მართვის სამმართველომ კანონით დადგენილი წესით უნდა გადასცეს საკუთრებაში შპს «მ. – ....»-ის სადავო მიწის ნაკვეთი და მოახდინოს მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. შესაბამისად ცვლილებები უნდა შევიდეს სს «ო. ს. ა.» მიწის საკუთრების საჯარო რეესტრში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ და სს «ო. ს. ა.».
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კოოპერატივ «ც. ა.» გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე აგებული შენობა ავტოსადგურის ტერიტორიის გარეთ მდებარეობს და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა ავტოსადგურის ტერიტორიაზეა მოთავსებული. საოლქო სასამართლოს მტკიცებით, 1998წ. 31 დეკემბერს სს-ას საკუთრებაში გადაეცა 14180 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელშიც სადავო 48 კვ. მეტრი მიწის ფართიც შედის.
საოლქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «მ.-....» არ წარმოადგენს კოოპერატივ «ც. ა.» სამართალმემკვიდრეს და უფრო მეტიც, შპს «მ.-....» არ არსებობს სამართლებრივად ისევე, როგორც არ არსებობს სამართლებრივად კოოპერატივი «ც. ა.», რის გამოც არასათანადო მოსარჩელის შეცვლა სათანადო მოსარჩელით შეუძლებელია. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი შეიტანა ფიზიკურმა პირმა გ. უ-ემ და არა შპს «მ.-...»-ის დირექტორმა გ. უ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. უ-ემ.
კასატორის მითითებით, საოლქო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორის განმარტებით, შპს «მ.-....» წარმოადგენს კოოპერატივ «მ.-....»-ის სამართალმემკვიდრეს, რომელმაც მისი დირექტორის გ. უ-ის სახით კოოპერატივ «ც. ა.» დირექტორის გ. კ-ისაგან შეიძინა, სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა, შპს «მ.-....»-ის დამფუძნებლებთან ერთად გაარემონტა იგი და ეს შენობა წლების მანძილზე წარმოადგენდა შპს «მ.-...»-ის ქონებას. აღნიშნული საზოგადოება დღეისათვის შპს «ქ. კ. გ.» არის შესული და ეს ქონება მისი საკუთრებაა. მისი საკუთრებაა ამ შენობის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთიც, რადგან მიწა და მასზე მდგომი შენობა განუყოფელია.
კასატორის მოსაზრებით, კოოპერატივ «ც. ა.» გამოყოფილი სადავო 48 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 1988 წლიდან არ წარმოადგენდა ავტოსადგურის სარგებლობაში მყოფ ტერიტორიას, რადგან ... სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით იგი სარგებლობის უფლებით შენობის ასაშენებლად გამოეყო კოოპერატივ «ც. ა.» და შესაბამისად ამოირიცხა სადგურის სარგებლობიდან.
კასატორმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 22 თებერვლის განჩინებით გ. უ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა იმ საფუძვლით, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა სადავო 48 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა წარმოადგენდა თუ არა შპს «მ.-....»-ის ქონებას, ჩადებული იყო თუ არა ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ან იმყოფებოდა თუ არა მის ბალანსზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეზუსტებინა მოსარჩელე გ. უ-ე ფიზიკურ პირს წარმოადგენდა თუ იურიდიულ პირს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შენობის კუთნილების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 150-ე მუხლი, ასევე «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი, მე-3 და მე-4 მუხლები, «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 და მე-17 მუხლები.
სააპელაციო წესით საქმის ხელახლა განხილვისას აპელანტმა ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარომადგენლებმა ნ. ა-ემ და სს «ო. ს. ა.» წარმომადგენელმა ლ. ნ-ემ თავიანთ სააპელაციო საჩივრებს მხარი დაუჭირეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და გ. უ-ის სარჩელის უარყოფა მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ «მ.-....», როგორც იურიდიული პირი არ არსებობს, სადავო 48 კვ. მ მიწის ფართი კი აღმასკომის გადაწყვეტილებით არა შპს «მ.-....»-ს, არამედ კოოპერატივ «ც. ა.» ჰქონდა გამოყოფილი.
მოწინააღმდეგე მხარემ გ. უ-ემ და მისმა წარმომადგენელმა რ. ც-ემ სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს. მათ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ შენობის კუთვნილების საკითხი მხარეს სადავოდ არც ერთ სასამართლო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ გაუხდია. სადავო მიწის ნაკვეთი არის კონკრეტულად შენობის ქვეშ მდებარე მიწის ფართი, რომელიც სხვისი საკუთრება არ შეიძლება იყოს. იგი ამ შენობას ეკუთვნის. გარდა ამისა შენობა ავტოსადგურის ტერიტორიაზე არ მდებარეობს და სადავო მიწის ნაკვეთის მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არის. ამდენად, მიწის მართვის სამმართველოს აღნიშნული ნაკვეთი ავტოსადგურისათვის არ უნდა გადაეცა და მის საკუთრებად არ უნდა აღერიცხა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მიწის მართვის სამმართველოსა და სს «ო. ს. ა.» სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001 წის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გური ურუშაძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ამოირიცხა სს «ო. ს. ა.» საკუთრებიდან ოზურგეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 22 ივნისის ¹195 გადაწყვეტილებით კოოპერატივ «ც. ა.» შენობის ასაშენებლად გამოყოფილი 48 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და იგი გ. უ-ის სახელზე აღირიცხა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღმასკომის აღნიშნული გადაწყვეტილებით კოოპერატივ «ც. ა.» 1988 წლიდან სადავო 48 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლება წარმოეშვა. შემდგომში კოოპერატივ «ცისფერი ალის» სამართალმემკვიდრე შპს «მ.-....» გახდა, რომელსაც «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.Mმართალია იგი როგორც იურიდიული პირი აღარ არსებობს, მაგრამ სახეზეა მისი დამფუძნებელი გ. უ-ე, რომლის მიმართაც სხვა დამფუძნებლებს პრეტენზია არ გააჩნიათ, რადგან გ. უ-ემ მათ აუნაზღაურა შენობის შეძენისა და რემონტზე გაწეული ხარჯები.
ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 5 მარტის განჩინების გაუქმება და სადავო მიწის ნაკვეთის – 48 კვ.მ. ოდენობით სს «ო. ს. ა.» საკუთრებაში დარჩენა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ კოოპერატივ «ც. ა.» ... სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 22 ივნისის ¹195 გადაწყვეტილება 48 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გ. უ-ე მიწის ნაკვეთის დაკანონების საფუძვლად მიიჩნია, მაშინ როცა დაუდგენელია როდის შეწყვიტა არსებობა კოოპერატივმა «ც. ა.». «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1994წ. 28 ოქტომბრის დადგენილებით 1995წ. 1 მარტიდან კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები, მათ შორის კოოპერატივი «ც. ა.» ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996წ. 1 სექტემბრამდე, რაც მათ არ განუხორციელებიათ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა საქართველოს კანონი «მეწარმეთა შესახებ» და ასევე საქართველოს პარლამენტის 1994წ. 28 ოქტომბრის, 1995წ. 21 დეკემბრის დადგენილებები და ძალადაკარგული გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთი ამორიცხა სამგზავრო ავტოსადგურის საკუთრებიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე სს «ო. ს. ა.» და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და სს «ო. ს. ა.” საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 5 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:
მახარაძის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 22 ივნისის ¹195 გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ბაზაზე შექმნილ გაზქურების, ელექტროდანადგარებისა და ოჯახური ხელსაწყოების შეკეთების კოოპერატივ «ც. ა.” შენობის ასაშენებლად .... ავტოსადგურის ტერიტორიაზე 48 მ2 მიწის ნაკვეთი გამოეყო. მოგვიანებით, კოოპერატივ «ც. ა.” სამართალმემკვიდრე შპს «მ.-....” გახდა. საქმეში წარმოდგენილი კოოპერატივ «ცისფერი ალის” დირექტორის გ. კ-ისა და შპს «მ.-...”ის დირექტორ გ. უ-ეს შორის გაფორმებული ხელწერილით დასტურდება, რომ გ. უ-ემ შეიძინა 48 კვ.მ. ფართზე განთავსებული შენობა, რომელიც გარემონტდა.
საქმის მასალებით დასტურდება ისიც, რომ შპს «მ.-...”-ს «მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რაიონული სასამართლოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთი არასწორად იქნა მიკუთვნებული შპს «მ.-....»-ისათვის, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ასეთი საწარმო არ არსებობდა და მისი რეგისტრაცია გაუქმებული იყო, რის გამოც დავის უფლება მხოლოდ მის დამფუძნებელს, გ. უ-ეს ჰქონდა. Aამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მართალია შპს «მ.-...”, როგორც იურიდიული პირი აღარ არსებობს, მაგრამ სახეზეა მისი დამფუძნებელი გ. უ-ე, რომლის მიმართაც სხვა დამფუძნებლებს პრეტენზია არ გააჩნიათ, რადგან გ. უ-ემ მათ აუნაზღაურა შენობის შეძენასა და რემონტზე გაწეული ხარჯები. საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება კოოპერატივ «ც. ა.” დირექტორის გ. კ-ის მიერ გ. უ-ისათვის შენობის 350 აშშ დოლარად გადაცემის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. უ-ეს, როგორც ფიზიკურ პირს უფლება ჰქონდა ედავა ამ შენობის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთის მიკუთვნებაზე, მით უფრო, რომ სკ-ს 150-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, ხოლო მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთის გ. უ-ის საკუთრებაში არსებობის ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ოზურგეთის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლის ნ. ა-ის მითითებით, გ. უ-ეს 1999წ. 30 დეკემბერს გადახდილი აქვს ერთჯერადი საზღაური, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განსაზღვრული ერთჯერადი საზღაურის გადახდისთანავე მიენიჭებათ მიწაზე კერძო საკუთრების უფლება. ამდენად, გ. უ-ეს, რომელსაც ერთჯერადი გადასახადი გადახდილი აქვს მიწაზე საკუთრების უფლებაც უნდა მინიჭებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებითY და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და სს «ო. ს. ა.” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 5 მარტის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.