3გ-ად78-კს-02 5 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი) სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სს “ს-ისა” და მესამე პირი შპს “ფ-ის” მიმართ დაკმაყოფილდა; სს “ს-ს” საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა პენსია-დახმარებებზე გასაცემად გადარიცხული თანხის, 785432 ლარის, გადახდა.
2002წ. 13 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და ითხოვა სსკ-ს 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტისა და 269-ე მუხლის თანახმად სასამართლო კოლეგიის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება იმ საფუძვლით, რომ სს “ს-ისათვის” დაკისრებული თანხა 50000 პენსიონერის კუთვნილი დავალიანება იყო და ვერ ხერხდებოდა მათზე კუთვნილი პენსიების გაცემა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინებით სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს უარი ეთქვა მოთხოვნაზე იმავე სასამართლო კოლეგიის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ.
აღნიშნულ განცხადებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ მოცემული საპენსიო თანხა სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს დავალიანების სახით ჰქონდა და ვერ ხერხდებოდა მისი დაფარვა, რაც ზიანს აყენებდა 50000 პენსიონერს.
კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ამავე კოლეგიის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველედ გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ სსკ-ს 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის თანახმად განმცხადებელმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი, ან რომ მომავალში შეუძლებელი გახდება აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნაზე უარი ვერ დააბრკოლებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მომავალში აღსრულებას, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლომ სწორად უთხრა უარი სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ზემოაღნიშნულ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 ოქტომბრისა და 7 ნოემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.