გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-1/1-ა-03 14 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართვეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. ქადაგიძე (თავმჯდომარე),
ვ. მგელაძე,
ნ. ალხანიშვილი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განაზლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹3გ/ად-56-02; ¹3გ/ად-57-02) დაკმაყოფილდა არასამთავრობო ორგანიზაცია “.. ..-ის”, ასევე ნ.გ-ს სარჩელები; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი “2002წ. 30 ნოემბრის ¹20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკოს 2002წ. 9 დეკემბრის ¹170/2002 განკარგულება, როგორც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემული და ცსკოს დაევალა ამ გარემოებათა გამოკვლევა _ შეფასების შემდეგ, ქ. რუსთავში 2002წ. 30 ნოემბერს ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცსკომ 2003წ. 10 იანვარს გამოსცა ახალი განკარგულება ¹1/2003 “2002წ. 30 ნოემბრის ¹20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ”, რომლითაც რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა და არჩევნებში გამარჯვებულ პირად გამოვლინდა რ. მ-ი.
2003წ. 13 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ “.. ..-მ”, მოპასუხე ცსკოს მიმართ და მოითხოვა:
1. “2002წ. 30 ნოემბრის ¹20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” 2003წ. 10 იანვარის ცსკოს ¹1/2003 განკარგულების ბათილად ცნობა;
2. ქ. რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი წევრის არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შესახებ, ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის ¹3გ/ად-1/2-03 გადაწყვეტილებით:
1. არასამთავრობო ორგანიზაცია “.. ..-ის”, ასევე ნ. გ-ს სასარჩელო მოთხოვნა ცსკოს 2003წ. 10 იანვრის ¹1/2003 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. ბათილად იქნა ცნობილი ცსკოს 2003წ. 10 იანვრის ¹1/2003 განკარგულება “2002წ. 30 ნოემბრის ¹20 რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ”, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე გამოცემის გამო და ცსკოს დაევალა გონივრულ ვადაში ამ გარემოებათა (საჩივრებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის) გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, დროულად გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი ქ. რუსთავში 2002წ. 30 ნოემბერს ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შესახებ;
3. არასამთავრობო ორგანიზაცია “.. ..-ს” უარი ეთქვა ქ. რუსთავში პარლამენტის წევრის მაჟორიტარული არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ცსკოს 2003წ. 10 იანვრის ¹1/2003 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში ძირაითადად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დადგენილება გამოცემული იყო უზენაესი სასამარლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილების უგულვებელყოფით, საქმის არსებით გარემოებების შემოწმება-შეფასების გარეშე, რაც სასამართლომ მიიჩნია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის უხეშ დარღვევათ და ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის საფუძვლებზე აქტის ბათილად ცნობის უდავო საფუძვლად.
მ/წლის 5 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ქ.რუსთავიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის რ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
განმცხადებელი თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს:
2003წ. 17 იანვარს სასამართლო სხდომაზე ცსკოს წარმომადგენლის განცხადებით, მისთვის ცნობილი გახდა ცსკოს მიერ მიღებული აქტის, კერძოდ ¹33/2002 დადგენილების არსებობის ფაქტი, რომელიც განსაზღვრავს ცალკეული საარჩევნო ღონისძიებების ჩატარების ვადებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ ცსკოს, მიუხედავად საჩივარ-განცხადებების განხილვისათვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 8 დღიანი ვადისა, შეეძლო 9 დეკემბერს განეხილა საჩივარ-განცხადებები, რამეთუ 8 იყო კვირა, უქმე დღე, ხოლო პირველივე სამუშაო დღეს წარმოადგენდა 9 დეკემბერი.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ მათი მხრიდან სასამართლო პროცესზე დოკუმენტის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ კენჭისყრის ღონისძიებებისათვის უქმე დღეები მხედველობაში არ მიიღებოდა.
2003წ. 17 იანვრის სასამართლო სხდომაზე ცსკოს წარმომადგენლის განცხადებით მისთვის ცნობილი გახდა ცსკოს 2002წ. 4 ნოემბრის ¹33/2002 დადგენილების არსებობის ფაქტი, რომლის მე-20 პუნქტში მოცემულია კატეგორიული მითითება იმის თაობაზე, რომ ცსკოს უფლება აქვს კენჭისყრის შედეგები ბათილად სცნოს არა უგვიანეს 8 დეკემბრისა.
ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად ცსკოს უფლება არა ჰქონდა 2002წ. 9 დეკემბერს განეხილა და ემსჯელა საჩივარ-განცხადებებზე, კანონის მოთხოვნათა შესაძლო უხეშ დარღვევებზე და მიეღო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
აქვე განმცხადებელი უთითებდა, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა ცსკოს ¹33/2002 დადგენილების არსებობის ფაქტი და შესძლებდა ამ აქტის სასამრათლოში წარმოდგენას, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოხდებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, განმცხადებელი ითხოვდა, სსკ-ს 423-ე მუხლის შესაბაისად გაუქმებულიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე განახლებულიყო საქმის წარმოება.
არასამთავრობო ორგანიზაცია “.. ..-ისა” და ნ. გ-ს წარმომადგენლებმა სასაამრთლო პროცესზე განმარტეს, რომ განცხადება არის უსაფუძვლო, ვინაიდან მითითებული დადგენილების არსებობა-არსებობის ფაქტს, არ შეიძლება გავლენა მოეხდინა მიღებული გადაწყვეტილების შინაარსსა და შედეგზე, ამასთან, განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებს ნორმატიული აქტის არცოდნის ფაქტს, რაც იმთავითვე გამორიცხავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა განცხადების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც განცხადებიდან იკვეთება, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად იმ მოტივით, რომ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანას. კერძოდ, რ.მ-ის მიერ ასეთი სახის გარემოებად წარმოდგენილია ცსკოს 2002წ. 04 ნოემბრის ¹33/2002 დადგენილება, რომლის მე-20 პუნქტის შესაბამისადაც, ცსკოს უფლება აქვს კენჭისყრის შედეგები ბათილად სცნოს არა უგვიანეს 8 დეკემბრისა.
უზენაესი სასამართლო საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს განმცხადებლის მტკიცებას, ზემოაღნიშნული აქტის წარმოდგენის შემთხვევაში მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის თაობაზე, ვინაიდან მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა არა ცსკოს მიერ კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის უკანასკნელი ვადის დადგენა, არამედ იმის განსაზღვრა ცსკოს მხრიდან, 2003წ. 10 იანვრის ¹1/2003 განკარგულების გამოცემისას, ჰქონდა თუ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევას და შეფასებას ადგილი.
ამდენად ცსკოს 2002წ. 04 ნოემბრის ¹33/2002 დადგენილების არსებობა-არარსებობის ფაქტს არ შეიძლება გავლენა მოეხდინა მხარის ინტერესზე, ან ასახვა ეპოვა სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის ,,ვ” პუნქტის შესაბამისად, იმ მოტივით, რომ მისთვის ცნობილი გახდა ნორმატიული ადმინისტრაციული აქტის არსებობის ფაქტი.
სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
უზენაესი სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს მოცემული მუხლის დეფინიციას და აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ მითითებულ მუხლში სპეციალური ხაზგასმაა გაკეთებული პირის არაბრალეუბლობაზე, ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. განმცხადებელი, განცხადებაში მიუთითებს, რომ 2003წ. 17 იანვარს მისთვის ცნობილი გახდა ცსკოს 2002წ. 4 ნოემბრის ¹33/2002 დადგენილების არსებობის ფაქტი.
ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 15 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ცსკოს ნორმატიული აქტია – დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მითითებული კანონის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად, მათი შესრულება სავალდებულოა.
ამდენად, ნორმატული ქატი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და სავალდებულოა შესასრულებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახალ გარემოებად და მით უფრო ჩაითვალოს იმ მტკიცებულებად, რომლის წარმოდგენის შესაძლებლობაც მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ შეეძლო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მიიჩნევს რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. მ-ის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის მოტივით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.