გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-1-ა-03 24 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. ქადაგიძე (თავმჯდომარე),
მსაჯულები: ნ. ალხანიშვილი,
ლ. თამაზაშვილი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გაემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 12-13 დეკემბერს მოსარჩელეებმა: არასამთავრობო ორგანიზაცია “.. ..-მ" და ¹20 ქ. რუსთავის საარჩევნო ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა _ ნ. გ-მ და მ. ო-ემ სასარჩელო განცხადებებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვეს _ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 9 დეკემბრის სხდომის ოქმის, ¹170/2002 განკარგულების, ასევე, ¹20 ქ. რუსთავის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის _ საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 3 დეკემბრის ¹11 სხდომის ოქმისა და ¹10 განკარგულების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებებზე:
ქ. რუსთავშიA2002წ. 30 ნოემბრის არჩევნებს საფუძვლად დაედო ტოტალური გაყალბება.
კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირებული იქნა უამრავი უხეში დარღვევა. საარჩევნო ყუთებში ღიად და აშკარად იყრებოდა ყალბი ბიულეტენები.
არ იყო გამოკრული საარჩევნო სიები და ბიულეტენის შევსების ინსტრუქციები.
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე და 95-ე მუხლების მოთხოვნები,
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ განხილული არ იქნა საჩივრები იმ მოტივით, რომ ისინი არ პასუხობდნენ საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მოთხოვნებს, მაშინ როდესაც, წარმოდგენილი საჩივრები აკმაყოფილებდნენ საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.
კომისიის თავმჯდომარე და კომიისის წევრები უარს აცხადებდნენ საჩივრების რეგისტრაციასა და დამოწმებაზე.
ამ და სხვა საფუძვლებზე მითითებით მოსარჩელეები მოითხოვდნენ სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ, პირველი ინსტანციით, საქმე განხილულ იქნა 2002წ. 18 დეკემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით:
1. არასამთავრობო ორგანიზაცია “.. ..-ის” ასევე, ნ. გ-ს სარჩელები დაკმაყოფილდა;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ცსკოს 2002წ. 9 დეკემბრის ¹170/2002 განკარგულება და სხდომის ოქმი, როგორც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემული და დაევალა ცსკოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, უმოკლეს ვადაში, გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი ქ. რუსთავში 2002წ. 30 ნოემბერს ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შესახებ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნა შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა და მესამე პირთა მოსაზრება და განმარტა:
მოსარჩელეთა წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივარ-განცხადებები შეეხებოდა ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილ დარღვევებს, რომლებიც კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც არასწორად მიუთითა ზოგადად საარჩევნი კოდექსის 61-ე მუხლზე, არ იხელმძღვანელა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით და არ განიხილა კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი საჩივარ-განცხადებები.
უზენაესმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხისა და მესამე პირების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით გაასაჩივრეს საოლქო საარჩევნო კომისიის ¹11 სხდომის ოქმი ცსკოში და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის ¹11 სხდომის შედეგების შესახებ ცნობილი გახდა 2002წ. 5 დეკემბერს, მათ კი მეორე დღესვე გაასაჩივრეს იგი ცსკოში, რითაც კანონი არ დაურღვევიათ, რადგან ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როცა პირისათვის ცნობილი გახდა მისი დარღვეული უფლების შესახებ.
უზანაესი სასამართლო არ დაეთანხმება ცსკოს 9 დეკემბრის სხდომის ოქმში დაფიქსირებულ მოსაზრებას და მიიჩნია, რომ კომისიამ არ გამოიყენა საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და არასწორად განმარტა ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, რადგან კენჭისყრიდან მე-8 დღეს მას მოცემული საკითხის განხილვა შეეძლო, 9 დეკემბერი კი კენჭისყრიდან წარმოადგენდა მე-8 დღეს, რადგან ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 1 დეკემბრიდან და ვინაიდან კანონითა და რეგლამენტით კვირა არასამუშაო დღედ არის მიჩნეული, სხდომა მე-8 დღეს მიმდინარეობდა.
ამდენად, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ცსკოს მიერ ¹170/2002 განკარგულების გამოცემისას არ გამოკვლეულა და შეფასება არ მისცემია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, რის გამოც, არასამთავრობო ორგანიზაცია “.. ..-ის”, ასევე, ნ. გ-ს სარჩელები მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა.
მ/წლის 05 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ქ.რუსთავიდან პარლამენტის ...ის რ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
განმცხადებელი თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს:
2003წ. 17 იანვარს სასამართლო სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, მისთვის ცნობილი გახდა ცსკოს მიერ მიღებული აქტის, კერძოდ ¹233/2002 დადგენილების არსებობის ფაქტი, რომელიც განსაზღვრავს ცალკეული საარჩევნო ღონისძიებების ჩატარების ვადებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ ცსკოს, მიუხედავად საჩივარ-განცხადებების განხილვისათვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 8 დღიანი ვადისა, შეეძლო 9 დეკემბერს განეხილა საჩივარ-განცხადებები, რამეთუ 8 იყო კვირა, უქმე დღე, ხოლო პირველივე სამუშაო დღეს წარმოადგენდა 9 დეკემბერი.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ მათი მხრიდან სასამართლო პროცესზე დოკუმენტის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ კენჭისყრის ღონისძიებებისათვის უქმე დღეები მხედველობაში არ მიიღებოდა.
2003წ. 17 იანვრის სასამართლო სხდომაზე ცსკოს წარმომადგენლის განცხადებით მისთვის ცნობილი გახდა ცსკოს 2002წ. 04 ნოემბრის ¹33/2002 დადგენილების არსებობის ფაქტი, რომლის მე-20 პუნქტში მოცემულია კატეგორიული მითითება იმის თაობაზე, რომ ცსკოს უფლება აქვს კენჭისყრის შედეგები ბათილად სცნოს არა უგვიანეს 8 დეკემბრისა.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად ცსკოს უფლება არა ჰქონდა 2002წ. 9 დეკემბერს განეხილა და ემსჯელა საჩივარ-განცხადებებზე, კანონის მოთხოვნათა შესაძლო უხეშ დარღვევებზე და მიეღო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
აქვე განმცხადებელი უთითებდა, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა ცსკოს ¹33/2002 დადგენილების არსებობის ფაქტი და შესძლებდა ამ აქტის სასამართლოში წარმოდგენას, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოხდებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე განმცხადებელი ითხოვდა, სსკ-ს 423-ე მუხლის შესაბაისად გაუქმებულიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე განახლებულიყო საქმის წარმოება.
არასამთავრობო ორგანიზაცია “.. ..-ისა” და ნ. გ-ს წარმომადგენლებმა სასაამრთლო პროცესზე განმარტეს, რომ განცხადება არის უსაფუძვლო, ვინაიდან მითითებული დადგენილების არსებობა-არსებობის ფაქტს, არ შეიძლება გავლენა მოეხდინა მიღებულ გადაწყვეტილების შინაარსსა და შედეგზე, ამასთან, განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებს ნორმატიული აქტის არცოდნის ფაქტს, რაც იმთავითვე გამორიცხავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა განცხადების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სკ-ს დებულებები.
სსკ-ს 421-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
როგორც განცხადებიდან და განმცხადებლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის A,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად იმ მოტივით, რომ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. კერძოდ, რ.მ-მა ასეთი სახის გარემოებად წარმოადგინა ცსკოს 2002წ. 04 ნოემბრის ¹33/2002 დადგენილება, რომლის მე-20 პუნქტის შესაბამისადაც, ცსკოს უფლება აქვს კენჭისყრის შედგბი ბათილად ცნოს არა უგვიანს 8 დეკემბრისა.
სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
უზენაესი სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს მოცემული მუხლის დეფინიციას და აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ მითითებულ მუხლში სპეციალური ხაზგასმაა გაკეთებული პირის არაბრალეუბლობაზე, ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განმცხადებელი, განცხადებაში მიუთითებს, რომ 2003წ. 17 იანვარს მისთვის ცნობილი გახდა ცსკოს 2002წ. 04 ნოემბრის ¹33/2002 დადგენილების არსებობის ფაქტი.
ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 15 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ცსკოს ნორმატიული აქტია – დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მითითებული კანონის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად, მათი შესრულება სავალდებულოა.
ამდენად, ნორმატიული აქტი, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია და სავალდებულოა შესასრულებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახალ გარემოებად და მით უფრო ჩაითვალოს იმ მტკიცებულებად, რომლის წარმოდგენის შესაძლებლობაც მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ შეეძლო.
აქვე სასამართლო განმარტავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი მხარე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ამ უკანასკნელის მიერ ადგილი აქვს კანონის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არასწორ განმარტებას ან მის არასწორ გამოყენებას, აღნიშნული კანონმდებლის მიერ მიჩნევა გადაწყვეტილების გასაჩივრების (თუ აღნიშნული ექვემდებარება გასაჩივრებას) საფუძვლად, რომლის გაიგივებაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლებთან დაუშვებელია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. მ-ის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის მოტივით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.