Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-1-ბ-02 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

განმცხადებლის მოთხოვნა: განჩინების ბათილად ცნობა და საკასაციო წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არარსებობის გამო გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის განჩინება, 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილება და უსაფუძვლობის მოტივით ნ.ფ-ს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

2003წ. 22 იანვარს ნ.ფ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და 2002წ. 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტივით, რომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მას არ ჩაჰბარებია უწყება საკასაციო ინსტანციაში სასამართლო სხდომაზე გამოძახების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვას, მართალია, ესწრებოდა მისი წარმომადგენელი გ.წ-ე, მაგრამ სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა ძალაში იყო 2002წ. 24 ნოემბრამდე და ამდენად, 18 დეკემბერს გ.წ-ეს უფლება აღარ ჰქონდა ნ.ფ-ის სახელით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.

მოწინააღმდეგე მხარის ლ.მ-ის წარმომადგენელმა ნ.ფ-ის განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საკასაციო წარმოების განახლების შესახებ არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, დაუშვებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით, ხოლო ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურისა და ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურის განყოფილების წარმომადგენლები ნ.ფ-ის განცხადების განხილვაზე არ გამოცხადდნენ და განცხადება უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, მათი თანხმობით განხილულ იქნა მათი დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ნ.ფ-ის განცხადების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება და საქმეზე უნდა განახლდეს საკასაციო წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სასამართლო სხდომის რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ, 2002წ. 18 დეკემბერს საკასაციო პალატამ განიხილა ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლოში 18 დეკემბერს საქმის განხილვას კასატორ ნ.ფ-ის ადვოკატი გ.წ-ე ესწრებოდა 1999წ. 24 ნოემბერს გაცემული რწმუნებულების საფუძველზე. აღნიშნული რწმუნებულება გაცემული იყო სამი წლის ვადით, 2002წ. 24 ნოემბრამდე. ამდენად, 2002წ. 18 დეკემბერს რწმუნებულებას გასული ჰქონდა ვადა და გ.წ-ეს აღარ გააჩნდა ნ.ფ-ის წარმომადგენლობის უფლებამოსილება, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად კი უზენაესი სასამართლოს მიერ მოწვეული იყო სწორედ ნ.ფ-ის წარმომადგენელი გ.წ-ე. ვინაიდან კასატორი ნ.ფ-ი საკასაციო სასამართლოში არ იყო სათანადო წესით მიწვეული და საკასაციო საჩივრის განხილვაში ვადაგასული რწმუნებულების საფუძველზე მისი წარმომადგენელი მონაწილეობდა, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს ნ.ფ-ის განცხადებას საკასაციო სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ და თვლის, რომ სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ნ.ფ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება და უნდა განახლდეს საკასაციო წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ფ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება და განახლდეს საკასაციო წარმოება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.