¹ 3გ-ად-1-გ-03 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განიხილა ბ. მ.-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე დავა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა:
1. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უშიშროების მინისტრის 2000წ. 20 ივლისის ¹540 პშ ბრძანება მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და აღდგენილ იქნეს დაკავებულ თანამდებობაზე.
2. მოპასუხეს დაეკისროს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 8400 ლარის _ ანაზღაურება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის განჩინებით ბ. მ.-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. მ.-ის სარჩელი წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის «ა» და «გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სარჩელს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსჯადი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინებით ბ. მ.-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. 2002წ. 20 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ ბ. მ.-ის სარჩელის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემდეგ გარემოებათა გამო:
ბ. მ.-ი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. მისი დანიშვნა მოხდა ადმინისტრაციულ ორგანოსა და ბ.მ.-ს შორის გარიგების დადების შედეგად, ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 20.07.2002წ. ¹540 პშ ბრძანება წარმოადგენს ერთჯერად სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით და ადასტურებს ამ გარიგების ცალმხრივ მოშლას.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს და მიიჩნია, რომ ბ. მ.-ის სარჩელი რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო კოლეგიის განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება განსახილველი საქმის განსჯადობაზე სწორია და სარჩელი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 20 ივლისის სადავო ბრძანება მიღებულია «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონების საფუძველზე, რომლებიც სამართლებრივად საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას წარმოადგენენ და ამდენად, განსახილველი დავაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 20 ივლისის ¹540 პშ ბრძანება ეხება მოსარჩელე ბ. მ.-ის სამსახურიდან დათხოვნას და ამდენად, იგი მოსარჩელსა და სამინისტროს შორის შრომით სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში
შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა და შრომითი ხელშეკრულება საჯარო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა და მისგან წარმოშობილი ურთიერთიბა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა, ხოლო ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში ბ. მ.-ის სარჩელი არ წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის პირველი ინსტანციით განსახილველ საქმეთა კატეგორიას. ვინაიდან სარჩელის ფასი არ აღემატება 500000 ლარს, იგი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-5, მე-6 და 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. მ.-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
2. ბ. მ.-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. განჩინების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.