3გ-ად-1-კ-03 30 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ქ. თბილისში 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოქალაქე შ. ჩ.-მ, რომლის ქონება განადგურდა ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად, სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეზე მატერიალური ზარალის სახით 35734 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში დაკისრება, ასევე, ადვოკატზე გაწეულის ხარჯის _ 120 ლარისა და მიყენებული მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხემ _ ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აღნიშნული ზარალი უნდა აანაზღაუროს ქ. თბილისის მერიამ. სარჩელი არ ცნო ასევე საქმეში თანამოპასუხედ ჩართულმა ქ. თბილისის მერიამ, მოპასუხემ მიუთითა, რომ ზარალის ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების თანახმად ევალება ფინანსთა სამინისტროს.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.01.02წ. გადაწყვეტილებით შ. ჩ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას დაეკისრათ მატერიალური ზარალის _ 35734 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და საადვოკატო ხარჯის _ 120 ლარის სოლიდარულად გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა ადმინისტრაციული პალატის 30.10.02. განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ფინანასთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.02.02წ. გადაწყვეტილება, შ. ჩ.-ს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოთხოვნის დაუსაბუთებულობის გამო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული შ. ჩ.-ს მატერიალური ზარალის ანაზღაურება ევალებოდა როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე ქ. თბილისის მერიას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ შ. ჩ.-ს 15.05.02წ. აუნაზღაურდა 241 აშშ დოლარი, რის გამოც ასანაზღაურებელი დარჩა 35493 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და საადვოკატო ხარჯი 120 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ შესწორება შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში.
სააპელაციო პალატის 30.10.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის პრემიერისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ. ქ. თბილისის პრემიერი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მერია მოცემულ დავაში არ წარმოადგენს სოლიდარულ მოპასუხეს, საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მატერილაური ზიანის ანაზღაურება ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა. აღნიშნულ ურთიერთობებში სახელმწიფო არის ერთადერთი მოვალე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქ. თბილისის მერიამ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, ააშენა, აღადგინა და ექსპლუატაციაში ჩააბარა 20 საცხოვრებელი სახლი 46200 კვ.მ საერთო ფართობით, რომელთა სამუშაოების კაპიტალური დაბანდება შეადგინა 1.034622 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. კასატორი თვლის, რომ დაზარალებული ოჯახების დარჩენილი მატერიალური ზარალის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სსკ-ს 409-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სააპელაციო პალატის 30.10.02წ. განჩინების გაუქმება ქ. თბილისის მერიაზე თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს 19.11.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ., ¹180 განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ასანაზღაურებელად თანხების გათვალისწინება სახელმწიფოს 1996-97 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში, ბიუჯეტის შესახებ კანონში თანხების დამტკიცება პარლამენტის კომპეტენციას შეადგენს, ფინანსთა სამინისტრო ვერ გასცემს თანხებს, ვინაიდან ბიუჯეტის შესახებ კანონებით თანხები გათვალისწინებული არ არის. სახელმწიფომ, აღიარა რა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, შეიმუშავა საამისოდ რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა, კერძოდ, მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილება, 26.07.96წ, ¹189 განკარგულება და 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულება, რომელთა მიხედვით სხვადასხვა დროს სხვადასხვა უწყებებს ევალებოდათ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით წყაროების გამოძებნა და თანხების გამოყოფა. სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ახდენდა მოსახლეობისთვის თანხების გამოყოფას, ამ მიზნით სადღეისოდ შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიმართ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე ხანდაზმულია. კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197, 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებებით 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აღიარა 1991წ. დეკემბრის, 1992წ. იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპენსაციის ვალდებულება, შემუშავდა ზარალის ანაზღაურების პროგრამა, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელთა შემადგენლობაში შევიდნენ მოპასუხეების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად ცნობად იქნა მიღებული ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების დასკვნები და 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი 8 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით განისაზღვრა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ. ჩ.-ზე მიყენებული ზარალის სახით ასანაზღაურებელი დარჩა 35493 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და საადვოკატო ხარჯი 120 ლარი. მოსარჩელე შეყვანილია თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილებით დამტკიცებული 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქონებრივი ზარალის კომპენსაციის ამსახველ სიაში.
საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით და 26.07.96წ. განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების შესაბამისად მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად დაევალა 1996წ. დამატებითი, მათ შორის არასაბიუჯეტო სახსრების გამოყოფა, 1997წ. ბიუჯეტის პროექტში დანარჩენი თანხების ანაზღაურების გათვალისწინება. მიუხედავად ამისა, დაზარალებული მოსახლეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებისათვის არ იქნა გათვალისწინებული კომპენსაციის თანხები.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სოლიდარულად ზარალის ანაზღაურებას ქ. თბილისის მერიისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების მე-9 პუნქტის მიხედვით ქალქის მერიას, ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროსთან ერთად დაევალა დაზარალებული მოქალაქეებისათვის განადგურებული საოჯახო ქონების შესაძენად საჭირო სახსრების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ წინადადებების შემუშავება და წარდგენა. საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით თბილისის მერიას ზარალის ანაზრაურების მიზნით დაევალა 1996წ. 1 ოქტომბრამდე 5 მლნ ლარის გამოყოფა. საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების მიხედვით მერიას უნდა უზრუნველეყო დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობნის დაფინანსება თბილისის 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მლნ ლარის ფარგლებში. აღნიშნული განკარგულებით მერიას მხოლოდ საცხოვრებელი ბინის მშენებლობის დაფინანსება ევალებოდა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹¹704 ბრძანებულებებით არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებიდან შემოსული თანხები გამოყენებული უნდა ყოფილიყო 1991-92წწ. მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის, რისთვისაც ქ. თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი. აღნიშნული ბრძანებულების შემდეგ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 10.09.98წ. მიიღო ¹17.05.377 დადგენილება, რომლითაც მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად გაცემის წესის შემუშავების მიზნით შეიქმნა კომისია, ქ. თბილისის ბიუჯეტში შექმნილი მიზნობრივი ფონდიდან დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპენსაციის მიზნით განისაზღვრა სახსრების გადარიცხვის განხორციელების წესი, დაზარალებული მოსახლეობისათვის თანხების გაცემა კომისისიის მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით, გასაცემი თანხების ინდექსაცია. ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილებით დამტკიცდა დაზარალებული მოსახლეობისათვის, მათ შორის მოსარჩელე შ. ჩ.-ს მატერიალური ზარალის კომპენსაციის ამსახველი ცხრილები. გარდა ამისა, “საბიუჯეტო სისტემის და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად “საერთო სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ" 21.02.97წ., 10.03.2000წ. კანონის თანახმად, ქ. თბილისის ბიუჯეტში განისაზღვრა ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები სხვადასხვა გადასახადების ანარიცხებიდან. კასატორების: ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას შორის 05.08.2000წ. დადებული შეთანხმება, რომელიც არ ითვალისწინებს 1991-92წწ. იანვარ-დეკემბრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თანხებს, არ წარმოადგენს ზარალის სოლიდარული ანაზღაურებისაგან მერიის გათავისუფლების საფუძველს. გარდა ამისა, “ქ. თბილისის 2003წ. ბიუჯეტის შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 14.03.03წ. გადაწყვეტილებით (მუხ. 1, დანართი ¹1) გათვალისწინებულია დაზარალებული მოსახლეობის ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად თანხების გამოყოფა.
ამდენად, მითითებული ნორმების საფუძველზე ცხადია, რომ რიგი ღონისძიების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურებაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება სსკ-ს 463-ე, 992-ე მუხლების საფუძველზე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერიამ ნაწილობრივ შეასრულა ზემოაღნიშნული აქტებით დაკისრებული ვალდებულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნაწილში, სკ-ს 465-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, რის გამო საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლის პალატის მოსაზრებას დაზარალებულთა სასარგებლოდ მერიისა და ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარულად ზარალის ასანაზღაურებელი თანხების დაკისრების თაობაზე. ამასთანავე, სკ-ს 473-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შემსრულებელ მოვალეს აქვს დანარჩენი მოვალის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. მართალია, მოსარჩელეს ზარალი 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მიადგა, ხოლო სარჩელი ზარალის ანაზღაურების შესახებ 2001 წელს აღიძრა, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა, მთელი რიგი აქტებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის, 8 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ ურყოფს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის და სკ-ს (1997წ.) 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, რის გამო უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება დაზარალებულის სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის “უ" ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ თანამოპასუხეებს არ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.10.02წ. განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.