3გ-ად-2-კ-03 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოპასუხედ დასახელებული იქნა ხაშურის რაიონის საგამოძიებო განყოფილება და სარჩელის საფუძველზე მოითხოვა ხაშურის რაიონის საგამოძიებო სამსახურისათვის მის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის 1600 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებას: მის ოჯახს 1998 წელს მოპარეს მსხვილფეხა საქონელი, რაზედაც ხაშურის რაიონის საგამოძიებო განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების ინერტულობითა და განზრახ დაშვებული შეცდომების გამო დანაშაული არ გაიხსნა. ქურდობის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 1300 ლარის ზიანი, ხოლო სხვადასხვა ორგანოებში ჩივილსა და სიარულში დაეხარჯა 300 ლარი.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელემ, სკ-ს მე-18 მუხლის დებულებებზე დაყრდნობით მოითხოვა მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხე მხარის წარმომაგენელმა სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის კუთვნილი საქონლის ქურდობის ფაქტზე ჩატარებული იქნა გამოძიება და გადამოწმდა მოსარჩელის ყველა ვერსია, მიუხედავად აღნიშნულისა დამნაშავეთა დადგენა ვერ მოხდა, რის გამოც, ამ ეტაპზე შეჩერებული იქნა საქმის წარმოება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ა.ბ.-ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აპელანტმა მოითხოვა, ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინებით იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მოქმედება ამავე კოდექსის 681-ე მუხლის საფუძველზე შეჩერებულია 2005 წლამდე, უარი ეთქვა აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, როგორც არსებითად სწორი – უცვლელად იქნა დატოვებული ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
არ დაეთანხმა რა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას ა.ბ.-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი, სადაც ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილი წინააღმდეგობრივია, განჩინება დაუსაბუთებელია, შესაბამისად, მოსთხოვა, თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და გააანაზილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამრათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მართალია “ბრალდებულის დაუდგენლობა არ აბრკოლებს სამოქალაქო სარჩელის წარდგენას. საქმის წარმოების შეჩერების შემთხვევაში, თუ ბრალდებული დაიმალა, მისი ადგილსამყოფელი ან პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მაგრამ ამავე კოდექსის 681-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედება შეჩერებულია 2005წ. 15 მაისამდე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას ან მის არასწორ განმარტებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლი და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნას დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინება.
3. ა. ბ.-ე მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით გათავისუფლებულ იქნეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.