გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-2-კს-03 14 მარტი, 2003 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 14 მარტს კ. ჯ-ემ და ვ. ღ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საგადასახადო კოლეგიას და მოითხოვეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2002წ. 28/I ¹1-3/58 ბრძანების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი არ პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53 მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის მითითებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი, გამოცემის ადგილი, ის ორგანო, რომელშიც შეიძლება გასაჩივრდეს, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა, არ ახლავს დასაბუთება, არ არის მითითებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციული აქტი და არც ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას. ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოუკვლეველ და შეუსწავლებელ ფაქტებზე დაყრდნობით.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრს არ ჰქონდა უფლება, მიეღო გადაწყვეტილება კერძო სამართლის სუბიექტის სამეთვალყურეო საბჭოს ...ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. უფრო მეტიც, მოპასუხეს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, საერთოდ არა აქვს უფლება, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება კერძო სამართლის რომელიმე სუბიექტთან დაკავშირებით, მის საქმიანობასთან და მართვასთან, ან მართვის ამ ორგანოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ვინაიდან კერძო სამართლის სუბიექტთა, კერძოდ, კი სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობა წესრიგდება სპეციალური კანონით, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ და რომლის თანახმადაც საწარმოს, კერძოდ კი შპს-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის ან გადარჩევის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ თვით სამეთვალყურეო საბჭოს და არა _ საზოგადოების რომელიმე სხვა ორგანოს ან რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს, თუნდაც უმაღლესს. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმოადგენს შპს «ს-ის» პარტნიორს _ 100 პროცენტიანი წილით წარმომადგენელს და მისი, როგორც პარტნიორის, უფლება-მოვალეობანი ამომწურავადაა განსაზღვრული «მეწარმეთა შესახებ” კანონის 46-ე მუხლით, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა და მითუმეტეს «განთავისუფლება” არ არის გათვალისწინებული. ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის ამავე კანონის არც 54.6-ე მუხლში. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, როგორც პარტნიორმა, ანუ სახელმწიფოს წარმომადგენელმა, პარტნიორის უფლებამოსილება უნდა განახორციელოს პარტნიორის სახელით და არა სამინისტროს ან მინისტრის ადმინისტრაციული აქტებით, როგორიცაა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მითითებული აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 19 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ სარჩელი მათი განსჯადი არ იყო და ვინაიდან დავა წარმოშობილია შრომითი ურთიერთობებიდან და ასევე სარჩელის ფასი არ აღემატება 500.000 ლარს, საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელეების მიერ დაზუსტებული და დაკონკრეტებული იქნა სასარჩელო განცხადება და მოითხოვეს მათი განთავისუფლების ბრძანების, საბჭოს სხდომის ოქმის, სამეწარმეო რეესტრში შპს «ს-ის» მონაცემთა ბოლო ცვლილებების რეგისტრაციის (კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 თებერვლის დადგენილების) ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ კ. ჯ-ისა და ვ. ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2002წ. 28 იანვრის ¹1/58 ბრძანების მე-4 პუნქტი, შპს «ს-ის» სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება, შპს «ს-ის» დირექტორის ვ. ღ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში.
2. კ. ჯ-ე აღდგენილ იქნა შპს «ს-ის» სამეთვალყურეო საბჭოს ...ის თანამდებობაზე.
ვ. ღ-ი აღდგენილ იქნა შპს «ს-ის» ...ის თანამდებობაზე.
3. ს/ს «ს-ს» დაეკისროს კ. ჯ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
4. შპს «ს-ს» დაეკისროს ვ. ღ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
5. შპს «ს-ის» მიმართ სამეწარმეო რეესტრში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ შემდეგი მოტივებით:
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2002წ. 28 იანვრის ¹1/3.58 ბრძანების მე-4 პუნქტის გაუქმებით უხეშად დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. «მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55.1 მუხლის თანახმად სამეთვალყურეო საბჭო უნდა შედგებოდეს სულ მცირე სამი და არაუმეტეს 21 წევრისაგან, ამასთან, წევრთა რაოდენობა სამზე უნდა იყოფოდეს. 55.4 მუხლის თანახმად სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი შპს «ს-ის» სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 4 კაცით, რომელთგან ორი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ვინაიდან არ არის გაუქმებული შპს «ს-ის» 2002წ. 5 თებერვლის კრების ოქმის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხებოდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევას. არ არის გაუქმებული ოქმის ის ნაწილიც, რომელიც ახალი დირექტორის დანიშვნას ეხება.
სასამართლომ არ განსაზღვრა იძულებითი განაცდურის რაოდენობა, რომელიც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეებს და აღნიშნულის ანაზღაურება დაავალა ქონების მართვის სამინისტროს და არა საზოგადოებას, რაც კანონსაწინააღმდეგოა. სასამართლოს ასევე არ ჰქონდა უფლება თავისი ინიციატივით შეეტანა ცვლილებები შპს «ს-ის» სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ ასევე არასწორად მიაქცია გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად, რადგან სსკ-ს 268-ე მუხლის თანახმად აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არ გაითვალისწინა ის გარემოებანი, რომ მოსარჩელეების გადარჩევა გამოწვეული იყო მათ მხრიდან საზოგადოების პარტნიორის (სახელმწიფოს) ინტერესების არდაცვაში, სამეურნეო საქმიანობის არასწორ წარმართვაში, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საზოგადოებას და მის ერთერთ პარტნიორს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სსკ-ს 375-ე მუხლის საფუძველზე აღსრულების შეჩერება.
ამავე დროს მხარეების განცხადებების საფუძველზე რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 15 მაისის განჩინებით განმარტებული იქნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც კერძო საჩივრის შეტანით გასაჩივრდა შპს «ს-ის» აღმსრულებელი დირექტორი ე. გ-ა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ. კერძო საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული და იგი გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და შპს «ს-ს» ყოფილმა დირექტორმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და უარი განაცხადეს მათ მიერ 2002წ. 16 მაისს შეტანილი კერძო საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილება ნაწილობრივ უკვე აღსრულებული იყო და კერძო საჩივრებმა დაკარგეს აქტუალობა. სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს განცხადება დააკმაყოფილა და მის კერძო საჩივარზე შეწყვიტა საქმის წარმოება.
მოსარჩელე ვ. ღ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინება ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარზე საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებულ იქნა საჩივრის შეტანის გზით. სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 16 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივრის მოთხოვნა და მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე და იგი მხარეებს გადაეგზავნათ 2002წ. 13 ნოემბერს. ვ.ღ-ისათვის გადაგზავნილი განჩინების ასლი მიმართვითურთ დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს წარწერით: «მიუთითეთ ადრესატის ბინის ნომერი». სააპელაციო სასამართლომ ვ.ღ-ს განჩინების ასლი გადაუგზავნა მის მიერვე სარჩელში მითითებულ მისამართზე. სსკ-ს 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყებები გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ.ღ-ს გაშვებული აქვს კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარიც მიიჩნია დაუსაბუთებულად, რადგან საჩივარში არ არის მითითებული, თუ რაში გამოიხატება გასაჩივრებული განჩინების უკანონობა, ისევე, როგორც მითითებული არ არის, თუ რაში მდგომარეობს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე განცხადების კანონსაწინააღმდეგობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საპროცესო უფლების ამ ფორმით გამოყენება არ არის კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულებულია, კერძო საჩივარმა დაკარგა აქტუალობა, რაც კერძო საჩივრის განხილვას მიზანს უკარგავს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ვ.ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ დარღვეულია სსკ-ს 416-ე მუხლით კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12-დღიანი ვადა. სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართვის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების ასლი ვ.ღ-ს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ამ უკანასკნელის მიზეზით (ბინის ნომერი არ უცნობებია სასამართლოსათვის) ვერ მოხერხდა განჩინების ჩაბარება. ამდენად, ვ.ღ-ის კერძო საჩივარი სწორად არის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეული დაუშვებლად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ვინაიდან კერძო საჩივარი დაუშვებელია და მას არსებითად არ განიხილავს, შესაბამისად ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის განსჯადობის საკითხისა და მასში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრისა და 16 დეკემბრის განჩინებები.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.