გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-3-03 6 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მსაჯულები: ს. გამრეკელი,
ნ. ალხანიშვილი
სარჩელის მოთხოვნა: 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკოს) 2002წ. 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების მე-2 მუხლისა და 24 სექტემბრის ¹145/2002 განკარგულების ბათილად ცნობა; 2. ცსკოს დავალდებულება საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ წარდგენილი საკითხების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 13 აპრილს სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფმა: (ბ. გ-ა, გ. დ-ი, კ. ნ-ე, თ. რ-ე, გ. უ-ი, გ. ყ-ი და ც. ხ-ი) თხოვნით მიმართა ცსკოს მის მიერ სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხების რეგისტრაციაში გასატარებლად:
1. «გამოცხადდეს თუ არა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა, რის შემდეგაც მთელი ძალაუფლება გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტ ე. შ-ეს?»
2. «გსურთ თუ არა, რომ ბატონ ე. შ-ეს გაუგრძელდეს საქართველოს პრეზიდენტობის უფლებამოსილების ვადა სიცოცხლის ბოლომდე?»
3. «გსურთ თუ არა, რომ გამოცხადდეს ხუთწლიანი მორატორიუმი ყველანაირ საპრეზიდენტო საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნებზე საქართველოში?»
ცსკომ 2002წ. 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულებით უარი უთხრა სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფს სარეფერენდუმოდ წარდგენილი საკითხების რეგისტრაციაზე.
სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფმა 2002წ. 20 სექტემბერს სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე ცსკოს მიმართ. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ «რეფერენდუმის შესახებ» საქართველოს კანონის 10.5 მუხლის შესაბამისად ცსკოს სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფისათვის რეგისტრაციის მოწმობა უნდა მიეცა მიმართვიდან ერთ თვეში, ხოლო იმავე კანონის 10.2 მუხლის თანახმად საკითხების ფორმულირების დაზუსტება შესაძლებელი იყო მოსარჩელესთან შეთანხმებითაც.
მოსარჩელის განმარტებით, ცსკომ დაარღვია «რეფერენდუმის შესახებ» კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლები და არ გამოიყენა ამავე კანონის 1.1 და 1.2 მუხლები. რაც შეეხება ცსკოს 2002წ. 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულებაში მითითებულ მუხლებს, კერძოდ, პირველი მუხლის მე-3 პუნქტს, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტს, მე-5 მუხლსა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტს, ისინი არასწორად განმარტა ცსკომ.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ «რეფერენდუმის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის გამოყენება სადავო განკარგულებაში არასწორი იყო, რადგანაც მოსარჩელე არ ითხოვდა კანონის მიღებასა და გაუქმებას, ხოლო თუ საკანონმდებლო ცვლილება გახდებოდა საჭირო, აღნიშნულს არეგულირებდა «რეფერენდუმის შესახებ» კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ცსკოს 2002წ. 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების ბათილად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 24 სექტემბრის განჩინებით სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
იმავე დღეს, 2002წ. 24 სექტემბერს ცსკომ მიიღო ¹145/2002 განკარგულება, რომლითაც დადგინდა, რომ ცსკოს 2002წ. 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების დასაბუთებითი ნაწილი (პრეამბულა) ჩამოყალიბებულიყო იმგვარად, რომ აღნიშნული განკარგულების საფუძვლად მითითებული იყო მხოლოდ «რეფერენდუმის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» და «დ» ქვეპუნქტები.
საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფმა სარჩელით ითხოვა ცსკოს 2002წ. 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების ბათილად ცნობა და მოსარჩელის მიერ სარეფერენდუმოდ წარდგენილი საკითხის რეგისტრაციაში გატარების დავალება მოპასუხისათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ «რეფერენდუმის შესახებ» კანონი არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტს, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად რეფერენდუმის დანიშვნისა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით, ხოლო «რეფერენდუმის შესახებ» 1996წ. 15 მაისის საქართველოს კანონი «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად უფრო ნაკლები იურიდიული ძალის მქონეა, ვიდრე ორგანული კანონი, რომელიც განისაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
სასამართლო კოლეგიამ სსკ-ს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს «რეფერენდების შესახებ» 1996წ. 15 მაისის საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის თაობაზე.
სასამართლო კოლეგიის 2002წ. 8 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2002წ. 3 დეკემბრის ¹11/203/2 გადაწყვეტილებით არ დადასტურდა «რეფერენდუმის შესახებ» საქართველოს 1996წ. 15 მაისის კანონის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტთან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განაახლა საქმის წარმოება და 2002წ. 12 დეკემბრის განჩინებით სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი დატოვა მისმა ორმა წევრმა: ც. ხ-მა და გ. უ-მა. ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ცსკოს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ ცსკომ 2002წ. 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების მე-2 მუხლითა და 24 სექტემბრის ¹145/2002 განკარგულებით კანონიერად უთხრა საინიციატივო ჯგუფს უარი სარეფერენდუმოდ შეტანილი საკითხების რეგისტრაციაზე და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ დადგენილად მიაჩნია, რომ ცსკოს 2002წ. 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების მე-2 მუხლით უარი ეთქვა რეგისტრაციაში გატარებაზე საინიციატივო ჯგუფს (ბ. გ-ა, გ. დ-ი, კ. ნ-ე, თ. რ-ე, გ. უ-ი, გ. ყ-ი, ც. ხ-ი) და ამ ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შეტანილ საკითხებს:
1. «გსურთ თუ არა, რომ ბატონ ე. შ-ეს გაუგრძელდეს საქართველოს პრეზიდენტობის უფლებამოსილების ვადა სიცოცხლის ბოლომდე?»
2. «გამოცხადდეს თუ არა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა, რის შემდეგაც მთელი ძალაუფლება გადაეცეს საქართველოს პრეზიდენტ ე. შ-ეს?»
3. «გსურთ თუ არა, რომ გამოცხადდეს ხუთწლიანი მორატორიუმი ყველანაირ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნებზე საქართველოში?»
აღნიშნული განკარგულების საფუძვლად ცესკომ მიუთითა «რეფერენდუმის შესახებ» ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლზე, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტზე.
2002წ. 24 სექტემბერს ცსკომ მიიღო ¹145/2002 განკარგულება, რომლის პირველი მუხლით შეიცვალა ცსკოს 2002წ. 16 სექტემბრის ¹142/2002 განკარგულების პრეამბულა, კერძოდ, ¹142/2002 განკარგულების საფუძვლად მითითებულ იქნა «რეფერენდუმის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» და «დ» ქვეპუნქტებზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
«რეფერენდუმის შესახებ» ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» და «დ» ქვეპუნქტების თანახმად რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად და ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო თვლის, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ ცსკოში სარეფერენდუმოდ შეტანილი საკითხი: «გსურთ თუ არა, რომ ბატონ ე. შ-ეს გაუგრძელდეს საქართველოს პრეზიდენტობის უფლებამოსილების ვადა სიცოცხლის ბოლომდე?» ეწინააღმდეგება «რეფერენდუმის შესახებ» ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლებას. აღნიშნული უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს. საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის ცვლილება კი მოითხოვს შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის წარდგენას პარლამენტში, რაც დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის პირველი პუნქტით.
საქართველოს უზენაესი სასამართლო თვლის, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ ცსკოში სარეფერენდუმოდ შეტანილი საკითხი: «გსურთ, თუ არა, რომ გამოცხადდეს ხუთწლიანი მორატორიუმი ყველანაირ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნებზე საქართველოში», აგრეთვე, ეწინააღმდეგება «რეფერენდუმის შესახებ» ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტს.
საქართველოს პარალმენტის შექმნის წესი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 თავით. სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ აღნიშნული სარეფერენდუმო საკითხი გულისხმობს საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას ანუ არჩევნების კონსტიტუციით დადგენილი ვადის გაგრძელებას, რაც შეუძლებელია კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად კონსტიტუციური კანონპროექტის წარდგენის უფლება გააჩნიათ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების გასვლამდე არაუგვიანეს 15 დღისა. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა. საქართველოს უზენაესი სასამართლო თვლის, რომ, რადგანაც პარლამენტის არჩევნების დანიშვნის სხვა წესს საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და ასეთი უფლება არც კონსტიტუციის მე-4 თავით არის განსაზღვრული, ამიტომ პარლამენტისათვის უფლებამოსილების გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლება, მისი პირობები და მექანიზმი აისახება საქართველოს კონსტიტუციაში.
რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფის მიერ ცსკოში სარეფერენდუმოდ შეტანილ საკითხს: «გამოცხადდეს თუ არა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა, რის შემდეგაც მთელი ძალაუფლება გადაეცეს საქართველოს პრეზიდენტ ე. შ-ეს?», უზენაესი სასამართლო თვლის, რომ ცსკომ სწორად უთხრა უარი რეგისტრაციაზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის «თ» ქვეპუნქტით განსაზღვრულია ის შემთხვევები, როცა საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. აღნიშნულ საკითხს სჭირდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში, ხოლო კონსტიტუციური კანონპროექტის შეტანის წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლო თვლის, რომ, რადგანაც «რეფერენდუმის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამიტომ ზემოთ აღნიშნულ სარეფერენდუმო საკითხებში, მართალია, პირდაპირ არ არის დაყენებული რომელიმე კანონის მიღების ან გაუქმების შესახებ მოთხოვნა, მაგრამ თავისთავად იგულისხმება კონსტიტუციური კანონის მიღება, რომელიც თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა თვლის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მას უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის (ბ. გ-ა, გ. დ-ი, კ. ნ-ე, თ. რ-ე, გ. ყ-ი) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.