Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-3-კ-03 16 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მიუღებელი პენსიის და ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000წ. 25 იანვარს ბ. გ-ემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს მიერ 1998წ. ოთხი თვის გაუცემელი პენსიის 510.92 ლარის, 1999წ. სამი თვის პენსიის – 492,58 ლარის, სულ 1003,50 ლარის, პენსიის ინდექსაციის დანამატის –170 ლარის, მიუღებელი შემოსავლის 838,5 ლარის ანაზღაურება. ასევე მოითხოვა სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების 600 ლარის, ფულის ინფლაციის შედეგად მიყენებული ზიანის 700 ლარის, სულ 3312 ლარის ანაზღაურება, ასევე მატერიალური ზიანის შესაბამისი მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ იგი არის ომისა და შრომის ვეტერანი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, წოდებით პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, იმყოფება წელთა ნამსახურობის პენსიაზე. აღნიშნულის მოთხოვნის უფლებას მისი განმარტებით აძლევს ის ნორმატიული აქტები, რომლითაც განსაზღვრულია ომის ვეტერანის სტატუსი და სოციალური დაცვის პირობები. კერძოდ, “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ”, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” და “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონები.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სოციალური უფლებების, შეღავათებისა და დახმარების გარანტი კანონის უზენაესობიდან გამომდინარე თვითონ სახელმწიფოა და ეს განმტკიცებულია “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონის მე-2 მუხლის იმპერატიული ნორმით.

ბ. გ-ემ აღნიშნა, რომ მას 1998წ. აგვისტოდან და 1999წ. სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის, სულ 7 თვის პენსია არ მიუღია, აღნიშნული კი მისი ოჯახისათვის არა მარტო მატერიალური, არამედ განუზომელი მორალური ზიანიცაა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ფინანსთა სამინისტროს დაევალა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის 1998-1999 წლებში გაუცემელი პენსიის 1003,3 ლარის გადარიცხვა ბ.გ-ის ანგარიშზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ბ. გ-ემ შემდგომ შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და 1998-1999 წლების 7 თვის გაუცემელ პენსიასთან ერთად, რომლის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, მოითხოვა მოპასუხეზე განაცდურის სახით 600 ლარის დაკისრება. აპელანტმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დანარჩენი თანხების ნაწილში მოხსნა.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მ. ვ-მა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, 1998-99 წლებში 7 თვის გაუცემელი პენსიის ნაწილში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაუჭირა მხარი, ხოლო საჩივრის დანარჩენი მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს დაევალა შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ბ. გ-ის ანგარიშზე 1998-99 წლების 7 თვის გაუცემელი პენსიის _ 1061,47 ლარის გადარიცხვა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებს დააფუძნა:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბ. გ-ეს პენსია დანიშნული ჰქონდა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოთა სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. გადაანგარიშების შემდეგ 1998-99 წლებში აპელანტის მიუღებელმა პენსიამ სულ შეადგინა 1061,47 ლარი. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებას დაეთანხმა აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი მ. ვ-ი.

სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის სარჩელის მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლის 600 ლარის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში მიიჩნია უსაფუძვლოდ, რის გამოც იგი არ დაკმაყოფილდა, რადგან აპელანტმა ვერ წარმოადგინა ვერავითარი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა ზიანი მიადგა მას 7 თვის მიუღებელი პენსიის შედეგად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგასადახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ავალებდა შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთიან სახელმწიფო ფონდს ბ. გ-ის ანგარიშზე 1998-99 წლების 7 თვის გაუცემელი პენსიის გადარიცხვას 1061,47 ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რითაც უნდა მოეხდინა არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით (სსკ-ს 85-ე მუხლი) ფინანსთა სამინისტრო არ არის სათანადო მოპასუხე, რაზედაც ყველა ინსტანციაში იქნა წარდგენილი შუამდგომლობა, იმ საფუძვლით, რომ არსებობს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომლის ძირითადი მიზანია მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 7 მაისის ¹181 ბრძანებულებით დამტკიცებული აღნიშნული ფონდის დებულების თანახმად: 1. ფონდი უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების დანიშვნას. 2. მიღებული შემოსავლების ფარგლებში ოპერატიულად უზრუნველყოფს პენსიების და დახმარებების გაცემისათვის საჭირო სახსრების გადარიცხვას ე.ი. ფონდი არის პენსიის დამნიშვნელი და გამცემი. აღნიშნული შუამდგომლობები არ იქნა დაკმაყოფილებული.

კასატორის მითითებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურდიულად არ არის დასაბუთებული იმ ნაწილში, თუ რატომ უნდა დაეკისროს ფინანსთა სამინისტროს კერძო პირებზე, მოცემულ შემთხვევაში ბ. გ-ეზე, პენსიის დარიცხვა, იმ დროს როდესაც “ფონდის” უშუალო ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, ამ მიზნით სოციალური ბიუჯეტის (ფონდის შემოსავლები და ხარჯები) და პროგრამების შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება.

კასატორის განმარტებით “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად საშემოსავლო წყაროების უკმარისობის შემთხვევაში, მხოლოდ მოსახლეობის სოციალური დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განსახორციელებლად ეძლევა “ფონდს” სუფსიდიები, რადგან ამ უკანასკნელს აქვს თავისი შემოსავლები, რითაც უნდა მოახდინოს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც ავალებს ფინანსთა სამინისტროს ბ. გ-ის ანგარიშზე სახელმწიფო ერთიან ფონდს გადაურიცხოს 7 თვის გაუცემელი პენსია – 1061 ლარისა და 47 თეთრის ოდენობით.

ბ. გ-ემ საკასაციო პალატას მიმართა შეგებებული საკასაციო საჩივრით და სასარჩელო განცხადებაში მითითებული საფუძვლებით მოითხოვა მოპასუხისათვის გაუცემელი პენსიის, მიუღებელი შემოსავლის, სასამართლოს გარეშე ხარჯებისა და ფულის ინდექსაციით მიყენებული ზიანის – 3312 ლარის ოდენობით და მისი შესაბამისი მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ბ.გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ.გ-ეს მიუღებელი ჰქონდა 1998წ. 4 თვის პენსია _ 550,92 ლარის, 1999წ. 3 თვის პენსია – 510,55 ლარის, სულ – 1061,47 ლარის ოდენობით. “ძალოვანი სტრუქტურების საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მექანიზმის სრულყოფის შესახებ” ფინანსთა სამინისტროს 1999წ. 24 მარტის ¹61-ე ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, 1999წ. 1 მარტიდან თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის ბიუჯეტით განსაზღვრული პენსიების დავალიანება უნდა განხორციელდეს მიზნობრივად და ცენტრალიზებულად, ხოლო მეორე პუნქტით დადგინდა ხაზინის ცენტრალური ბუღალტერიიდან პირდაპირი გადარიცხვების განხორციელება უწყებების პენსიების დასარიგებლად საპენსიო უზრუნველყოფის მომსახურე სათაო ბანკების ანგარიშებზე. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ფინანსთა სამინისტროა ვალდებული გადაურიცხოს გაუცემელი პენსია ბ. გ-ის ანგარიშზე ერთიან სახელმწიფო ფონდს. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ბ. გ-ეს მის წერილებთან დაკავშირებით გაუცემელი პენსიების თაობაზე სწორედ მითითებულ ბრძანებაზე დაყრდნობით პასუხობდნენ შსს შესაბამისი სამსახურები, რომ მისი პენსიის გაცემა დამოკიდებული იყო ფინანსთა სამინისტროდან ამ თანხების გადმორიცხვაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 85-ე მუხლი და არ შეცვალა ფინანსთა სამინისტრო სათანადო მოპასუხით – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ფაქტობრივად დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას დაკისრებული ჰქონდა გაუცემელი პენსიის – 1003 ლარის გადარიცხვა “ფონდისთვის” ბ. გ-ის ანგარიშზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ბ. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო, როგორც აღნიშნულ იქნა, დადგენილად მიიჩნევს, რომ 1998-99 წწ. 7 თვის გაუცემელმა პენსიამ შეადგინა 1061, 47 ლარი და არა 1173,5 ლარი, როგორც ეს შეგებებულ საკასაციო საჩივარშია მითითებული. ბ. გ-ეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მოთხოვნილი სასამართლოს გარეშე ხარჯების – 600 ლარის და მიუღებული შემოსავლების – 838,5 ლარის თაობაზე და, ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო ფულის ინდექსაციით გამოწვეული ზარალის – 700 ლარის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 1998-99 წ.წ. შემდგომ პერიოდში საქართველოში ადგილი არ ჰქონდა დენომინაციის, ვალუტის შეცვლის ან ეროვნული ვალუტის _ ლარის ჰიპერინფლაციას, ხოლო ლარის მსყიდველობითუნარიანობაში მომხდარი ცვლილებები (ფულის კურსის ნორმალური გაუარესება) არ ქმნის სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენების საფუძველს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ბ. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 489-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინიტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ბ. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3 უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.