3გ-ად-3-კს-03 2 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საქმის წარმოების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 4 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ საბჭოთა წყობილების დროს ...-ის ეკლესია გაუქმებული იყო. მის ეზოში მდებარე შენობა, ე.წ. “ს.-ო” საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ახლადშექმნილ საზოგადოებას გადაეცა. მართალია, 1988 წელს ...-ის ეკლესია აღსდგა და ღვთისმსახურებაც განახლდა, მაგრამ ...-ის ეზო და სახლი კვლავ აღნიშნული საზოგადოების განკარგულებაში დარჩა.
1990წ. 12 აპრილს საქართველოს მინისტრთა საბჭოს ¹183 დადგენილებით საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საკულტო ნაგებობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა, თუმცა ძეგლთა დაცვის საზოგადოებამ სადავო ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნება გააჭიანურა. Mმეტიც, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2001წ. 15 იანვარს რეგისტრაციაში იქნა გატარებული ...-ის ეზოში მდებარე შენობა, როგორც ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის საკუთრება. საბოლოოდ, მოსარჩელემ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2001წ. 15 იანვარს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და თბილისში, შავთელის ქ. 5/7-ში მდებარე ქონების მესაკუთრედ ...-ის ეკლესიის ცნობა მოითხოვა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა უმოძრაოდ იმ მოტივით, რომ საქართველოს საპატრიარქოს საჩივარი ხელმოწერილი იყო ხ. დ.-ის მიერ ისე, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება მას მინდლობილობით მინიჭებული არ ჰქონდა.
2002წ. 29 იანვარს სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოსწორების შედეგად, წარმოებაში იქნა მიღებული.
2002წ. 5 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოცემული საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა იმ მოტივით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ იქნა მოქალაქეების ბ. ჯ.-ს და ფ. ჩ.-ის სარჩელი, რომლის დაკმაყოფილება გამოიწვევდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის რეგისტრაციის გაუქმებას მისი ყველა თანმდევი შედეგით, რაც მოცემულ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას გახდიდა შესაძლებელს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა.
2003წ. 6 იანვარს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდმა მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა, 2002წ. 12 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის განჩინებით წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 12 დეკემბრისა და 2003წ. 10 იანვრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაზე სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს. კერძოდ, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ წარდგენილი სარჩელის საგანს წარმოადგენს სადავო შენობაზე (...-ის ეზოში არსებული ნაგებობის) ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, მაშინ როცა, იმავდროულად, თბილისის საოლქო სასამართლოში I ინსტანციის წესით იხილება ბ. ჯ.-სა და ფ. ჩ.-ის სარჩელი ხსენებული ფონდის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოქალაქეთა სარჩელის დაკმაყოფილებით გაუქმდება ფონდის რეგისტრაცია მისი თანმდევი შედეგებით და, შესაბამისად, ბათილად იქნება ცნობილი მის საკუთრებად სადავო ქონების აღრიცხვის ფაქტიც, რის გამოც აზრს კარგავს წარმოდგენილი საქართველოს საპატრიარქოს სარჩელის განხილვა მანამ, სანამ არ გაირკვევა ფონდის რეგისტრაციის კანონიერების საკითხი და არ დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი.
საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია ასევე საოლქო სასამართლოს მსჯელობა და თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ფონდის რეგისტრაციის გაუქმება შემდგომში მიჩნეულ იქნება ახლად აღმოჩენილ გარემოებად და გამოიწვევს საქმის წარმოების განახლებას, თავისთავად ადასტურებს თბილისის საოლქო სასამართლოს პოზიციის მართებულობას და გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის პირველი და სსკ-ს 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრისა და 2003წ. 6 იანვრის განჩინებები.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.