3გ-ად-4ა-კ-03 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
სსკ-ს 429-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დ. ხ.-ის განცხადების დასაშვებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა დ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის განჩინება და კასატორს უარი ეთქვა ქუთაისში, ავტომშენებლის ... მიმდებარე ტერიტორიაზე აუქციონის წესით შეძენილ 60 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად 1997 წელს იჯარით აღებული 44 კვ. მ. მიწის, სულ 104 კვ. მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობაზე; დ. ხ.-ს ასევე უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის გადაუცემლობის გამო მიყენებული ზიანის 17423 ლარის ანაზღაურებაზეც და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 17423 ლარის 4 პროცენტის – 697 ლარის გადახდა.
კასატორმა დ. ხ.-მ 2003წ. 27 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა შემდეგი მოტივით:
სსკ-ს 230-ე მუხლის თანახმად, უნდა მოხდეს განჩინების ბათილად ცნობა, რადგან სასამართლოს მთავარ სხდომაზე თუ არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სასამართლო შეტყობინება დაეგზავნა 70-78–ე მუხლების დაცვით და თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან სხვა რაიმე გადასახადი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის. სსკ-ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის უხეში დარღვევაა ის გარემოება, რომ უზენაეს სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდა კასატორი დ. ხ.-ე, განჩინებაში კი განხილვის ფორმად აღნიშნულია მხარეთა დასწრების გარეშე.
საკასაციო პალატა გაეცნო რა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დ. ხ.-ის განცხადებას მიაჩნია, რომ განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
დ. ხ.-ე ერთდროულად ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებას, მაგრამ განცხადებაში არ უთითებს სსკ-ს 422-ე და 423-ე მუხლებით მკაცრად რეგლამენტირებულ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების საფუძველი, ამავე კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი კი იმპერატიულად მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან 423-ე მუხლით დადგენილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წინამძღვრები. დ. ხ.-ის განცხადება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებულ წინამძღვრებს, ამიტომ განცხადება პროცესუალურად დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ხ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის მოტივით.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.