გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-4-კ-03 14 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1999წ. 30 ნოემბერს ნ. ქ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ქ. თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 45837 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: თბილისის 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების შედეგად მას გაუნადგურდა ქონება, რის შედეგად განცდილმა მატერიალურმა ზარალმა იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროთა დასკვნების საფუძველზე 60267 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შეადგინა. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებაზე. აღნიშნული განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებულმა ზარალმა 8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მოპასუხე მხარემ _ ქ. თბილისის მერიამ წარმოდგენილ შესაგებელში თავი არასათანადო მოპასუხედ მიიჩნია და სათანადო მოპასუხით _ ფინანსთა სამინისტროთი შეცვლა მოითხოვა. მისი განმარტებით, ქ. თბილისის მერიას დაზარალებულთა მიმართ მატერიალური ზარალის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულების და 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების შესაბამისად ვალდებულებები არ გააჩნდა.
თანამოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სათანადო მოსარჩელეს ქ. თბილისის მერია წარმოადგენდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 45837 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა თბილისის მერიაზე თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში იმ მოტივით, რომ თბილისის მერია აღნიშნულ დავაში სათანადო მოპასუხეს არ წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული დაზარალებულ მოქალაქეთა მატერიალური ანაზღაურების საკითხები, კერძოდ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-5 პუნქტი.
აპელანტის მითითებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ერთ კვირაში შეემუშავებინა პარლამენტისადმი წარსადგენად წინადადებები 1996წ. განმავლობაში მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 5 მლნ ლარის გამოსაყოფად დაფინანსების დამატებითი წყაროების გამოძებნის შესახებ, ხოლო 1997წ. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შეეტანა დანარჩენი თანხის 1997წ. ბიუჯეტიდან ანაზღაურების საკითხი, თბილისის მერიას კი დაევალა უზრუნველეყო მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება თბილისის 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ასევე ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ნ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა ქ. თბილისის მერიის მიმართ შემდეგი საფუძვლებით: მინისტრთა კაბინეტის ¹336 დადგენილების მე-3 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის ¹197 ბრძანებულების მე-4 და ¹180 განკაგულების მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო შეემუშავებინა კონკრეტული წინადადებები შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოსაძებნად და აესახა ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში, ხოლო თანხების ასათვისებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება თბილისის მერიას დაევალა.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ. ქ-ის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა 2417 აშშ დოლარით შეამცირა, იმ მოტივით, რომ სხვაობა თავდაპირველ მოთხოვნასა და შემცირებულ მოთხოვნას შორის ნ. ქ-ეს მიღებული ჰქონდა თბილისის მერიისაგან, რასაც თბილისის მერიის ¹192 დადგენილებაც ადასტურებდა. ზემოთ მითითებულ შუამდგომლობას დავის საგნის შემცირების თაობაზე აპელანტების ქ. თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, რის შემდეგაც მოსარჩელის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის შემცირების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვტილება. ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 44408 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სკ-ს 163-ე მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო კონკრეტულ დავაში სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ურთიერთობა დაზარალებულ მოსახლეობას და სახელმწიფოს შორის 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში წარმოიშვა, მოსახლეობის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულება სახელმწიფოს მიერ პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულების მიხედვით, ნაკისრი იქნა ახალი სკ-ს შესაბამისად. ამდენად, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს ახალი სკ-ით დადგენილი ნორმები, ხოლო სკ-ს 465-ე მუხლი კრედიტორს უფლებას ანიჭებს თავისი სურვილისამებრ შესრულება ნებისმიერ მოვალეს მოსთხოვოს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ნ. ქ-ის მიერ სარჩელის სასამართლოში აღძვრისას იქნა გამოყენებული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით ქ. თბილისის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული 1991-92 წლებში დაზარალებულ მოქალაქეთა მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტით უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურება სახემწიფო ბიუჯეტიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ფინანსთა სამინისტრომაც გაასაჩივრა. კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში თანხების ანაზღაურების საკითხის შეტანა და არა ბიუჯეტის კანონში თანხების დამტკიცება, რაც პარლამენტის კომპეტენციია და ამდენად, ფინანსთა სამინისტრო ვერ გასცემდა თანხებს, ვინაიდან ბიუჯეტის შესახებ კანონით ასეთი რამ გათვალისწინებული არ იყო.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის საკითხზეც და მოსარჩელეების მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნია, ვინაიდან 1997 წლიდან მათ გაშვებული აქვთ ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რადგან, მართალია, სახელმწიფომ აღიარა ამ მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და მისი ანაზღაურება ივალდებულა, მაგრამ მას არ უღიარებია ამ ზიანის სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მიყენების ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
საკასაციო სასამართლო სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზეც კასატორების მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ქ-ე 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირს წარმოადგენს. დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 1999წ. 10 ოქტობრის ¹91 გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ნ. ქ-ეს განცდილმა მატერიალურმა ზარალმა 60267 აშშ დოლარი შეადგინა. 1992 წლიდან კი მას 14430 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა აუნაზღაურდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია სადავოდ გახადოს მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა (მით უფრო, რომ არც თბილისის მერიას და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდიათ) და სასამართლო საკასაციო საჩივრების ფარგლებში იმსჯელებს მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ 44408 აშშ დოლარის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების კანონიერების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 44408 აშშ დოლარის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების უკანონობის შესახებ, რადგან “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹180 განკარგულების, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად მითითებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების: “ქ. თბილისის 1991წ. დეკემბერსა და 1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹197 ბრძანებულების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში – მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, სკ-ს 463-ე მუხლის თანახმად, მართებულად ცნო თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო სოლიდარულ მოვალეებად – ამასთან, საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ სკ-ს 473-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შემსრულებელ მოვალეს აქვს დანარჩენი მოვალის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება, წილთა თანაბრობის კვალობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან მართალია მოსარჩელეს ზიანი 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მიადგა და სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე 2000 წელს აღძრა, მაგრამ რადგან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის, 8 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ უარყოფს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964წ. 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო კოდექსის 1997წ. 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და ამიტომ დაზარალებულთა სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო მართალია არსებითად არ იზიარებს საკასაციო საჩივრებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უსწოროდ გამოყენების ნაწილში საკასაციო სასამართლო ეთანხმება ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ დაზარალებულთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღნიშნული ნორმის მითითება უმართებულოა, რადგან სახელმწიფოს მიერ უკანონო მოქმედებით მოპასუხეებისათვის ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.