გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-4-კს-03 20 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლროს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად განიხილა შპს «ე-ის» კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შსს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ...მა შუამდგომლობით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს შპს «ე-ის» სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების ჩასატარებლად ბრძანების გაცემის შესახებ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 30 აპრილს გაცემულ იქნა ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 აგვისტოს ბრძანებით მ. ც-ის, გ. ი-ის და მ. ყ-ის საჩივარი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის ბრძანებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და განუხილველად დატოვებული იმ მოტივით, რომ არ იყო წარმოდგენილი შპს «ე-ის» წარმომადგენლობაზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი – მინდობილობა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ ბრძანებაზე შეტანილ იქნა კერძო საჩივარი მ. ც-ის, გ. ი-ის და მ. ყ-ის მიერ. სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი უმოძრაოდ იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ არ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობები არ იყო წარდგენილი სამართალწარმოების ენაზე, ხოლო 2002წ. 2 სექტემბერს ქ. სალონიკში შედგენილი მინდობილობა არ იყო ლეგალიზებული დადგენილი წესით და მხარეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრები და მინდობილობები სამართალწარმოების ენაზე. რაც შეეხება ქ. სალონიკში გაცემულ მინდობილობას, მხარემ მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება ქ. სალონიკში გაცემული მინდობილობის ლეგალიზაციის პროცესის დასასრულებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 იანვრის განჩინებით მ. ც-ის, გ. ი-ის, მ. ყ-ის კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 2002წ. 9 აგვისტოს ბრძანებაზე შპს «ე-ის» სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების თაობაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვინაიდან შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ და საქმის მასალებთან ერთად გადაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს «ე-ის» დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – საზოგადოების დირექტორი – ზ. კ-ი იყო, რომელმაც 2002წ. 18 მაისს ქ. თბილისში, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით ფირმის მთავარ ბუღალტერ მ. ა-ს და ფირმის ბუღალტერ მ. ც-ს ერთობლივად მიანიჭა საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება. მ. ც-ს ცალმხრივად არ ჰქონდა შპს «ე-ის» წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მარწმუნებლის, შპს «ე-ის», წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის – დირექტორის მიერ გაცემული მინდილობილობა სპეციალური აღნიშვნით, რომ მ. ც-ს, გ. ი-ეს და მ. ყ-ს მარწმუნებლის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გააჩნდათ ვინაიდან სსკ-ს 98-ე მუხლის შესაბამისად ასეთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ სპეციალურად უნდა ყოფილიყო აღნიშნული მინდობილობაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 იანვრის განჩინება და კერძო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1 თავი განსაზღვრავს მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესს. აღნიშნული თავის 213 მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად «სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება», მაგრამ ამავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური წესით, საჩივრის შესვლიდან 3 დღის განმავლობაში».
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მაგრამ ასეთი ბრძანება მიღებული უნდა იქნეს საქმის არსებითად განხილვის შედეგად. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 9 აგვისტოს ბრძანებით შპს «ე-ის» წარმომადგენლების: მ. ც-ის, გ. ი-ის და ადვოკატ მ. ყ-ის საჩივარი სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ განუხილავს, და განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო, ამიტომ თვით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი გასაჩივრება კერძო საჩივრით და და წარდგენილი კერძო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად მხარეს მიეცა ვადა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ გამოსწორებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით მითითებული ხარვეზი. კერძოდ, წარდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სამართალწარმოების ენაზე შესრულებული მინდობილობა. აღნიშნული მინდობილობა გაცემულია ქ. თბილისში 2001წ. 18 მაისს, საზოგადოების შპს «ე-ის» წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დირექტორ ზ. კ-ის მიერ, ამავე ფირმის საზოგადოების მთავარ ბუღალტერ მ. ა-ზე და ბუღალტერ – მ. ც-ზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წარმომადგენლებს მ. ც-ს და მ. ა-ს აღნიშნული მინდობილობით წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭებოდათ ორივეს ერთობლივად და ცალ-ცალკე მათ წარმომადგენლობის უფლებამოსილება არ გააჩნდათ, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე მინდობილობაში მინიშნებული არ არის, რაც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითოეულ წარმომადგენლს დამოუკიდებლად არ ჰქონდათ წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ ვერ იქნა წარმომადგენელი დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა სპეციალური აღნიშვნით, რომ უფლება ჰქონდათ მარწმუნებლის სახელით გაესაჩივრებინათ სასამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან 2001წ. 18 მაისს გაცემული მინდობილობით შპს «ე-ის» დირექტორმა სრული უფლებამოსილება მიანიჭა წარმომადგენლებს, საზოგადოების სახელით ეწარმოებინათ ყველა საქმეები და თავიანთი შეხედულებით უფლებამოსილება გადაეცათ სხვა პირებისათვის, გარდა ფულადი ოპერაციებისა.
აღნიშნული მინდობილობის გარდა მ. ც-ის და მ. ა-ის სრულუფლებიან წარმომადგენლობას ადასტურებს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული მოსამართლის 2002წ. 30 აპრილის ბრძანებაც, სადაც მითითებულია, რომ მინდობილობის საფუძველზე დირექტორის ფუნქციას ასრულებენ და ორგანიზაციის სახელით მოქმედებენ მ. ც-ი და მ. ა-ი.
სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საზოგადოების დირექტორისაგან წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სპეციალური უფლებამოსილება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მ. ც-ი ასრულებდა დირექტორის ფუნქციას და მას სრული უფლებამოსილება გააჩნდა, საზოგადოების სახელით შეესრულებინა ყველა მოქმედება, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა, მათ შორის გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან უფლება ჰქონდა, თავისი შეხედულებით სხვა პირისათვის გადაეცა უფლებამოსილება, გარდა ფულადი ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობისა.
საქმეზე წარმოდგენილი 2002წ. 17 დეკემბერს გაცემული მინდობილობით მ. ც-მა უფლებამოსილება გადასცა გელა ი-ეს, ეწარმოებინა შპს «ე-ის» საქმეები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და სასამართლოში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ი-ეზე მინდობილობა გაცემულიც რომ არ ყოფილიყო, აღნიშნული გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო კერძო საჩივრის დაუშვებლობის მოტივი, ვინაიდან, კერძო საჩივარს ხელს აწერს მ. ც-ი, რომლის საზოგადოებაზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება დადასტურებულია რაიონული სასამართლოს ბრძანებით და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მინდობილობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 417-ე და 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ე-ის» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 იანვრის განჩინება.
3. შპს «ე-ის» კერძო საჩივარი დასაშვებად იქნეს მიჩნეული და არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.