Facebook Twitter

3გ-ად-5-კ-03 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბაღდათის რაიონის სოფ. ......-ში, ე.წ. ......-ის უბანში მდებარე სადავო 0,30 ჰა მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა მოსარჩელის მეუღლეს თ. ყ-ის წინაპრებს, რომლებმაც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ნაკვეთი მიატოვეს და საცხოვრებლად გადავიდნენ ბაღდათის რაიონის სოფ. საკრაულაში, რის შემდეგაც, 1947 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გადაეცა მოპასუხე ჯ. ყ-ის მამას – ზ. ყ-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგ ამ მიწით სარგებლობდნენ მისი ოჯახის წევრები.

......-ის საკრებულოს გამგეობის 1991წ. 27 დეკემბრის ¹113 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ყ-ის განცხადება და იგი აყვანილი იქნა სოფ. .......-ში კომლად. ამავე გადაწყვეტილებით გადაწყდა თ. ყ-ის მიწის ნაკვეთით დაკმაყოფილება. .......-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1992წ. 30 ივლისის ¹107 გადაწყვეტილებით თ. ყ-ს თავის მამიპაპისეული ნაკვეთიდან ე.წ. .....-ის უბანში გამოეყო 0,30ჰა სადავო მიწის ნაკვეთი. 1992წ. 17 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა თ. ყ-ი. ......-ის თემის საკრებულოს გამგეობის 1994წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით, კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალებისა და დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიუღებლობის გამო გაუქმებულ იქნა თ. ყ-ის კომლი.

.......-ის საკრებულოს მოსახლეობის წარმომადგენელთა კრების (ყრილობის) 1993წ. 15 სექტემბრის ¹1 ოქმით, ......-ის ტერიტორიაზე მიწის სარეფორმო კომისიის მუშაობა ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად და გაუქმდა მათ მიერ მოსახლეობაზე გაცემულ აქტებში შეტანილი მონაცემები.

1993წ. 23 ივლისს .......-ის ......-ისა და .......-ის უბნის კრების ოქმით დაკმაყოფილდა ჯ. ყ-ის თხოვნა და მას მიეზომა დედის – ვ. ყ-ის სარგებლობაში არსებული მიწის (სადავო მიწის) ფართობიდან 0.15ჰა ფართობი, ხოლო დარჩენილი 0.08ჰა ფართობი გადაეცა სხვა მემკვიდრეებს. ამავე ოქმით არაკანონიერად ჩათვალა .......-ის საკრებულოს გამგეობის 1992წ. 30 ივლისის ¹107 გადაწყვეტილების საფუძველზე, თ. ყ-ზე მიწის ნაკვეთის დამტკიცება და ეთხოვა საკრებულოს გამგეობას აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, რის შემდეგაც 1994წ. 29 ივლისს ჯ., ლ., ვ. და ნ. ყ-ებზე გაიცა სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, რაც დამტკიცებული იქნა ......-ის საკრებულოს გამგეობის 1994წ. 29 დეკემბრის ¹190 გადაწყვეტილებით.

გარდაცვლილ თ. ყ-ის მეუღლემ, კასატორმა მ. ყ-მა 1998წ. 23 აპრილს სარჩელით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ თ. ყ-ს 1992წ. 30 ივლისის ......-ის სასოფლო საბჭოს ¹107 გადაწყვეტილებით კანონიერად გადაეცა სადავო 0,30 ჰა მიწის ნაკვეთი. ......-ის საკრებულომ ისე, რომ არ გაუუქმებია აღნიშნული გადაწყვეტილება და ასევე თ. ყ-ის კომლად მიღების გადაწყვეტილება, ჯ. ყ-ს გადასცა მისი მეუღლის კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ თავისი მეუღლის სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება მოხდა საპატიოდ, დროის უქონლობის გამო, ამიტომ დაუშვებელი იყო თ. ყ-ის კომლის გაუქმება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ყ-მა მოითხოვა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობისა და სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, თ. ყ-ის კომლის მემკვიდრედ ცნობა და სადავო 0,30ჰა მიწის ნაკვეთის მის სახელზე დაკანონება, ხოლო სასამართლოში ხელმეორედ შეტანილ სარჩელში ასევე მოითხოვა ჯ. ყ-ისათვის გადაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 1994წ. 29 დეკემბრის ¹190 გადაწყვეტილების გაუქმება.

სარჩელი არ ცნო ვ. ყ-მა. მისი განმარტებით, თ. ყ-ის კომლად აყვანა და მასზე სადავო ნაკვეთის გადაცემა მოხდა უკანონოდ, ვინაიდან ეს ნაკვეთი 1947 წლიდან ეკუთვნოდა მის მამას ზ. ყ-ს, ხოლო შემდეგ მემკვიდრეობით გადაეცა მას. რაც შეეხება მოსარჩელის მიუღლეს თ. ყ-ს, იგი 1976 წლიდან გარდაცვალებამდე ჩაწერილი იყო ქუთაისში, სოფ. .....-ში არასოდეს უცხოვრია, რის გამოც არ უნდა მომხდარიყო მისი კომლად მიღება და მასზე სადავო ნაკვეთის გადაცემა. გარდა ამისა, თ. ყ-ი არასოდეს ყოფილა სადავო მიწის მესაკუთრე, ვინაიდან მას 1992წ. 29 მაისს მხოლოდ მიუზომეს მიწის ნაკვეთი და საკუთრებაში არ გადაუციათ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა დაიწყო მხოლოდ 1996 წლიდან. ჯ. ყ-მა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ .......-ის სოფლის ყრილობის 1993წ. 15 სექტემბრის ოქმით გაუქმებული იქნა სარეფორმო კომისიის მიერ მოსახლეობაზე გაცემულ აქტებში შეტანილი მონაცემები, მათ შორის თ. ყ-ზე სადავო მიწის გადაცემის გადაწყვეტილებაც. მოსარჩელეს ეს აქტი არ გაუსაჩივრებია და აქედან გამომდინარე, მისი პრეტენზიები მიწის ნაკვეთზე უსაფუძვლოა.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1998წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა .......-ის საკრებულოს 1994წ. 24 დეკემბრის ¹190 გადაწყვეტილება. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებული იქნა პროტესტის წესით, რის შემდეგაც იგი აცილების წესით დაექვემდებარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ყ-ის სასარჩელო მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა თ. ყ-ისათვის მიწის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და ვერ დაადასტურა, თუ რომელი ნაკვეთი და რა საზღვრებში გადაეცა მას. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 30 დეკემბრისა (ს.ფ. 293-296. ტ1) და უზენაესი სასამართლოს 2000წ. 17 აპრილის განჩინებით.

2000წ. 13 ივლისს მ. ყ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. ახლად აღმოჩენილ გარემოებად მან მიუთითა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 29 მაისის ¹4-ჩ-15 წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქე, რომელიც 1992წ. 1 იანვრის მდგომარეობით ჩაწერილი იყო სოფლად და აყვანილი კომლად, ითვლება სოფელში მუდმივად მცხოვრებ პირად და მას მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-8 პუნქტის თანახმად, პირველ რიგში უნდა მიცემოდა მიწის ნაკვეთი.

მ. ყ-მა ქუთაისის საოლქო სასამართლოში წარადგინა დამატებითი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, სადაც ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია ასევე .......-ის საკრებულოს ყოფილ გამგებლის თ. ჯ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის აბრისები (გრაფიკული გამოსახულება), რომლითაც მოსარჩელის განმარტებით, დასტურდება თუ რომელი ნაკვეთი გადაეცა თ. ყ-ს და რა საზღვრებში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 მარტის განჩინებით ნ. ყ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, ასევე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 30 დეკემბრის და უზენაესი სასამართლოს 2000წ. 17 აპრილის განჩინება და საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ყ-ის სარჩელი ......-ის საკრებულოს გამგეობის 1994წ. 24 დეკემბრის ¹190 გადაწყვეტილების გაუქმების, მისი მემკვიდრედ ცნობისა და მიწის ნაკვეთის მის სახელზე დაკანონების თაობაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 მარტის განჩინება და ამავე სასამართლოს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1) სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მიწა არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული სიმდიდრე და მისი საკუთრება. თ. ყ-ისათვის მიწის ნაკვეთის შერჩევის შესახებ 1992წ. 29 მაისის აქტი გაუქმდა ......-ის სოფლის ყრილობის 1993წ. 15 სექტემბრის დადგენილებით, რაც არ გასაჩივრებულა და ამიტომ მისი მოქმედება ისევ ძალაშია. აქედან გამომდინარე, სადავო ნაკვეთი ჩამოერთვა თ. ყ-ს და იგი ჯ. ყ-ისათვის გადაცემამდე წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას;

2) სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან თ. ყ-ი გარდაიცვალა 1992წ. 17 ოქტომბერს, ამიტომ იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წლის) 556-ე მუხლის მიხედვით, თ. ყ-ის სამკვიდროს მიღება უნდა მომხდარიყო 6 თვის ვადაში, რასაც ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან თ. ყ-ის კომლში სხვა არავინ ცხოვრობდა (მისი ოჯახის წევრები ჩაწერილი იყვნენ და ცხოვრობდნენ ქ. ქუთაისში) და სამკვიდროს მიღებაც არ მომხდარა კანონით დადგენილ ვადაში, ამიტომ .......-ის საკრებულოს გამგეობის 1994წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით სწორად მოხდა თ. ყ-ის კომლის გაუქმება. აღნიშნულის გამო, სადავო ნაკვეთი აღარ წარმოადგენს თ. ყ-ის სამკვიდრო მასას და მასზე სამკვიდროს მიღების ვადაც ვერ აღდგება;

3) სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ყ-ის მამას ზ. ყ-ს სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში ჰქონდა 1947 წლიდან, რომლის გარდაცვალების შემდეგ ამ ნაკვეთით სარგებლობდნენ მისი ოჯახის წევრები. ჯ. ყ-ის დედის ვ. ყ-ის გარდაცვალების შემდეგ 1987წ. 7 დეკემბერს, ეს ნაკვეთი სხვა შვილებთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო ჯ. ყ-მა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის და .......-ის გამგეობის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, თითქოს ჯ., ლ., და ნ. ყ-ებზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტები ყალბია, ვინაიდან მათ 1994წ. 29 ივლისს მიეცათ მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო ამის შემდეგ, 1994წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოეყოთ სადავო მიწა, ე.ი. ჯერ მოხდა აქტების გაცემა, ხოლო შემდეგ მიწის გამოყოფა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1994წ. 29 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტებით მესამე პირებს მხოლოდ გამოეყოთ მიწის ნაკვეთი, ხოლო 1994წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოხდა ამ აქტების დამტკიცება, რაც არ იძლევა მათი სიყალბისა და შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველს;

4) სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996წ. 22 მარტის ¹66 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48, 1992წ. 6 თებერვლის ¹128, 1992წ. 10 მარტის ¹290, 1992წ. 22 სექტემბრის ¹949, 1993წ. 16 იანვრის ¹39, 1993წ. 24 თებერვლის ¹148, 1993წ. 28 ივნისის ¹503, 1994წ. 29 ნოემბრის ¹815, 1995წ. 10 მარტის ¹129 დადგენილების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992წ. 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 30 დეკემბრის ¹249 განკარგულების, 1995წ. 22 თებერვლის ¹166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად. ვინაიდან ჯ. ყ-ს სადავო ნაკვეთი გადაცემული ქონდა კანონიერ სარგებლობაში, ამიტომ ზემოაღნიშნულ აქტების საფუძველზე ნაკვეთი გახდა მისი საკუთრება;

5) სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 მარტის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, ვინაიდან ეს განჩინება არის სააპელაციო წესით გასაჩივრებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წის 28 მაისის გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინება, ასევე უნდა გაუქმდეს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და აღდგენილ იქნეს პირვანდელი მდგომარეობა, ე.ი. კანონიერად უნდა ჩაითვალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ 2001წ. 12 მარტის განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ სადავო ნაკვეთის გრაფიკული გამოსახულება უკვე არსებობს საქმეში და იგი არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ფარემოებას, რაც შეეხება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 29 მაისის ¹4-ჩ-15 წერილს, არც იგი შეიძლება ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან ამ წერილის მოპოვება მ. ყ-ს შეეძლო ჯერ კიდევ 1998წ. სასამართლოში სარჩელის შეტანამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მ. ყ-ი, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას საპროცესო ნორმების დარღვევის გამო და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას იმავე სასამართლოში. კასატორი ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:

1) კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილი და უკანონოდ გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 მარტის განჩინება. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მართალია, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სასამართლო გადაწყვეტილების წინმსწრებ განჩინებებზეც, მაგრამ მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ე.ი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აპელანტი მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივრით არ ყოფილა დაყენებული 2002წ. 12 მარტის განჩინების გაუქმება;

2) კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 386-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას უარი უთხრა არა განჩინებით, არამედ გადაწყვეტილებით. ამავე დროს თუმცა არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ხელახლა არსებითად არ გადაწყვიტა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართალია გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 მარტის განჩინება, მაგრამ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არც დააკმაყოფილა და არც მის დაკმაყოფილებაზე თქვა უარი. სარჩელისა და განცხადების დაკმაყოფილებისა თუ დაუკმაყოფილებლობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილში არ არის ჩამოყალიბებული, რის გამოც გადაწყვეტილება იურდიულად დაუსაბუთებელია;

3) კასატორის მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად, ვინაიდან იგი გაუქმებულია ამავე სასამართლოს 2001წ. 12 მარტის განჩინებით, საქმის წარმოება განახლებულია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გარდა ამისა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგნით და საფუძვლით, სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, არის საქმის წარმოების შეწყვეტის და არა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

მოწინააღმდეგე მხარის – ბაღდათის რაიონის სოფ. ......-ის საკრებულოსა და მესამე პირთა წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივარი დაფუძნებულია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანაზე. არსებითად, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების მართებულად გამოყენება-განმარტებაზე კასატორი ამჯერად არ დავობს, ამიტომ სსკ-ს 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შეამოწმებს მხოლოდ პროცესუალური თვალსაზრისით.

2. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაზე, სააპელაციო საჩივრის ფარგლების გადაცილებაზე კასატორის მითითებას, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, მართალია, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს ე.ი. ქუთაისის საოლქო სასამართლო ვალდებული იყო მ. ყ-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეემოწმებინა მხოლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილება, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია: “სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა”.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განჩინების გასაჩივრებას რადგან მოქმედი სსკ არ ითვალისწინებს, არამედ ამ კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება, ამიტომ კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილი იყო მ. ყ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან ერთად შეემოწმებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ე.წ. წინმსწრები 2001წ. 12 მარტის განჩინების კანონიერება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არარსებობის გამო გაეუქმებინა იგი. საკასაციო პალატა იმ გარემოებასაც ითვალისწინებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი მაინც იქნა შეტანილი ჯ. ყ-ის მიერ, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არარსებობის გამო ითხოვდა 12 მარტის განჩინების გაუქმებას, მაგრამ კერძო საჩივარი, სსკ-ს 414-ე, 429-ე მუხლების საფუძველზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 მარტის განჩინებით, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 აპრილისა და უზენაესი სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის განჩინებებით.

საყურადღებოა, რომ საქმის წარმოების განახლების შემდეგაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 მაისის ახალი გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა კასატორ მ. ყ-ის სარჩელი და არსებითად .......-ის თემის საკრებულოსა და მესამე პირთა სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რის გამოც ისინი პროცესუალურად არაუფლებამოსილნი იყვნენ სააპელაციო წესით გაესაჩივრებინათ მათი სასარგებლო გადაწყვეტილება და ამ გზით გაეხადათ სადავოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 მარტის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლების გადაცილებით გადაწყვეტილების გამოტანას ადგილი არ ჰქონია და სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილი იყო ემსჯელა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მართლზომიერებასა და 2002წ. 12 მარტის განჩინების კანონიერებაზე. ამიტომ ამ ნაწილში, უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარს, მაგრამ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილთან დაკავშირებით. კერძოდ, სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის (განცხადების) დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ, აგრეთვე მითითებას გასაჩივრების წესსა და ვადაზე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, მართალია, შეიცავს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. ყ-ის განცხადებისა და 2001წ. 12 მარტის განჩინების საფუძვლიანობა-კანონიერებაზე, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითება მ. ყ-ის განცხადების განხილვის შედეგზე ანუ მითითებულია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 მაისის ახალ არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად გაუქმდა ამავე სასამართლოს 2001წ. 12 მარტის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილში არ არის სასამართლოს დასკვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. ყ-ის განცხადების თაობაზე, რაც ზემოაღნიშნული კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის უხეში დარღვევაა, რამაც გამოიწვია გადაწყვეტილების გასაჩივრების წესების დარღვევაც, რადგან თუ სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევდა მ. ყ-ის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე, სსკ-ს 429-ე მუხლის თანახმად, დაუშვებლობის მოტივით განცხადება განუხილველად უნდა დაეტოვებინა თავისი განჩინებით (და არა გადაწყვეტილებით), რომელიც კერძო საჩივრით საჩივრდება, სააპელაციო პალატამ კი თავისი გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებაზე მიუთითა.

ამდენად, საკასაციო პალატა სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ იზიარებს მ. ყ-ის საკასაციო საჩივარს სააპელაციო ფარგლების გადაცილებით საქმის განხილვის შესახებ, მაგრამ 249-ე მუხლის მე-5 ნაწილთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე მ. ყ-ის განცხადების საკითხის გადაუწყვეტლობის ნაწილში საკასაციო სასამართლო ეთანხმება საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ამ ნაწილში კასაცია უნდა დაკმაყოფილდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბურუნდეს იმავე სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.