3გ-ად-5-კ.ს-03 27 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ინდივიდუალურმა მეწარმე “კ.-მ” მოპასუხეების: საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ...-ის სამინისტროს 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანების (“იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის “ა” და “ბ” ჯგუფის დაავადებათა გამოვლენა”) ბათილად ცნობა და გასაჩივრებული ბრძანების იმ ნაწილში შეჩერება, რომლითაც აღნიშნულ ნუსხაში შეყვანილი იქნა ინდოეთი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 დეკემბრის განჩინებით ინდივიდუალური მეწარმე “კ.-ის” სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 29 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეჩერებულად ჩაითვალა ...-ის სამინისტროს 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანების მოქმედება ინდოეთის მითითების ნაწილში.
სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ...-ის სამინისტრომ და მოითხოვა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 25 დეკემბრის განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც გასაჩივრებული აქტი შეჩერდა. კერძო საჩივარი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
სასამართლომ ისე შეაჩერა გასაჩივრებული აქტი, რომ არ იმსჯელა მისი შეჩერების სამართლებრივ ბუნებაზე. განჩინებაში, ისევე როგორც მოსარჩელის მოთხოვნაში, მითითებული არ იყო: იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებელობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
სასამართლოს მიერ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გასაჩივრებული ბრძანების შეჩერება, რომელიც მოსახლეობისა და მომხმარებლების უფლების დასაცავად იყო მიღებული, არნახულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა: ქვეყანაში იქმნებოდა ადამიანისა და ცხოველებისათვის საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების რეალური საფრთხე, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა იმ ქვეყნის ნუსხა, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინალური კოდექსის “ა” და “ბ” ჯგუფის დაავადებების გამოვლენას. საერთაშორისო ეპიზოოტიის ბიურო, ვეტერინარიის სფეროში წარმოადგენდა უმაღლეს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მიერ დამტკიცებული ნუსხა მისი წევრი ქვეყნისათვის წარმოადგენს სავალდებულოდ სახელმძღვანელოს და მასში საქართველო 1994 წლიდან იყო გაწევრიანებული. სწორად აღნიშნული ორგანიზაციის მიერ იქნა ამოღებული ინდოეთი, სადაც მისი მონაცემებით გავრცელებული იყო საშიში ინფექციური დაავადებები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 იანვრის განჩინებით ...-ის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი _ საქართველოს ...-ის სამინისტროს 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანება წარმოადგენდა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რის თაობაზეც მითითებული იყო მინისტრის 2002წ. 26 სექტემბრის ¹2-132 ბრძანების მე-3 პუნქტშიც.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლი ითვალისწინებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შესაძლებლობას და მისი შეჩერება დამოკიდებული არ იყო სასამართლოს ნებაზე, არამედ დაკავშირებული იყო სასამართლოში სარჩელის წარდგენასთან, რაც ავტომატურად აჩერებდა გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...-ის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათაAგამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი პირველი პუნქტის თანახმად სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადადებული აღსრულების აუცილებლობა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართალია ...-ის სამინისტროს გასაჩივრებული აქტის მიღებისას არ მიუღია დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მაგრამ ის გარემოება, რომ “ქვეყანაში ვეტერინალური ეპიზოოტური კეთილს.-ბის შესახებ” ...-ის სამინისტროს 2002წ. 26 სექტემბრის ¹2-132 ბრძანებით დაწესდა განსაკუთრებული კონტროლი იმ ქვეყნებიდან ტვირთების იმპორტის ტრანსპორტირებისა და რეექსპორტის განხორციელებაზე, რომლებშიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით გავრცელებულია საერთაშორისო ვეტერინალური კოდექსით განსაზღვრული “ა” და “ბ” ჯგუფის დაავადებები, რომელთა უმრავლესობა საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაუდებლად აღსასრულებელ ადმინსტრაციულ აქტს, რომლის მოქმედება სასამართლოში სარჩელის წარდგენით ავტომატურად არ ჩერდება. ამასთან, გასაჩივრებული ბრძანება ¹2-139 წარმოადგენს მინისტრის ¹2-132 ბრძანების (რომელიც “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს) განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიების განხორციელება მინისტრის ¹2-139 ბრძანებით დამტკიცებული ქვეყნების ნუსხის გარეშე შეუძლებელს გახდიდა გასატარებელი ღონისძიებების შესრულებას, აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია ზემოაღნიშნული ბრძანების ცალ-ცალკე, ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებად განხილვა მათი შინაარსის გათვალისწინებით და თვლის, რომ იგი განხილულ უნდა იქნეს ერთობლიობაში.
...-ის სამინისტროს ბრძანებები (32-132, ¹2-138), ბრძანების ტექსტის თანახმად, გამოცემულია საერთაშორისო ეპიზოოტოლოგიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და აღნიშნული ბრძანებებით დაცული სიკეთე (მოსახლეობის ჯანმრთელობა) პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ...-ის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს გასაჩივრებული ბრძანების შეჩერება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ...-ის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 დეკემბრის ¹3ა-519 განჩინება საქართველოს ...-ის მინისტრის 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანების მოქმედების შეჩერების ნაწილში და 2003წ. 15 იანვრის განჩინება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.