Facebook Twitter

3გ-ად-6ა-03 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია, ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 18 დეკემბერს დ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 9 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, 2001წ. 15 ნოემბრიდან სახლის ნასყიდობასთან დაკავშირებით მიღებული ან შექმნილი დოკუმენტაციას ბათილად ცნობა და გ. თ-ასათვის 200 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 9 თებერვალს ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაინიშნა აუქციონი გ. ბ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე, გ. თ-ასათვის ვალის დაფარვის მიზნით, მაგრამ იგი არ შედგა მყიდველის გამოუცხადებლობის გამო. როდესაც დ. ბ-ემ გაიგო აუქციონის ჩატარების შესახებ მან განუცხადა აღმასრულებელს, რომ გ. ბ-ეს ჰქონდა მისი ვალი 2500 აშშ დოლარი, მაგრამ სააღსრულებო ფურცელი ან სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ წარუდგინა. მან სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ. ბ-ისაგან ვალის დაბრუნება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სახლზე ყადაღის დადება. სასამართლოს მიერ არ იყო შეჩერებული სააღსრულებო წარმოება, ბათუმის სააღსრულებო ბიურომ 2001წ. 9 მარტს დანიშნა მეორე აუქციონი და რადგან ამჯერადაც არ გამოჩნდა მყიდველი, აღმასრულებელმა კრედიტორ გ. თ-ას ვალში გადასცა გ. ბ-ის სახლი.

სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეს დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ, მაგრამ ვინაიდან ამ დროისათვის სახლი აღარ ირიცხებოდა გ. ბ-ის საკუთრებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა ვალის ამოღება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ბ-ის მოთხოვნა სახლზე საკუთრების უფლების ბათილად ცნობის შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნას ნიშნავს, რაც არასწორია, ვინაიდან სსკ-ს 265-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სსკ-ს 421-432-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, რაც ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარის განცხადებით ბათილად ცნობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დ. ბ-ე არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მხარეს არ წარმოადგენდა. ამდენად, დ. ბ-ეს არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს მიღებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის სათანადო მხარემ, გ. ბ-ემ, რომლის საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება მოიპოვა მოპასუხე გ. თ-ამ და რომელიც არის დ. ბ-ის მოვალე, წერილობით ცნო აუქციონის შედეგები, დაადასტურა გ. თ-ას, როგორც ახალი მესაკუთრის უფლებამოსილება სახლზე და განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც იგი წყვეტდა გ. თ-ასთან ყოველგვარ დავას.

სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლოა დ. ბ-ის მოთხოვნა 2001წ. 9 მარტის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით და მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აუქციონი ჩატარებულია სკ-ს 300-309-ე მუხლებისა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 68-77 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აუქციონის ჩატარების კანონიერება დაადასტურა აჭარის იუსტიციის სამინისტრომ, რომლის დასკვნის თანახმად, აბსოლუტურად კანონიერია, რომ აუქციონის ორჯერ ჩატარების შემდე, გ. თ-ას, განცხადების საფუძველზე, თანახმად სააღსრულებო წარმოებათა შესაებ კანონის 771-ე მუხლისა, მას გადაეცა ნივთი ნატურით ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად კანონიერია 2001წ. 12 მარტს გაცემული სააღსრულებო განკარგულება, რომლის თანახმადაც გ. თ-ამ საკუთრების უფლება მოიპოვა სახლის ნაწილზე. ამასთან მოცემულ შემთხვევაში განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მისი გასაჩივრება დაიშვება ერთი თვის განმავლობაში, მისი მხარისათვის გაცნობის დღიდან, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლისა. ამდენად. 2001წ. 12 მარტის განკარგულების გაცემის შემდგომ გ. თ-აზე, როგორც ახალ მესაკუთრეზე, სახლი გადავიდა თავისუფალ მდგომარეობაში.

სასამართლოს მითითებით, გ. თ-ა და დ. ბ-ე არ წარმოადგენდნენ გ. ბ-ის სოლიდარულ კრედიტორებს, როგორც ამას განსაზღვრავს სკ-ს 455-ე მუხლი, ამიტომ შეუძლებელია გ. თ-ას გააჩნდეს რაიმე ვალდებულება დ. ბ-ის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, 2001წ. 9 მარტის აუქციონის ბათილად ცნობა, გ. თ-ასათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება, ასევე ამავე სასამართლოს 2001წ. 1 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც ყადაღა მოეხსნა გ. ბ-ის სახლს და 2001წ. 25 დეკემბრის განჩინების აღდგენა (რომლითაც ყადაღა დაედო გ. ბ-ის სახლს).

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის სააღსრულებო ბიურო სამართლიანად და კანონის შესაბამისად მოქმედებდა, რადგან დ. ბ-ეს მისთვის არ წარუდგენია არც ვალის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და რაც მთავარია, არც სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც აღმასრულებელს უფლება არ ჰქონდა დაეკმაყოფილებინა მისი ქონებრივი ინტერესი. ამასთანავე, სასამართლოს მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად არ ყოფილა შეჩერებული სააღსრულებო წარმოება, რის გამოც აღმასრულებელი ვალდებული იყო გაეგრძელებინა აღსრულების პროცესი.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, აღმასრულებელი მოქმედებდა კანონის ფარგლებში და არ უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები. ამასთანავე, აპელანტს განემარტა მისი უფლებები, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 32-ე მუხლის თანახმად ყადაღა დადებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში სარჩელი უნდა წარუდგინოს იმ პირს, ვისაც გადაეცა ქონებას. ამიტომ დ. ბ-ეს უფლება აქვს თავისი პრეტენზია წაუყენოს ქონების ახალ მესაკუთრეს გ. თ-ას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 1-ლი აპრილის განჩინების გაუქმება და 2001წ. 25 დეკემბრის განჩინების ძალაში დატოვება, ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 9 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება და გ. თ-ასათვის 2500 აშშ დოლარის და გაწეული ხარჯების გადახდის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინებით დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინება.

2003წ. 21 აპრილს განცხადებით მომართა დ. ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსკ-ს 421-427-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2003წ. 7 მარტის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო და შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. ვინაიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ხოლო ზემდგომ სასამართლოებს შესაბამისი განჩინებებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად აქვთ დატოვებული, ამიტომ სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დადგენილი წესით გადაეგზავნოთ მხარეებს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.