გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3-გ-ად-101-კ-03 17 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული გარიგებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “... კლუბმა” სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: შპს “... კონსულტაციის”, ზუგდიდის რაიონის გამგეობისა და ზუგდიდის რაიონის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 ივლისის ¹94 განკარგულებისა და ზუგდიდის რაიონის საკრებულოს 2002წ. 1 მარტის ¹8 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 ივლისის ¹94 განკარგულებით სახაზინო საწარმო “... კონსულტაციას” უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ზუგდიდში, ... მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 190,4 კვ.მ ფართი.
ზუგდიდის რაიონის საკრებულომ 2002წ. 1 მარტის ¹8 გადაწყვეტილებით თანხმობა განაცხადა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 ივლისის ¹94 განკარგულების საფუძველზე, ზუგდიდში, ... მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 190,4 კვ.მ ფართის უზუფრუქტის ფორმით შპს “... კონსულტაციისთვის” გადაცემის თაობაზე.
მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ შპს “.... კონსულტაციას” აღნიშნული ფართი გადაეცა უკანონოდ, რადგანაც სადავო ფართში 1992 წლიდან ფუნქციონირებდა არარეგისტრირებული კავშირი “... კლუბი”, რომელიც 2000 წელს ზუგდიდის რაიონის სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა როგორც შპს “... კლუბი”.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “... კლუბის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “... კლუბმა”, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით შპს “... კლუბის” სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე; შესაბამისად, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ბ” ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სადავო ფართი კანონიერად გადაეცა ... კონსულტაციას.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 ივლისის ¹94 განკარგულება მიიჩნია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტად, რომლის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება იმავე კოდექსის 218-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შპს “... კლუბმა” შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.
კასატორმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად იმდენად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1999წ. 28 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა შპს “... კონსულტაცია”, რომელიც წარმოადგენს ყოფილი სახაზინო საწარმო “... კონსულტაციის” უფლებამონაცვლეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 1999წ. 27 ივლისს, როდესაც ზუგდიდის რაიონის გამგეობამ გამოსცა ¹94 განკარგულება, “... კონსულტაციის” ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო სახაზინო საწარმო.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის გადაცემის შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 27 მაისის ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება უზუფრუქტის ფორმით კონკურსის გარეშე უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ იურიდიულ პირებს და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან და არ წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ზუგდიდის რაიონის გამგეობამ 1999წ. 27 ივლისის ¹94 განკარგულებით ზუგდიდში, ... მდებარე შენობის 190,4 კვ.მ ფართი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, კონკურსის გარეშე გადასცა კერძო სამართლის იურიდიულ პირს, სახაზინო საწარმო “... კონსულტაციას”, ხოლო ზუგდიდის რაიონის საკრებულომ 2002წ. 1 მარტის ¹8 გადაწყვეტილებით თანხმობა განაცხადა, რომ აღნიშნული ფართი უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ჰქონოდა შპს “... კონსულტაციას”, აღნიშნულით დაირღვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 27 მაისის ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 ივლისის ¹94 განკარგულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. იგი არის ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VY თავით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 ივლისის ¹94 განკარგულების ბათილად ცნობის გამო სარჩელის წარდგენისას არ დარღვეულა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადებისთვის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა, არამედ გამოყენებულ უნდა იქნეს უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა, რომელიც განსაზღვრულია სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ზუგდიდის რაიონის საკრებულოს 2002წ. 1 მარტის ¹8 გადაწყვეტილებაც, ვინაიდან იგი ზუგდიდის რაიონის საკრებულოს მიერ ნების გამოვლენა, თანხმობის მიცემაა, რაც ადმინისტრაციული გარიგების დადებაზე ნების გამოვლენას წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 27 მაისის ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება მიიღო სამართლის ნორმების დარღვევით. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგანაც საქმის გარემოებების დადგენისას სააპელაციო პალატას არ დაურღვევია საპროცესო ნორმები და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს “... კლუბის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება და საქმეზე გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დაკმაყოფილდეს შპს “... კლუბის” სარჩელი;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 ივლისის ¹94 განკარგულება და ზუგდიდის რაიონის საკრებულოს 2002წ. 1 მარტის ¹8 გადაწყვეტილება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.