Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-103-კ-03 14 მაისი, 2003 წ ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002წ. 18 სექტემბერს შ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიმართ და მიუთითა, რომ არის 79 წლის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, დაჯილდოებულია სამამულო ომის დროს მამაცური ბრძოლისათვის წითელი დროშისა და გამარჯვების ორდენით, ამასთან ღებულობს ყოველთვიურად პენსიას 45 ლარის ოდენობით.

როგორც მისთვის გახდა ცნობილი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახების წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, მას დამატებით ეკუთვნის მეორე სახეობის პენსია, რის თაობაზეც მან შესაბამისი წესით მიმართა მოპასუხეს, მაგრამ მიიღო უარი. გამომდინარე აღნიშნულიდან მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს სოცუზრუნველყოფის განყოფილებას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ყოველთვიურად მეორე სახეობის პენსიის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლი ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პირებზე, ვისაც შეუსრულდა 75 წელი და ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები. მოსარჩელე არ წარმოადგენს დიდი სამამულო ომის I და II ჯგუფის ინვალიდს, რის გამოც, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლბის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა შ.ჯ-ის მიერ. აპელანტმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მისი ინვალიდობის მოწმობა და გადაწყვეტილების გამოტანისას მოექცა სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის გავლენის ქვეშ, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის განჩინებით შ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინების მიღებისას ძირითადად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ აპელანტს არ გააჩნდა ომის ინვალიდობის ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი, რაც მის მიერაც იქნა აღიარებული და რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდებოდა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნები.

არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას შ.ჯ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლოსა და სოცუზრუნველყოფის განყოფილების მხრიდან ადგილი აქვს კანონის არასწორ განმარტებას, კერძოდ, მითითებული კანონი, მეორე სახეობის პენსიის მისაღებად, სავალდებულოდ აცხადებს 75 წლის ასაკის მიღწევასა და I და II ჯგუფის ინვალიდობას, კანონი არ შეიცავს მითითებას ომში დაინვალიდების თაობაზე. რის გამოც, კასატორის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს მისი, როგორც ომში მონაწილის უფლებების აშკარა შელახვას, და ითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებსა და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ვერ იქნება დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ითხოვს საპენსიო შეღავათის მასზე გავრცელებას. კანონის მე-60 მუხლი, გამონაკლისის სახით, ითვალისწინებს ორი სახეობის პენსიის დანიშვნას. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომელებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო _ ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ.ჯ-ე არის დიდი სამამულო ომის მონაწილე და 75 წელს გადაცილებული, რითიც ის აკმაყოფილებს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის I და II კრიტერიუმებს, მაგრამ ორი სახეობის პენსიის დანიშვნა-მიღებისათვის აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მე-3 არსებით პირობას – I და II ჯგუფის ომის ინვალიდობას. მართალია მ.ჯ-ეს უვადოდ დადგენილი აქვს ინვალიდობა, მაგრამ აღნიშნულის დადგენა გამოწვეულია საერთო დაავადების გამო და ამდენად, იგი არ არის კანონის I მუხლის “ბ” პუნქტითა და მე-19 მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებული ომის ინვალიდი ანუ კასატორი არ არის სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებული პირი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ.ჯ-ეს სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე რის გამოც, არ არსებობს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის III ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.