გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-104-კ-03 11 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 23 ივლისს გ. თ-მ სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქ. მარტვილში მდებარე კაფე “...ის” კუთვნილი მიწის ნაკვეთად 1720მ2 ფართის არსებობის დადასტურება, მარტვილის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების დასკვნის გაუქმება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, მიწის გამკარგავი კომისიისათვის მისთვის 1720მ2 მიწის ფართის გადაცემის დავალდებულება და საიჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა შემდეგი საფუძვლებით: 2001წ. 16 იანვარს მარტვილის რაიონის სასამართლო აღმასრულებლის მიერ ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა ქ. მარტვილში მდებარე კაფე “...”. მისთვის ცნობილი იყო, რომ ობიექტს ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი 1720მ2 ფართით. მან კაფეზე რიცხული მიწის ნაკვეთის შესაძენად მიმართა მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის შესაბამის სამსახურებს. როგორც მარტვილის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის ...მა ჯ. გ-მა აცნობა, კაფეს ერიცხებოდა 1224მ2 მიწის ფართი. აღნიშნულ საკითხზე მიმართა ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიწის განკარგავ კომისიას, რომელმაც 2001წ. 3 ივლისის წერილით აცნობა, რომ კომისია იხელმძღვანელებდა მთავარი არქიტექტორის დასკვნით. შემდგომში, 2001წ. 9 ივლისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ კაფე “...ის” მიმდებარე ტერიტორიაზე ქ. მარტვილის საკრებულოს 1997წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით მოქალაქე კ. ჯ-სათვის ნება მიეცა სავაჭრო პავლიონის გახსნაზე და გამოეყო კაფეს კუთვნილი მიწის ფართი. საჯარო რეესტრის მონაცემებით 151მ2 ფართი ერიცხება სავაჭრო პავლიონს. ის გარემოება, რომ ობიექტს მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლამდე გამოყოფილი ჰქონდა 1720 მ2 ფართი, დასტურდება კაფეს ყოფილი მესაკუთრის ცნობით, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ცნობით, საიდანაც ჩანს, რომ 2000წ. მდგომარეობით კაფეს ერიცხებოდა 1720მ2 მიწის ფართი, ამ მიწის ფართის გადასახადის გადაუხდელობის გამო იქნა კაფე “...” გატანილი აუქციონზე.
შემდგომში მოსარჩელის მიერ დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ ითხოვა კაფე “...ის” შემძენზე ამ შენობაზე და მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთზე ერთად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, კაფე “...ზე” ადრე სარგებლობაში გადაცემული 2280მ2 მიწის ფართზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, სკ-ს 487-490 მუხლების თანახმად გამყიდველისთვის, მისთვის როგორც მყიდველისთვის უნაკლო ნივთის გადაცემის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის მოტივით.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. თ-სა და ნ. გ-ე-თ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კაფე “...ის” შენობაზე, აგრეთვე ამ შენობის მიერ უშუალოდ დაკავებულ და სასარგებლო მიწის (შენობის ქვეშ მდებარე და ამ შენობის პარამეტრების გათვალისწინებით მისი ექსპლოატაციისათვის აუცილებელი სასარგებლო) ფართზე მიწის გადასახადის და მისი ღირებულების გადახდის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით კაფე “...ის” შემძენ გ. თ-ზე მარტვილის რიონის მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრაციის სამსახურის მიერ გაცემულ იქნეს ზემოაღნიშნული მიწის ფართზე და მასთან უძრავად დაკავშირებული კაფე “...ის” შენობაზე საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; სასარჩელო მოთხოვნა კაფე “...ისათვის” ადრე დადგენილი წესით მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემულ 2280მ2 მიწის ფართზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კაფე “...ის” გარშემო არსებული (სადავო) მიწის ფართის მართვისა და განკარგვის საკითხი გადაწყდეს “სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სასამართლომ გ. თ-სათვის უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობის დაკისრების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ შენობაზე და მის მიერ დაკავებულ და სასარგებლო მიწის ფართზე საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შემდეგ ნივთი-შენობის მიერ დაკავებული და სასარგებლო მიწის ფართი არ იქნება ნაკლის მქონე.
სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელე გ. თ-მ იძულებით აუქციონზე შეიძინა კაფე “...ის” შენობა. აუქციონზე არ გაყიდულა კაფეს ქვეშ და მის გარშემო მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფართი. კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოვალის საკუთრებაში არ არსებული ქონება ვერ გაიყიდებოდა. ამავე დროს დაუშვებელია სახელმწიფო მიწის გასხვისება კონკურსის გარეშე. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურდება კაფესათვის კანონმდებლობის წესით სარგებლობაში სადავო მიწის ფართის გადაცემას. აღნიშნული ვერ იქნა მოპოვებული საჯარო რეესტრში. სკ-ს 1514-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდება ტექბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტის საფუძველზე. ტექბიუროში არ არსებობს სადავო მიწის ფართის მიმაგრების აქტი, ტექნიკური პასპორტი, რაიმე ნახაზი. შენობის ტექ. გეგმის თანახმად მისი ფართი არის 173მ2.
“ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ნიშნავს დადგენილი წესით პირისათვის გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, ხოლო “ვ” ქვეპუნქტის თანახმად მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი არის რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ეს საბუთი გაცემული უნდა იქნეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოების მიერ. რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება სადავო მიწის ფართის კანონით დადგენილი წესით რაიკოოპკავშირისათვის გადაცემასთან დაკავშირებით. სადავო მიწის ფართი რაიკოოპკავშირისათვის მიზომილი არ იყო, ამ ფართზე დაწესებული იყო გადასახადი და დღევანდელი მდგომარეობით სადავო ფართზე განლაგებულ ობიექტებს დაუწესდათ საგადასახადო განაკვეთი, გადამხდელები დაფიქსირებულნი არიან ცალ-ცალკე, კაფე “...ის” საგადასახადო განაკვეთის დადგენა გადადებულია და საგადასახადო სიაში არ არის. საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, ქ. მარტვილის ცენტრში არსებული მრგვალი კაფე-ბარის წინა მიმდებარე სკვერი თავისი ტერიტორიით ერიცხება შპს “მ. კ. ს-ს”. მოსარჩელემ ასევე ვერ წარმოადგინა მიწის პირველადი რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. კაფე “...ის” ყოფილ მოსარგებლეს მიწა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწათსარგებლობის არც ერთი უფლებით მიწა სარგებლობაში არ გადასცემია. ამავე დროს სადავო ფართის ნაწილი მოიცავს აგრეთვე სკვერს, გაზონს, რომელთა განკარგვაც აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნაბართვით არის შესაძლებელი. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კაფე “...ის” ყოფილ მესაკუთრეს-რაიკოოპკავშირის სადავო მიწის ნაკვეთი 2280მ2 ფართით სარგებლობაში დადგენილი წესით არ ჰქონდა გადაცემული, კერძო საკუთრების უფლება მთლიანი მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს ვერ მიენიჭება. კაფე “...ის” შემძენ გ. თ-ზე გაცემულ უნდა იქნეს მხოლოდ კაფეს შენობის ქვეშ მდებარე სასარგებლო (ნორმალური ექსპლოატაციისათვის აუცილებელი) მიწის ფართზე საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რის შემდეგაც ნივთი-შენობა არ იქნება ნაკლის მქონე.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ კ. ჯ-ს საკუთერებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებობს მარტვილის საკრებულოს გადაწყვეტილება, მიწის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, მიწის შერჩევის აქტი. ამავე დროს მარტვილის საკრებულოს 1997წ. 21 ივლისის ¹131 გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია კაფე “...ის” ყოფილ მესაკუთრეს-რაიკოოპკავშირს. მან გაუშვა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ექვსთვიანი ვადა. სკ-ს 198-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
მარტვილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეებმა გ. თ-მ და ნ. გ-ე-თ-მ. მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათ საკუთრებაში გადაცემული კაფე “...სათვის” სადავო მიწის ფართის მიკუთვნება ბორდიურიდან ბორდიურამდე, კ. ჯ-ს სავაჭრო პავლიონითა და სავაჭრო ჯ-ებით დაკავებული მიწის ჩათვლით შემდეგი საფუძვლებით: ქ. მარტვილის საკრებულო არ იყო უფლებამოსილი განეკარგა მიწის საკითხი და გადაეცა კ. ჯ-სათვის, მით უმეტეს, ისეთი მიწა, რომელიც გადაცემული იყო დროებით სარგებლობაში იურდიული პირისათვის-რაიკოოპკავშირისათვის. ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი რაიკოოპკავშირს ჰქონდა გადაცემული, დასტურდება მათ მიერ წარდგენილი ტოპოგრაფიული მსხვილმაშტაბიანი რუქით, რომლის მიხედვითაც კაფეს ეკუთვნოდა 2280მ2 მიწის ფართი. რაიკოოპერატივის თავმჯდომარის დ. ხუნწელიას ჩვენებით დადგენილია, რომ კაფეს ტერიტორიად დაეწერა 1800მ2 მიწის ფართი, საიდანაც 80მ2 გადაეცა კოოპერატივ “პ-ს”, ხოლო კაფეს დარჩა 1720მ2. კასატორების აზრით, ეს გარემოებანი მიუთითებენ და ადასტურებენ, რომ კაფეს ადრე დადგენილი წესით გამოყოფილი ჰქონდა გარკვეული მიწის ფართი. კასატორები ასევე აღნიშნავდნენ, რომ სასამართლო ვალდებული იყო შენობასთან და მის მიერ დაკავებული მიწის ფართთან ერთად მათთვის გადაეცა მის გარშემო არსებული გარკვეული ოდენობის მიწის ფართი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა აპელანტების საჩივარი და უცვლელად დატოვა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნა, რომ გ. თ-მ შეიძინა მხოლოდ კაფე “...ი” მიწის ნაკვეთის გარეშე. კაფე განლაგებულია 173მ2 მიწის ფართზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონზე და აღინიშნა, რომ საქმეში არსებული მარტვილის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის დ. ხუნწელიას მიერ გაცემული ცნობა კაფე “...ის” ბალანსზე 1720მ2 მიწის ფართის არსებობის შესახებ არანაირი დოკუმენტაცია არაა დადასტურებული. საგადასახადო ინსპექციის ცნობა, რომ რაიკოოპერატივს ერიცხება გადასახადი 1720მ2 მიწის ნაკვეთზე 165,1 ლარის ოდენობით, არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ფლობდა აღნიშნულ ფართს. საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კაფე-ბარის წინამდებარე სკვერი ირიცხება კომუნალური საწარმოს ბალანსზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ კ. ჯ-სათვის მიწის გამოყოფის შესახებ მარტვილის საკრებულოს 1997წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება არ არის სარჩელის საგანი. მართალია, დაზუსტებულ სარჩელში ნახსენებია, რომ ქ. მარტვილის საკრებულოს არ ჰქონდა უფლება კ. ჯ-სათვის გამოეყო 150მ2 მიწის ფართი, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნაში იგი დასახელებული არაა. კ. ჯ-სათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა სადავოდ არ გაუხდია რაიკოოპერატივის გამგეობას, ხოლო ის გარემოება, რომ მიწის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება კ. ჯ-ზე ადრე შეიტანა გ. თ-მ, არ ნიშნავდა იმას, რომ 150მ2 მიწის ნაკვეთი მის საკუთრებაში გატარებულიყო, რადგან კ. ჯ-ს ეს ფართი ჯერ კიდევ 1997 წელს ჰქონდა გამოყოფილი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო ფართიდან 150მ2 გამოყოფილი აქვს კ. ჯ-ს, 80მ2-გეგიას, 2000მ2 ეკუთვნის კომუნალურ საწარმოს, 180მ2-კოოპერატივ “პ-ს”. აპელანტები არ ედავებიან კოოპერატივ “პ-ს”, გეგიას და კომუნალურ საწარმოს, ითხოვენ მათთვის 1720მ2 მიწის მიკუთვნებას, რომელშიც შედის ჯ. ჯ-სათვის გამოყოფილი 150მ2 მიწის ფართი. ვინაიდან კ. ჯ-ს სარგებლობაში დადგენილი წესით აქვს გამოყოფილი 150მ2 მიწის ნაკვეთი და ამის საფუძველზე აღრიცხულია მის სახელზე საკუთრების უფლებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს ამ ნაკვეთის მოსარჩელეებზე მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველი. კასატორების მიერ მითითებული გარემოება, რომ კ. ჯ-ს პავლიონსა და კაფეს შორის მანძილი 6 მეტრია და არა სახანძრო უსაფრთხოების წესებით დადგენილი 15 მეტრი, არ წარმოედგენს 150მ2 მიწის ფართის აპელანტებისათვის მიკუთვნების საფუძველს, მით უმეტეს, რომ ეს გარემოება სასარჩელო დავის საგნს არ წარმოადგენდა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აპელანტთა საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. თ-მ და ნ. გ-ე-თ-მ სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახალი განხილვის მიზეზით.
მოწინააღმდეგე მხარეებმა მხარი არ დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. თ-სა და ნ. გ-ე-თ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის მოტივით და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ კასატორებს არ მოუთხოვიათ ქ. მარტვილის საკრებულოს გამგეობის 1997წ. 21 ივლისის ¹131-ე გადაწყვეტილების ბათილობა კ. ჯ-სათვის ქალაქის ცენტრში ... კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე 150მ2 მიწის ფართის გამოყოფის შესახებ. რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სასარჩელო და დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის. კასატორები სააპელაციო საჩივარში, მართალია მიუთითებენ ამ გადაწყვეტილების უკანონობაზე, მაგრამ ფაქტობრივად მხოლოდ როგორც მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე და დავის საგნად არ გაუხდიათ აღნიშნული გარემოება. კასატორები სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც 1720მ2 მიწის ფართის მათთვის მიკუთვნებას და დაკანონებას ითხოვდნენ და ამავე დროს ადასტურებდნენ, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ჩათვალა, რომ კ. ჯ-სათვის გამოყოფილი და მის საკუთრებად აღრიცხული მიწის ნაკვეთის კასატორებისათვის მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარტვილის საკრებულის ეს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია თავად რაიკოოპერატივის გამგეობას, რომლის სარგებლობაში სადავო მიწის არსებობას ამტკიცებენ კასატორები. თუ რაიკოოპერატივი, მიწას მის სარგებლობაში მყოფად თვლიდა, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გაესაჩივრებინა 6 თვის ვადაში, რაც არ გაუკეთებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორებს არ გააჩნიათ კ. ჯ-სათვის გამოყოფილი და მის სახელზე აღრიცხული მიწის ფართის მათთვის მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველი.
“ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი არის დადგენილი წესით ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დამიშნულების მიწის ნაკვეთი, მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გამოყოფილი მიწა არის ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემული მიწა, ხოლო “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით-მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი არის ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მარტვილის რაიონის კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის დ. ხ-სა და მარტვილის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ცნობები, რომ კაფე “...ის” ბალანსზე ერიცხებოდა ამ მიწის ფართი, არ წარმოადგენენ რაიკოოპკავშირისათვის სადავო 1720მ2 მიწის დადგენილი წესით სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს მიერ კასატორების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. სხვა რაიმე მტკიცებულება სადავო მიწის ფართის მარტვილის რაიონის რაიკოოპერატისისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ და საქმის მასალებში არ მოიპოვება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გაზონებისა და სკვერების განკარგვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინება არსებითად სწორია და გ. თ-სა და ნ. გ-ე-თ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების გ. თ-სა და ნ. გ-ე-თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორებს გ. თ-ს და ნ. გ-ე-თ-ს სოლიდარულად გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდეობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.