Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-105-კ-03 14 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საპენსიო დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002წ. 23 სექტემბერს მ. ო-ემ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და წელთა ნამსახურობის პენსიაზე დანამატის დანიშვნა და სასამართლოსგარეშე და სხვა ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ო-ის სარჩელი საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მ. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური საპენსიო დანამატის 30 ლარისა და 33 თეთრის, 2001წ. 1 ნოემბრიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის 363 ლარისა და 96 თეთრის და ადვოკატზე გაწეული ხარჯების _ 120 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ერთ წელზე მეტი მიუღებელი საპენსიო დანამატის მოთხოვნის ნაწილში უარი ეთქვა.

2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სოცუზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მას ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა.

ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მ. ო-ემაც გაასაჩივრა ნაწილობრივ და იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მას 1997წ. იანვრიდან 2002წ. ოქტომბრამდე პენსიის დანამატის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 22 იანვრის ახალი გადაწყვეტილებით სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მ. ო-ეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ამ გადაწყვეტილებით სოცუზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად საპენსიო დანამატის _ 30 ლარისა და 33 თეთრის და 2001წ. 1 ნოემბრიდან მიუღებელი საპენსიო დანამატის _ 363 ლარისა და 96 თეთრის გადახდა დაეკისრა. სასამართლოს მოსაზრებით, პენსიაზე დანამატის მიღების უფლება პირს გააჩნდა არა უმეტეს წინა ერთი წლის პერიოდისა, რის გამოც მ. ო-ის სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აქვე მიიჩნია, რომ ადვოკატის ხარჯების სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის დაკისრება არ გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ო-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას, კასატორმა უარი თქვა საკასაციო საჩივრის იმ ნაწილის განხილვაზე, რომელიც ადვოკატის ხარჯებს შეეხებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება საოლქო სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მოხმობას. მოცემული კანონის 50-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის “ა" პუნქტში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოშობისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა პენსიის მომატების უფლების წარმოშობიდან დროულად ვერ მიმართა სათანადო ორგანოს აღნიშნული პენსიის მისაღებად, მაშინ, მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა უნდა გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ პენსიაზე დანამატის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის მხოლოდ 2001წ. 1 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება;

3. ადვოკატის ხარჯების ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის წარმოება შეწყდეს.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.