Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-112-კ-03 18 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 29 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “კ. ს-მა” და მოითხოვა კონტროლის პალატის 1999წ. 17 დეკემბრის აქტის და კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2000წ. 21 ივნისის ¹6-სხ-ა-1-05/333 წერილის ბათილად ცნობა. 2002წ. 10 ივნისს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და თავისი მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე: კონტროლის პალატის თავმჯდომარის 1999წ. 21 სექტემბრის ¹442-ე ბრძანების შესაბამისად შემოწმდა შპს “კ. ს-ის” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1997წ. 1 იანვრიდან 1999წ. ივნისამდე. 1999წ. 17 დეკემბრის აქტით შპს-ს დამატებით დაერიცხა 1541452,7 ლარი, მათ შორის: სალაროში გამოვლენილ დანაკლისის თანხის სახით 112147,6 ლარი (56073,8 ლარი _ ძირითადი თანხა, 56073,8 ლარი _ სანქცია), მოგების გადასახადის სახით – 716660 ლარი (ძირითადი თანხა _ 367999,7 ლარი, სანქცია-საურავი _ 348660,3 ლარი) დღგ-ს სახით 712645,3 ლარი, (ძირითადი _ 365928,2 ლარი, სანქცია-საურავი _ 346717,1 ლარი).

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ კონტროლის პალატა “კონტროლოს პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაარიცხოს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხები, აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ საგადასახადო ორგანოებს. საგადასახადო კოდექსი, მართალია ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსით მინიჭებული უფლებების გადაცემას სხვა ორგანოებზე, მაგრამ კონტროლის პალატაზე ასეთი უფლებამოსილება გადაცემული არ არის, მან გადაამეტა მისი კომპეტენციის ფარგლებს. კონტროლის პალატას თუნდაც ჰქონოდა უფლება თანხების დარიცხვისა ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული თანხების დარიცხვის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, რადგან:

ა) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თხევადი გაზის კრედიტორიული დავალიანების დასაფარავად ე. ო-ის მიერ გატანილი თანხების გასავლის ორდერების რეკვიზიტების სრულად შეუვსებლობის გამო საწარმოსაგან 112147,6 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღება უკანონოა, “საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ” ეროვნული ბანკის 1996წ. 20 დეკემბრის ¹52 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 3.5 მუხლის შესაბამისად სალაროდან ფულის გაცემა სალაროს გასავლის ორდერში ან მის შემცვლელ საბუთებში მიმღების ხელმოწერის გარეშე სალაროში ფულის ნაშთის არარსებობის გასამართლებლად არ მიიღება. ეს თანხა ჩაითვლება დანაკლისად და ამოიღება მოლარისაგან ორმაგი ოდენობით. ამავე დროს ეს დებულება გაუქმებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹328-ე ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, რომლითაც პასუხისმგებლობა განსაზღვრული არ არის.

ბ) “ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, თხევად გაზზე არ ვრცელდება სახელმწიფო რეგულირებადი ფასები და მისი რეალიზაცია ხდება თავისუფალი საბაზრო ფასებით. შპს “ს-ი” და მისი ფილიალები არიან თხევადი გაზის უშუალო იმპორტიორები და საბითუმო რეალიზატორები და ისინი პროდუქციას ყიდიან საბითუმო ფასებში. შესაბამისად არ არის სწორი შემოწმების აქტში აღნიშნული გარემოება, რომ მოსარჩელე თხევად გაზს რეალიზაციას უკეთებდა საბაზრო ფასთან შედარებით შემცირებული სახით და ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდა მოგების გადასახადის სახით 716660 ლარი, დღგ-ს სახით _ 712645,3 ლარი. შემმოწმებლების მიერ თხევადი გაზის სარეალიზაციო საბითუმო საბაზრო ფასი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის 1-5 ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით, მათ არ იხელმძღვანელეს “საქონლის (სამუშაოს, მომსახურებით) საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ” ეკონომიკის მინისტრის 1997წ. 18 სექტემბრის ¹71-ე ბრძანებით.

გ) მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ შემოწმების აქტით არასწორად დაერიცხა მოგების გადასახადი და საჯარიმო სანქციები 1998წ. მოგების 13000 ლარით შემცირებისთვის, რადგან ბანკის პროცენტისა და მოსამსახურეებზე გაწეული ხარჯები სწორად მას უნდა გაეწია და შესაბამისად ისინი განეკუთვნებიან საწარმოს ხარჯებს და მოგების გადასახადი შემცირებული არ ყოფილა.

ამავე დროს მოსარჩელე თვლიდა, რომ სარჩელი წარმოდგენილი იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადებში და იგი დასაშვებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

მოპასუხემ, კონტროლის პალატამ სარჩელი მიიჩნია დაუშვებლად და უსაფუძვლოდ და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “კ. “ს-ის” სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი კონტროლის პალატის 1999წ. 17 დეკემბრის შემოწმების აქტი და კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2000წ. 21 ივნისის ¹6-სხ-ა-1-05/333 მიწერილობა.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი დასაშვები იყო, რადგან მას შემდეგ, რაც “საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ” 2001წ. 26 ოქტომბრის საქართველოს კანონით მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტს დაემატა წინადადება: “აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი”, მოსარჩელეს წარმოეშვა კონტროლის პალატის შემოწმების აქტის სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ კონტროლის პალატის შემოწმების საგანი გახდა კერძო სასამართლოს იურიდიული პირის, მეწარმე სუბიექტის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა, რაც კონტროლის პალატის კომპეტენციას არ წარმოადგენდა. მოსარჩელის მიერ არ არის განხორციელებული “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად კონტროლის პალატის უფლებამოსილებას მიკუთვნებული არც ერთი საქმიანობა. კერძოდ, მას არ გადაურიცხავს და არ გამოუყენებია საბიუჯეტო და სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხები. მოსარჩელის საქმიანობა არ უკავშირდება რაიმე ფორმით სახელმწიფო საკუთრების გამოყენებას ან მის მართვას, რადგან მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ კერძო სამართლის სუბიექტის საწესდებო კაპიტალში ჩაიდო მისი ქონება და იგი უკვე ამ საწარმოს და არა სახელმწიფოს საკუთრება გახდა. შესაბამისად, კონტროლის პალატამ განახორციელა შპს “ს-ის” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, რითაც გადაამეტა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამავე დროს კონტროლის პალატამ განახორციელა ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, სათანადო გამოკვლევის გარეშე დადგენილად ჩათვალა თხევადი გაზის საბაზრო საბითუმო ფასი, რაც ასევე მის კომპეტენციაში არ შედის. კოლეგიამ ასევე მიიჩნია, რომ კონტროლის პალატის მიერ არასწორად მოხდა მოსარჩელისათვის სალაროს დანაკლისის გაორმაგებული რაოდენობით დარიცხვა, რადგან თავად შემმოწმებელთა მიერ გამოყენებული ნორმატიული აქტის _ “საწარმოში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ” ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1996წ. 20 დეკემბრის ¹52 ბრძენებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად, დანაკლისი თანხის ამოღება უნდა მოხდეს მოლარისაგან. შესაბამისად, სალაროს დანაკლისის გაორმაგებული ოდენობით 112147,6 ლარის დარიცხვა ეწინააღმდეგება მითითებულ ნორმატიულ აქტს.

სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კონტროლის პალატამ შემდეგი საფუძვლებით:

კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მიერ გაშვებული იყო შემოწმების აქტის გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლითა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი ვადები. სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლი და “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, 82-ე მუხლები.

კასატორი თვლის, რომ მას შპს “ს-ში” ფასებისა და ფასწარმოქმნის საკითხი არ შეუმოწმებია, მან ბუღალტრულ დოკუმენტებზე და მასში შემავალი ორგანიზაციებიდან მიღებულ საბუთებზე დაყრდნობით, საგადახადო კოდექსის 27-ე, 80-ე, 252-ე, 254-ე მუხლებზე დაყრდნობით გამოავლინა ის გადასახადები, რომელიც დააკლო მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტს.

რაც შეეხება სალაროს დანაკლისს, შემოწმების პროცესში ე. ო-ის აღიარება სადავო თანხის შესახებ ვერ იქნებოდა გათვალიწინებული, რადგან იგი წარდგენილ იქნა 2001წ. 26 ივნისს, შემოწმებიდან წელიწადნახევრის შემდეგ.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს “ს-მა” კონტროლის პალატის შემოწმების აქტით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილი თანხის ნაწილი, კერძოდ, 9490 ლარი ჩარიცხა შესაბამის ბიუჯეტში, რითაც ფაქტობრივად აღიარა აქტში დაფიქსირებული დარღვევები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდგომ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ეთანხმება სასამართლო კოლეგიას და თვლის, რომ “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ” 2001წ. 26 ოქტომბრის საქართველოს კანონით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტისთვის წინადადების, “აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი” დამატების შემდეგ შპს “კ. ს-ს” წარმოეშვა კონტროლის პალატის შემოწმების აქტის გასაჩივრების უფლება და სარჩელი კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სასამართლოში.

ამავე დროს საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის მე-7 და მე-8 მუხლები. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კოლეგიის მოსაზრებას, რომ შპს “კ. ს-ის” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება კონტროლის პალატის კომპეტენციას არ წარმოადგენდა და იგი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს. “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობა მხოლოდ ამ ნაწილში, რომლითაც დაკავშირებულია ... რაიმე ფორმით სახელმწიფო საკუთრების გამოყენებასთან ან მის მართვასთან. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის დამფუძნებელია სახელმწიფო, 100%-იანი წილით, რომელმაც შპს-ს საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს კუთვნილი ქონება ჩადო. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ის გარემოება, როდესაც სახელმწიფოს კუთვნილ ქონების გამოყენება ხდება კერძო სასამართლოს იურდიული პირის მიერ, რაც მთლიანად შეესაბამება მითითებული მუხლის შინაარსსა და მოითხოვნებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონტროლის პალატას ჰქონდა უფლება შეემოწმებინა მოსარჩელის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობა და იგი არ გასცდენია თავისი უფლლებამოსილების ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ კონტროლის პალატამ აწარმოა ფასებისა და ფასწარმოქმნის კონტროლი და დაადგინა თხევადი გაზის საბაზრო საბითუმო ფასი, რადგან შემოწმების აქტში მითითებულია, რომ პროდუქცია რეალიზებულია შპს-ს მიერ შემცირებულ ფასებში და საბაზრო ფასად აღებულია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგნილ ცნობაში მითითებული ფასი. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძვლად იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არსებითად უნდა იმსჯელოს მთლიანობაში აქტისა და შპს-თვის მოგებისა გადასახადისა და დღგ-ს დარიცხვის კანონიერების თაობაზე რატომ არის კანონსაწინააღმდეგო და არ შეესაბამება კანონმდებლობას შპს “კ. ს-ისათვის” ამ გადასახადების დარიცხვა სანქცია-საურავებით და მის საფუძველზე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმაოდ არის დასაბუთებული. აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე,404-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.