Facebook Twitter

3გ-ად-113-კ-03 2 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სახელმწიფო მეტროლოგიურ კონტროლსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებული გაზომვის საშუალებების დამოწმების უფლების გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 1 თებერვალს შპს “მ.-მ” თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001წ. 27 სექტემბრის ბრძანების, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001წ. 17 სექტემბრის დადგენილებისა და 2001წ. 28 ივლისით დათარიღებული საქსტანდარტის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

2002წ. 16 ოქტომბერს შპს “მ.-ის” წარმომადგენელმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა და კონტროლის პალატის 2001წ. 28 ივლისით დათარიღებული “საქსტანდარტის” შემოწმების აქტის შემდეგი ჩანაწერების: 43-ე გვერდის პირველი აბზაცი, 52-ე გვერდის ბოლო სამი აბზაცის, 53-ე გვერდის მე-3 აბზაცის პირველი წინადადების ბათილად ცნობა და ამორიცხვა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001წ. 17 სექტემბრის ¹11/1 დადგენილების შემდეგი ჩანაწერების: მე-2 გვერდის ბოლო აბზაცის, მე-3 გვერდის მე-2 აბზაცის პირველი წინადადების, მე-4 გვერდის პირველი, მე-3 და მე-4 აბზაცების ბათილად ცნობა და ამორიცხვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

2001წ. 6 თებერვალს “საქსტანდარტის” მიერ მეტროლოგიური სამსახურის აკრედიტაციის ატესტატი გაიცა, რომლითაც ოფიციალურად დადასტურდა შპს “მ.-ის” კანონიერი უფლება, განეხორციელებინა გაზომვათა საშუალებების დამოწმების სამუშაოები. აღნიშნული უფლება, მოსარჩელის განმარტებით, მან მიიღო “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების, “საქსტანდარტის” დებულების მე-3 თავის მე-8 პუნქტის “თ ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტის “გაზომვათა საშუალებების დამოწმების უფლებაზე იურიდიული პირების მეტროლოგიური სამსახურების აკრედიტაციის ჩატარების წესის” მე-4 თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

“საქსტანდარტის” 2001წ. 29 ნოემბრის ¹169 ბრძანებით მას გამზომის საშუალებების დამოწმების სამუშაოების ჩატარების უფლებამოსილება შეუჩერდა, რასაც საფუძვლად კონტროლის პალატის 2001წ. 28 ივლისის შემოწმების აქტი და პრეზიდიუმის 2001წ. 17 სექტემბრის დადგენილება დაედო.

მოსარჩელის მოსაზრებით, კონტროლის პალატის რევიზორებს შემოწმება კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001წ. 29 მაისის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა, რომელიც შპს “მ.-ის” მიერ მრიცხველების დამოწმების სისწორეს და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების შესწავლასა და გაანალიზებას არ ითვალისწინებდა.

კონტროლის პალატის 2001წ. 28 ივლისის აქტის 52-ე გვერდის მე-3 აბზაცში მითითებულია, რომ მოსარჩელეს – შპს “მ.-ს” 2001წ. 2 თვეში (მარტი, აპრილი) დასამოწმებლად მიღებული ჰქონდა 24828 ცალი ერთფაზა ელექტრომრიცხველი, რომელთა შემოწმებას ორი თანამშრომელი აწარმოებდა, რომლებიც ამ დროის მონაკვეთში ამ რაოდენობის მრიცხველების შემოწმებას ტექნიკურად ვერ შეძლებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის სამუშაოებს არა ორი, არამედ 14 თანამშომელი ასრულებდა, რომელთაგან მხოლოდ ორს ჰქონდა დამოწმების უფლება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტით საეჭვოდ მიჩნეული დიდი რაოდენობით მრიცხველების შემოწმება არა ორი, არამედ ცხრა თანამშრომლის მიერ წარმოებდა. ამასთან, დამმოწმებლის წოდების არმქონე თანამშრომლებიც მაღალი კვალიფიკაციის მეტროლოგები იყვნენ.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ აქტში მითითებული ის ფაქტი, რომ “საქსტანდარტის” მიერ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე კანონის უხეში დარღვევით იყო გადაცემული სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციები, რითაც თითქოსდა შპს “მ.-ის” მხრიდან სახელმწიფოს 41800 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან ბიუჯეტის შემოსავლების დათვლისას კონტროლის პალატას მხედველობიდან გამორჩა ამ შემოსავლების მისაღებად ჩასატარებელი დამოწმების სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები და ის, რომ “საქსტანდარტს” ამ სამუშაოების განხორციელებისას თანხები ჯერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაეხარჯა და ამის შემდეგ შეეძლო მიეღო შემოსავლები იგივე ოდენობით, ყოველგვარი მოგების გარეშე.

მოპასუხე კონტროლის პალატის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებულ აქტებს მოსარჩელისათვის არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიუყენებია და არც უკანონოდ შეუზღუდავს მისი უფლებები.

მესამე პირმა “საქსტანდარტის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ “საქსტანდარტს” თავისი სამართლებრივი სტატუსით ჰქონდა აკრედიტაციის ატესტატის გაცემის უფლება, თუმცა აკრედიტაციის გაცემის უფლება კანონის შესაბამისად უნდა მომხდარიყო, რაც მათ მიერ არ განხორციელდა და რასაც შემდგომ მაკონტროლებელი ორგანოს კანონიერი გადაწყვეტილება მოჰყვა.

ყოველივე ამის შემდეგ, “საქსტანდარტმა” თავისი შეცდომა გამოასწორა და აკრედიტაციის ატესტატის მოქმედება შეაჩერა, რაც სრულებით კანონიერი იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინსტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სახელმწიფო მეტროლოგიურ კონტროლსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფუნქციების კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირებისათვის გადაცემის კანონიერების თაობაზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებამ, “საქსტანდარტმა” გადასცა სხვა არასახელმწიფო კომერციულ დაწესებულებას უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება და რომელთა გადაცემის უფლება მას კანონით არ ჰქონდა. კერძოდ, “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. 6 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქსტანდარტის გადაწყვეტილებით გაზომვის საშუალებების დამოწმების უფლება შეიძლება მიეცეთ იურიდიული პირების აკრედიტირებულ მეტროლოგიურ სამსახურებს, რომელთა საქმიანობა განისაზღვრება გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის ნორმატიული დოკუმენტებით და მოქმედი კანონმდებლობით.

მითითებული კანონის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლო კოლეგია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გაზომვათა საშუალებების დამოწმება, რომლებზედაც სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლი და ზედამხედველობა ვრცელდება, მხოლოდ საქსტანდარტის მიერ უნდა განხორციელდეს. ცალკეული იურიდიული პირების მეტროლოგიური სამსახურები მეტროლოგიურ სამუშაოებს მხოლოდ თავიანთ საწარმოში ახორიცლებენ და არა სხვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტები საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “მ.-მა” იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-15 მუხლი, რომლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულია დამოწმების უფლების გადაცემა იურიდიულ პირთა მეტროლოგიური სამსახურებისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “მ.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. 6 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლში ჩამოთვლილია განსაზღვრული სფეროები, რომლებზეც სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლი და ზედამხედველობა ვრცელდება. აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაზომვის საშუალებები, რომლებზეც ვრცელდება სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლი და ზედამხედველობა ექვემდებარება საქსტანდარტის მიერ დამოწმებას მათი წარმოებიდან და შეკეთებიდან გამოშვების, იმპორტით შემოტანისა და გამოყენებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქსტანდარტის გადაწყვეტილებით, გაზომვის საშუალებების დამოწმების უფლება შეიძლება მიეცეთ იურიდიული პირების აკრედიტებულ მეტროლოგიურ სამსახურებს, რომელთა საქმიანობა განისაზღვრება გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის ნორმატიული დოკუმენტებით და მოქმედი კანონმდებლობით.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ “გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გაზომვის საშუალებების დამოწმება, რომლებზედაც სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლი და ზედამხედველობა ვრცელდება, მხოლოდ საქსტანდარტის მიერ ხორციელდება და იგი არ შეიძლება გადაეცეს კერძო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტირებულ მეტროლოგიურ სამსახურებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ხოლო გაზომვის საშუალებების დამოწმება, რომლებზედაც არ ვრცელდება სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლი და ზედამხედველობა საქსტანდარტის გადაწყვეტილებით, შეიძლება მიეცეთ კერძო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტებულ მეტროლოგიურ სამსახურებს.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმიანობის იმ სფეროზე, რომელზედაც კასატორს გაზომვის საშუალებების დამოწმების უფლება გადაეცა, სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლი და ზედამხედველობა ვრცელდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიამ მართებულად მიიჩნია, რომ კასატორის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე უხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “მ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.