3გ-ად-115-კ-03 2 ივლისი, 2003 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 მარტს შპს “ა.-მ” სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 15 ნოემბრის ¹1-3/735 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც შეწყდა შპს “ა.-სა” და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელისათვის სს თამბაქოს ფაბრიკა “ქ.-ის” აქციათა საკონტროლო პაკეტის გადაცემის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2002წ. 30 იანვრის განჩინებით, ბაჟის გადაუხდელობის გამო, სარჩელი დარჩა უმოძრაოდ და მოსარჩელეს ხარვ.- შესავსებად მიეცა ვადა.
იმავე სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ა.-ის” შუამდგომლობა ბაჟის განაწილვადების შესახებ და შეჩერდა გასაჩივრებული ბრძანების მოქმედება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ა.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანება ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ორმხრივი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმას წარმოადგენდა და მასზე სკ-ს მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო. კერძოდ, სკ-ს 405-ე მუხლის თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მხარე უფლებამოსილია დამატებითი ვადის ან გაფრთხილების უშედეგოდ გასვლის შემდეგ ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ რადგან შპს “ა.-მა” ვერ განახორციელა 2 მილიონიანი ინვესტიცია, როგორც ეს მას ნაკისრი ჰქონდა ხელშეკრულებით, ამით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო უფლებამოსილი შეიქნა ცალმხრივად მოეშალა დადებული ხელშეკრულება.
ხსენებული გადაწყვეტილება შპს “ა.-მა” საკასაციო წესით გაასაჩივრა და თვლის, რომ გასაჩივრებული აქტი არა ხელშეკრულების მოშლის თაობაზე ნების გამოვლენას, არამედ ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს და მასზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს.
კასატორს ასევე უსამართლოდ მიაჩნია მისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 3500 ლარის დაკისრება და განმარტავს, რომ თუ გასაჩივრებული აქტი არა ადმინისტრაციული აქტს, არამედ სკ-ით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შეწყვეტას წარმოადგენს, მაშინ მას ნაცვლად მითითებული თანხისა, 30 ლარიანი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაკისრებოდა.
საბოლოოდ კასატორმა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადახდის გადადება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “ა.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 15 ოქტომბრის ¹1-3/735 ბრძანებით გაუქმდა მასსა და შპს “ა.-ს” შორის 1999წ. 6 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელისათვის სს თამბაქოს ფაბრიკა “ქ.-ის” აქციათა 50,5 %-ის გადაცემის თაობაზე იმ მოტივით, რომ შპს “ა.-მა” ხელშეკრულების პირობა – 2 მილიონ აშშ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელების თაობაზე ვერ შეასრულა, აღნიშნული თანხის შემცირებაზე კი მან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან უარი მიიღო.
საკასაციო სასამართლო ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით, სრულად იზიარებს და ეთანხმება სასამართლო კოლეგიას იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანება ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
სასამართლოს მოსაზრებით, 2001წ. 15 ოქტომბრის სადავო ბრძანების გამოცემისას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მხრიდან თავისი ფუნქციების ადმინისტრირება არ მომხდარა და გასაჩივრებული ბრძანება არც ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისადაა გამოცემული. მოცემული ბრძანება წარმოადგენს ერთ-ერთი მხარის მიერ ორმხრივი ხელშეკრულების მოშლას, ცალმხრივი ნების გამოვლენას და იგი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იქნეს მორეგულირებული.
საკასაციო სასამართლოს აქვე მართებულად მიაჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ დავის გადაწყვეტისას სკ-ს 405-ე მუხლის მოხმობა და განმარტავს, რომ მოცემული ნორმის თანახმად, ორმხრივი ხელშეკრულების მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შეუსრულებლობისას, თუ უშედეგოდ გავიდა დამატებით განსაზღვრული ვადა ან გაფრთხილება, ამასთან, თუ დანარჩენი ნაწილის შესრულებამ მხარისათვის ინტერესი დაკარგა.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 1999წ. 6 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, “მყიდველი” (შპს “ა.-ი”) ვალდებული იყო ორი წლის განმავლობაში თანაბარპროპორციულად განეხორციელებინა არანაკლებ 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები (რეინვესტიციების ჩათვლით), თამბაქოს ადგილობრივი ნედლეულის წარმოების რეაბილიტაციის, საწარმოს ტექნიკური გადაიარაღებისა და კაპიტალური რემონტისათვის. ხელშეკრულების აღნიშნული პირობა კასატორს არ შეუსრულებია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ დავაზე მართებულად გავრცელდა სკ-ს 405-ე მუხლის დებულებები და სადავო ხელშეკრულება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იქნა მოშლილი.
საკასაციო სასამართლო აქვე მხარეთა და სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, შპს “ა.-ს” ნაცვლად 2 მილიონი დოლარისა რეალურად 500000-იანი ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული, მაგრამ მოსარჩელეს 1999წ. 6 ივნისის ნასყიდობის ხელშეკულების გაუქმების შემთხვევაში აღნიშნული თანხის კომპენსაციის საკითხი არ დაუყენებია, ამდენად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სარჩელის საგანს და იმსჯელოს იმაზე, რაც მხარეს არ მოუთხოვია.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ა.-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ა.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.